რუსეთის დუმამ საქართველოში ოსების გენოციდის საკითხის შესწავლა დაიწყო

რუსეთის დუმამ საქართველოში ოსების გენოციდის საკითხის შესწავლა დაიწყომარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იკვლევს ოსების შესაძლო გენოციდის საკითხს. ამ მოწოდებით მოსკოვს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის დეპუტატებმა მიმართეს. საუბარია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ ისტორიაზე. კომისიის წინადადებების საფუძველზე რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა გადაწყვეტილებას მიიღებს.
სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ დუმას ობიექტური დასკვნის გამოტანის სურვილი აქვს. ამისთვის სასურველია თანამშრომლობა ქართულ მხარესთან, რათა მის ხელთ არსებული მასალები თბილისმაც წარმოადგინოს.
ცნობილია, რომ ქართველ ისტორიკოსებს აქვთ მასალები, რომლებიც ოსების გენოციდს კი არა, იმ წლებში ქართველების ამოწყვეტას ადასტურებს. მიაწვდიან თუ არა ისინი რუსეთის დუმის კომისიას ამ დოკუმენტებს? თუ მიაწვდიან, გაითვალისწინებს თუ არა ოკუპანტი სახელმწიფო ქართული მხარის მასალებს? ეს გაურკვეველია.
ცხინვალის პოზიცია ასეთია – დაუსჯელად ჩაიარა 1918-1920 წლების გენოციდმა. ამის გამო ქართველებმა აგრესიული მოქმედებები გაიმეორეს 1989-1992 და 2004-2008 წლებში. თუ იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია და შეფასება, რეციდივები დამთავრდება.
ცხინვალის პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი აცხადებს, რომ ქართველი მენშევიკების დანაშაულმა ოსურ მოსახლეობას თემურლენგის თარეში გაახსენა.
ოსი ისტორიკოსების მტკიცებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ 1918 წელს გამოაცხადა პრეტენზია ცხინვალის რეგიონზე და შეიყვანა სამხედრო სადამსჯელო რაზმები “ოსეთში”.
ოსები, მათი თქმით, მოითხოვდნენ ისეთივე ავტონომიებს და თვითგამორკვევის უფლებას, როგორიც რუსეთმა მისცა ყოფილი რუსეთის იმპერიის სხვა ხალხებს ჩრდილოეთ კავკასიაში.
ცხინვალელი ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ სადამსჯელო მოქმედებები მშვიდობიანი ოსი მოსახლეობის წინააღმდეგ დაიწყო 1918 წელს, 1920-ში კი გენოციდის კულმინაცია იყო.
ავტორები აღიარებენ საარქივო მასალების სიმწირეს. ერთ-ერთ დოკუმენტად სახელდება საბჭოთა სისხლიანი მოღვაწის, ფილიპე მახარაძის მოგონება. მახარაძე ამბობს, რომ მენშევიკები ამ რეგიონში მხეცურად იქცეოდნენ და სისხლის გუბეებს აყენებდნენ.
ცხინვალის თქმით, მხეცობის თვითმხილველები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. მოხუცებს ამის გახსენება შეუძლიათ.
მართალია, რუსეთის სახელმწიფო დუმა პირობას დებს, რომ ოსური მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებს ღრმად შეისწავლის და საქართველოს ხელისუფლებასაც მოუსმენს, სახელმწიფო დუმისაგან ობიექტური დასკვნის გამოტანა ძნელად წარმოსადგენია.
ამ რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპანტი რუსეთისთვის მომგებიანია საქართველოს დადანაშაულება გენოციდსა და ოკუპაციაში.
საქართველოს “იმპერიულ” და “ნაციონალისტურ” ბუნებაზე რუსეთში დიდი ხანია ბევრს საუბრობენ.
“ოსების გენოციდი და აფხაზეთის დაპყრობა” რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს ივლისში საჯაროდ წამოაძახა.
საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე ფაქტობრივად არ მოახდინა რეაგირება. მაშინ ოფიციალური პირები დაკავებული იყვნენ პუტინისადმი მადლობების გადახდით იმისთვის, რომ მან მხარი არ დაუჭირა საქართველოს მიმართ სავაჭრო სანქციებს.
ცხინვალის მარიონეტული ადმინისტრაცია გენოციდის საკითხის აღიარებას კრემლთან შეუთანხმებლად არ მოითხოვდა. როგორც ჩანს, რუსეთი ამ საკითხს საქართველოზე ზეწოლისთვის გამოიყენებს.