რუსთავში მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელმა გოგონამ კიბიდან დააგორა – ვიდეო

რუსთავში მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელმა გოგონამ კიბიდან დააგორა - ვიდეორუსთავის #5 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეს კიბიდან დაგორებაში სდებს ბრალს, ამბობს, რომ გოგონა ბოლო პერიოდში მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, უთვალთვალებდა, დასცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

“წელს სწავლა დაიწყო თუ არა ეს ბავშვი აგრესიას ანთხევდა ჩემს მიმართ, სულ მითვალთვალებდა. სადაც შევდიოდი მომყვებოდა. ეს იცოდნენ თანამშრომლებმაც. თუ სახეში შევხედავდი ენას მიყოფდა, თუ არ შევხედავდი, სურათს მიღებდა და სოციალურ ქსელში დებდა. ჩემი სახელით ურეკავდა ჩემს ნათესავებს და ახლობლებს. მანდატურს ვუთხარი, სურათებს მიღებს თქო და მანდატურმა მითხრა დირექტორთან ერთად შევიდეთო და მშობელსაც დავიბარებთო.

კიბეებზე როცა ვაპირებდი ჩასვლას, უცებ ვიგრძენი შეჯახება და მერე უკვე აღარაფერი მახსოვს” – ამბობს ნანა წიქარიშვილი.

აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ მოსწავლე და მისი მშობელი. გოგონას დედა მასწავლებელს თავად ადანაშაულებს ძალადობაში და ამტკიცებს, რომ მუსიკის პედაგოგმა მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიაყენა.

საკითხთან დაკავშირებით “ინფო რუსთავი” ესაუბრა სკოლის ყოფილ დირექტორს, არსენ დემეტრაშვილს. დემეტრაშვილის თქმით, მე-6 კლასის მოსწავლეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. როგორც სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, ბავშვს კონფლიქტი მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან არაერთხელ ჰქონია.

საქმეში ფიგურანტი მოსწავლის #5 საჯარო სკოლიდან წასვლას მოითხოვს მშობლების ნაწილი.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.