რომან გოცირიძე – “ენდიაის კვლევამ “ოცნებას” განაჩენი გამოუტანა”

რომან გოცირიძე - “ენდიაის კვლევამ “ოცნებას” განაჩენი გამოუტანა”ნონა ცაბაძე, სარკე
“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ფონია ქვეყანაში და ამას ენდიაის კვლევებიც ადასტურებს. 49%-ს არ მოსწონს ხელისუფლების ნაბიჯები და მისი კურსი. რას იტყვით თქვენ?
– ეს არის ნეგატიური შეფასების ისტორიული მაქსიმუმი. ქვეყნის სწორი გზით განვითარების სჯერა გამოკითხულთა მხოლოდ 18%-ს. ეს არის ისტორიული მინიმუმი. ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას კარგად აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 4% ეს არის “ისტორიული” განაჩენი! ეს 18%-იც, ვისაც ქვეყნის სწორი გზით განვითარების სჯერა, არის “ოცნებასთან” დაახლოებული ხალხი, ვინც მათგან იღებს ხელფასებს, ვინც ხრავს ბიუჯეტს, ესენი არიან კოორდინატორები არჩევნების, ადამიანები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ და ასე შემდეგ.
საქართველოში მხოლოდ 18%-ია ბედნიერი “ქართული ოცნებით”. ხოლო როდესაც ისმის შეკითხვა, ქვეყნის ეკონომიკა კარგად ვითარდება თუ ცუდად, მხოლოდ 4% ამბობს, რომ კარგად. აი, ეს არის განაჩენი “ქართული ოცნების”!
გამოკვლევის შედეგების ორმა რიცხვა გამოუტანა განაჩენი “ქართულ ოცნებას”. 500 ლარიან შემოსავალსაც რომ ვერ ასახელებს მოსახლეობის ნახევარი, ეს უკვე სიღარიბე კი არ არის, ეს არის სიღატაკე. ქვეყანა ჩავარდა მძიმე სიღატაკეში.
– გამოსავალი?
– ხელისუფლება უნდა შეიცვალოს! აი ასე შეგვიძლია შევაფასოთ გამოკითხვის
შედეგები. ჩვენი ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა, ამიტომ აუცილებელია დღეს ყველამ განაცხადოს, რომ არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ შექმნის “ქართულ ოცნებასთან” ერთად კოალიციას და შემდეგ ხელისუფლებას. რომ მარტო დარჩება ამ ხელისუფლების ორი განშტოება – “ქართული ოცნება” და პატრიოტთა ალიანსი – და შეიქმნება დიდი ოპოზიციური კოალიცია, რომელიც სამომავლოდ ამ ქვეყანას დააყენებს ფეხზე.
ოპოზიციას “ოცნების” პრემიერი განადგურებით დაგვემუქრა და როდესაც მის უმრავლესობას ამაზე არანაირი რეაგირება არა აქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ თავად მიდიან განადგურების გზაზე. “ოცნება” მთლიანად გაკოტრებულია და ძალიან მალე დასრულდება.