“ქართული ოცნება” მალე თავისიანების დაჭერას დაიწყებს”

“ქართული ოცნება” მალე თავისიანების დაჭერას დაიწყებს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
”ახალი თაობის” კითხვებს გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.
გურამ ჩალაგაშვილი:
– ამ ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობა საერთოდ არ აინტერესებს, არც აინტერესებდა არასოდეს. მისთვის მთავარი ამოცანაა, რომ საკუთარი ჯიბეები კარგად გაისქელოს. პირდაპირ და ღიად ასრულებენ მოსკოვის დავალებებს. რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა უპატაკა პუტინს, რომ საქართველოში ფრიალებს რუსული წითელი დროშა.
– ეს რაში გამოიხატება?
– ეს ყველაფერი მან დაადასტურა პირდაპირ რუსეთიდან გამოგზავნილი გახარიას გაპრემიერებით და პირველ კაცად ქცევით. დასავლეთი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოზე დიდი დოზით იგრძნობა რუსული გავლენა. იმას, რაც ირმა ინაშვილმა გაბედა, საკუთარი ინიციატივით ვერ გაბედავდა. მან ეს დავალება “ოცნებისგან” მიიღო. მან ამით უთხრა იქ შეკრებილ საზოგადოებას, რომ ჩვენ აღარ გვინდა დასავლეთი, ჩვენი პატრონი არის “დედა რუსეთი.” ეს ყველაფერი ინაშვილს ათქმევინეს, ჯერ ასე ღიად თვითონ ვერ ამბობენ.
– შეეცდება “ოცნება”, მესამე ვადით დარჩეს ხელისუფლებაში?
– რა თქმა უნდა, მისი მიზანი სწორედ ესაა. 2019 წლის ბოლო და 2020 დაძაბული იქნება. გვექნება მძიმე შემოდგობა და კიდევ უფრო მძიმე და დაძაბული გაზაფხული. ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება ხელისუფლებაში დარჩენას, მაგრამ მე არ მგონია რომ თუნდაც უკიდურესად გაჭირვებულმა ადამაინებმა იგივე შეცდომა გაიმეორონ და 20 ლარის, ან თუნდაც 40-ის სანაცვლოდ კვლავ “ოცნება” შემოხაზონ.
საზოგადოებამ დღეს იმაზე უნდა იფიქროს, მშვიდობიანი გზით როგორ გაუშვას ეს ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე. თუ ეს არ მოხდა, ქვეყანა უმძიმეს სიტუაციაში ჩავარდება.
– ახალ ძალებს პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლის საშუალებას არ აძლევენ. პრობლემები შეუქმნეს მამუკა ხაზარაძეს და სხვებსაც. ამ სიტუაციაში რისი იმედი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, ოპოზიციას?
– რა თქმა უნდა, პრობლემები შეუქმნეს მამუკა ხაზარაძეს, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ვისაც შეუქმნეს, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება – “გამარჯვებული საქართველო”. მის ლიდერს მოკიდეს ხელი და ჩასვეს ციხეში და ამითი მოიშორეს ოქრუაშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი.
“ქართული ოცნება” ყველფერს აკეთებს იმისთვის, რომ მხოლოდ ნაცმოძრაობა ახსენოს. ისინი ამბობენ, რომ ყველა ერთია და ყველას ნაციონალებს ეძახიან. მათ არ სურთ ახალი პოლიტიკური ლიდერები, ახალი სახეები, ვისაც შეუძლია, ქვეყნისთვის კარგი გააკეთოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გააგრძელებენ დაჭერებს.
– ელოდებით რეპრესიების ახალ ტალღას?
– რა თქმა უნდა, ველოდები. ხელისიფლება მალე დაიწყებს ჯერ თავისიანების დაჭერას, განსაკუთრებით მათ მიადგებიან, ვინც ძალიან ბევრი ჭამა ბიუჯეტიდან, რათა ხალხს დაანახონ, რომ თავისიანებსაც არ ინდობენ, მარტო ოპოზიციას კი არ დასდევენ.
ამასობაში მათთან ერთად მიაყოლებენ დარჩენილი ოპოზიციურ ლიდერებსაც. არავის დაინდობენ, ვისაც კი ოდნავ ფეხი გადაუბრუნდება. შეეცდებიან, რომ პოლიტიკური ველი მთლიანად მოასუფთავონ, რომ რაც შეიძლება კომფორტულად ჩაატარონ არჩევნები. თუმცა ეს ნამდვილად არ გამოუვათ! შეუძლებელია, ყველა ადამიანი, ვინც ამ მთავრობის წინააღმდეგია და განსხვავებულად ფიქრობს, ციხეში გამოკეტო.
– საკუთარი გუნდიდან ვის უპირებენ დაჭერას?
– აქ პოლიტიკურ ლიდერებზე არ არის საუბარი, აქ საუბარია შედარებით დაბალი რანგის პირებზე. უფრო მეორეხარისხოვანი თანამდებობის პირებზე. ეს დაჭერები აუცილებლად იქნება. როგორც ვიცი, კალაძესა და ივანიშვილს შორისაც აიმღვრა წყალი.
– რატომ, ვერ აკონტროლებს ივანიშვილი კალაძეს?
– როგორც ჩანს, ვერა. კალაძე “ოცნების” მთავრობაში რეიტინგით ყველაზე მაღლა დგას, აქვს ფინანსური საშუალებები საკმაოდ ბევრი და შიშობს ივანიშვილი, რომ კალაძემ მას რაიმე პრობლემა არ შეუქმნას. ივანიშვილი შეეცდება, რომ კალაძეს კომპრომატები დაუდოს და მადა დაუოკოს.
– გახარიას რამდენად გააკონტროლებს? ისიც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
– გახარიას გაკონტროლება საკმაოდ გაუჭირდება. პლიუს ამას, გახარიას მოუწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელთა დიდი სურვილი თავადაც არ ექნება. რაღაცნაირად შეეცდება, რომ მის დედაპარტიას, “ქართულ ოცნებას”, რაღაცნაირად ნამუსი ჩამოწმინდოს და რეიტინგი აუმაღლოს. თუმცა რაც არ უნდა გააკეთოს გახარიამ, ეს შეუძლებლად მიმაჩნია. როგორც მიცვალებულს ბალზამი ვერ გააცოცხლებს, ისე “ოცნებას” არაფერი ეშველება.
– დასრულდება 2020-ში “ოცნების” მმართველობა?
– “ოცნება” თავისით არსად არ წავა, ის ჩვენ უნდა გავუშვათ!