ქართველი მეცნიერი ალექსანდრე სამბელაშვილი აშშ-ში მოკლეს – დაკავებულია ერიკ კრავჩუკი

ქართველი მეცნიერი ალექსანდრე სამბელაშვილი აშშ-ში მოკლეს - დაკავებულია ერიკ კრავჩუკიმედტრონიკის მეცნიერ-გამომგონებელი, რომელიც ივლისში მინეაპოლისის ცენტრში ნაცემი იპოვეს, მიღებული ტრავმების გამო რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

42 წლის ალექსანდრე სამბელაშვილი 23 აგვისტოს გარდაიცვალა, თუმცა ცნობა ამის შესახებ მოგვიანებით გავრცელდა, მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია, რომელიც ხუთშაბათს დააკავეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამბელაშვილი უგონო მდგომარეობაში 28 ივლისს ღამით იპოვეს მე-5 ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში. სამართალდამცავების თქმით, ის გადაყვანილ იქნა უახლოეს საავადმყოფოში, სადაც მას თავის ტრავმაზე მკურნალობდნენ.

რა მოტივით დაესხა თავს კრავჩუკი სამბელაშვილს, უცნობია.

როგორც გამოძიება ვიდეოკამერების ჩანაწერებზე დაყრდნობით აცხადებს, სამბელაშვილი კლუბში ადგილობრივი დროით 1:30-ზე შედის და კრავჩუკისკენ მიემართება, რაიმე კამათი ან კონფლიქტი არ ჩანს, როდესაც ის კრავჩუკს უახლოვდება, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მას თავში თავით ძლიერად ურტყამს, რის გამოც სამბელაშვილი გონებას კარგავს, უკან ეცემა და თავს ამჯერად იატაკზეც არტყამს.

მიღებული მძიმე ტრავმების გამო სამბელაშვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იყო.

წარმოშობით ქართველი სამბელაშვილი მინესოტას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ბიოსამედიცინო ინჟინერიაში კი დოქტორის ხარისხი ოჰაიოს უნივერსიტეტში მიიღო. ის იყო 17 რეცენზირებული სტატიის ავტორია და შეტანილი აქვს 25-ზე მეტი პატენტი.

ასევე მან შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც გახდა საკვანძო ფუნქცია გულის რიტმის თერაპიისთვის მედტრონიკის პროდუქტებში და გულის უკმარისობის მქონე ასეულობით ათას პაციენტს სრულფასოვან ცხოვრებაში დაეხმარა.

სამბელაშვილს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

იმ შემთხვევაში. თუ კრავჩუკს ბრალი დაუმტკიცდება, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნიუპოსტი