“რძალს 100 ლარი ვთხოვე, არ მომცა და ტაბურეტი თავში ჩავარტყი” – გულნარა პივაზის მკვლელობაში ბრალდებულ ისე ამარიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

"რძალს 100 ლარი ვთხოვე, არ მომცა და ტაბურეტი თავში ჩავარტყი" - გულნარა პივაზის მკვლელობაში ბრალდებულ ისე ამარიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა62 წლის გულნარა პივაზის მკვლელობაში ბრალდებულ მაზლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. შუამდგომლობას ბრალდების მხარე მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფუძვლებით ასაბუთებდა.

როგორც პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განმარტა, ბრალდებულმა ისე ამარიანმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მან 62 წლის ქალს კისრის არეში 4 ჭრილობა მიაყენა, ასევე ჭრილობები მიაყენა გულ-მკერდის არეში და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

100 ლარის გამო მოკალით ორი შვილის დედა? – ასე მიმართა ისე ამარიანს მოსამართლე რომან ხორავამ.

მოსამართლე მკვლელობის მოტივით დაინტერესდა და შესაბამისი კითხვით ბრალდებულს მიმართა.

„მე მაინტერესებს მოტივი, რატომ ჩაიდინეთ დანაშაული. ორი შვილის დედა 100 ლარის გამო მოკალით?” – აღნიშნა მოსამართლემ.

მოსამართლის კითხვაზე ბრალდებულს პასუხი არ გაუცია.

როგორც kvirispalitra.ge წერს, თავად მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახლიდან ფული და 800 გრამამდე ოქროა წაღებული.

„ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ის ძალიან განიცდის მომხდარს. უჭირს საუბარი და ამბობს, ვერ ამიხსნია, რატომ მოვკალიო. მისი თქმით, ძმის სახლში იმ დილით ფულის სასესხებლად მივიდა, ამბობს, რძალს 100 ლარი ვთხოვე, მაგრამ არ მომცა, უცებ რა დამემართა, არ ვიცი, ტაბურეტი ავიღე და თავში ჩავარტყიო. ვერ ვხსნი მომხდარსო“, – აცხადებს ადვოკატი გიორგი მდინარაძე.

„ამ ეტაპზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან დათრგუნულია და ბოლომდე არ იხსნება. ცოტა გონზეა მოსასვლელი. დღეს პოზიციაც კი ვერ დავაფიქსირეთ სასამართლოზე ფაქტობრივად, ჩემი არაერთი შეთავაზების მიუხედავად, რომ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება შეგვეთავაზებინა. ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი აქედან გამომდინარე, რომ სხვა აღკვეთის ღონისძიება იქნებოდა გამოყენებული”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თემქაზე, მე -11 მიკრორაიონში 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მეხანძრეები ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ, სადაც თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მოკლულის მაზლია.

იპნ