სანდრო ბრეგაძე – “20 ივნისის ღამეს “ოცნება” წასასვლელად იყო გამზადებული”

სანდრო ბრეგაძე - “20 ივნისის ღამეს “ოცნება” წასასვლელად იყო გამზადებული”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს სანდრო ბრეგაძე პასუხობს.
– ბატონო სანდრო, ბოლო პერიოდი აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” შიგნით სერიოზული დაპირისპირებაა. რა ხდება გუნდიოს შიგნით?
– ეს არც გამკვირვებია, რადგან “ქართული ოცნება” არ არის ერთ იდეოლოგიაზე დამყარებული პოლიტიკური გუნდი. ეს არის კრებული, რომელიც ამოკრებილია რამოდენიმე პოლიტიკური ლიდერის სამეგობროდან, საახლობლოდან.
საკმაოდ მძლავრობს დღეს “ოცნებაში” ე.წ. სოროსელების გუნდი. “ოცნების” სწორედ ეს ნაწილი ეწინააღმდეგებოდა გომელაურის, ღარიბაშვილის და გახარიას დანიშვნას. ეს ფიგურები თავად ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია ამ თანამდებობებზე, ყოველგვარი გარედან კარნახის გარეშე. აქედან გამომდინარე, წინააღმდეგობა იქნება ძალიან დიდი და ცოტა ხანში ეს კიდევ უფრო გაიზრდება. ლიბერასტებს გახარია არ უყვართ.
– ელოდებით დაპირისპირების გაღრმავებას?
– ეს წინააღმდეგობა და დაპირისპირება გაიზრდება მაშინ, როდესაც დაიწყება “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის ფორმირება და ეს დრო არც ისე შორს არის. ლიბერალური ფრთა ვეღარ მოხვდება “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში და აი სწორედ მაშინ უნდა ველოდოთ დიდ განხეთქილებას უმრავლესობაში.
– იქნებ შეიყვანოს სიაში ივანიშვილმა გუნდის ეს ნაწილი?
– თუ ასე მოხდა, მაშინ “ქართული ოცნების” წარმატება მომავალ არჩევნებში ძალზედ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. მითუმეტეს, რომ “ქართულ ოცნებას” ისედაც არ აქვს დიდი შანსი, რომ დამოუკიდებლად მოახდინოს უმრავლესობის ფორმირება.
– მაჟორიტარი დეპუტატებიც უპირისპირდებიან ივანიშვილს, რადგან მათ არ აწყობთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამაზე რა ინფორმაცია გაქვთ?
– მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ მაჟორიტარი დეპუტატები არის ყველაზე დიდი პოლიტიკური ნაგავი, რომელიც არის პოლიტიკურ სივრცეში. მე ყველაზე არ ვიტყვი ამას, მაგრამ 80% მაჟორიტარი დეპუტატებისა არის ჩვენს ხარჯზე გამდიდრებული ფულის ტომრები, რომლებიც ბატონივით აზიან თავზე იმ რაიონებს, საიდანაც არიან არჩეულები.
ესენი არიან ჩვეულებრივი კორუმპირებული ჩამყაყებული სისტემის ნაწილი, რომელთა ნაწილი არათუ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს. ისინი არაფერს აკეთებენ, ქმნიან მხოლოდ ე.წ. “კრიშას” საკუთარი ბიზნესისთვის. მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ პროტესტი, მაგრამ მე არა მგონია, სერიოზული წინააღმდეგობა შექმნან ამ ფულის ტომრებმა. უბრალოდ, ცდილობენ, ივანიშვილს ევაჭრონ.
– თუკი ასე გართულდება სიტუაცია, ხომ არ მივიღებთ იმ სურათს, რომ უმრავლესობა არჩევნებამდე დაეშალოს ივანიშვილს?
– ეს გარდაუვალია. პარტიული განხეთქილება აუცილებლად მოხდება. ბიძინა ივანიშვილი იგივე გუნდით, რომლითაც 2016 წელს პარლამენტში შევიდა, ვეღარ გამოვა. ხოლო თუ გამოვა, მაშინ “ოცნების” 30%-იანი რეიტინგი ჩათვალეთ, რომ 10%-მდე დაეცემა. ამ დუღილს და შიდა რღვევებს მე უფრო გაზაფხულის ბოლოდან ველი, როდესაც დაიწყება პარტიული სიის ფორმირება, ამ სიაში კი ბევრი ვეღარ მოხვდება.
– თუ “ოცნების” მაქსიმალური რეიტინგი 30%-ა, მაშინ როგორ შეძლებს კვლავ უმრავლესობით მოსვლას?
– დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. “ქართულმა ოცნებამ” რაც უნდა თავი გაიგიჟოს, მისი მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება 30-35%.
– ანუ კოალიციის შექმნა მოუწევს?
– “ქართული ოცნება” თავის გუნდზე გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შესაძლოა მომავალი კოალიციური მთავრობის პროცესში მათი მოკავშირეები გახდნენ.
მეორე მხარეს არის ე.წ. ოპოზიციური გაერთიანება ნაციონალებისა, რომელიც, ასე თუ ისე, პოლიტიკურ ამინდს მაინც ქმნის. ასე რომ, დღეს ივანიშვილის გუნდს პოლიტიკური პარტნიორები არ ჰყავს. ერთადერთი მისი პარტნიორია პატრიოტთა ალიანსი. აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნება” ფარულად აუცილებლად დაიწყებს იმ პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებასაც, რომლებიც, შესაძლოა, მომავალ პარლამენტში მისთვის გახდნენ მაშველი რგოლები.
– ვინ შეიძლება გახდეს ივანიშვილის მოკავშირე მომავალ პარლამენტში?
– ვნახოთ, შესაძლოა ახალი პარტიებიც კი შეიქმნას ამისთვის, არც ის არის გამორიცხული, არსებულიდან შეირჩეს ვინმე. ერთი რამ ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად ფონს ვერ გავა. პატრიოტთა ალიანსთანაც რომ შეიკრას, მაინც ვერ შექმნის უმრავლესობას. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს არ უდგას ადვილი ამოცანა წინ.
მას, პირველ რიგში, სჭირდება საკუთარი გუნდის ფორმირება და შემდეგ პოლიტიკური პარტნიორების მოძებნა. წვრილ-წვრილი პარტიები ვინც მეტს გადაუხდის, იმას მიეყიდებიან და მეორე მხარესაც არანაკლები ფულია მობილიზებული ივანიშვილის წინააღმდეგ.
ჯერჯერობით ქვეყანაში სრული პოლიტიკური აჯაფსანდალია და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ აუცილებლად მივალთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე.
თუ სამოქალაქო დაპირისპირება მოხდა, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქ სწორედ ხელისუფლების იქნება. მისი ამოცანა სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან აცილება უნდა იყოს. მე ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ ეს დაპირისპირება აცილებული იქნება. მთავრობის წევრები კმაყოფილები არიან, რომ ჯერჯერობით არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია და პოლიტიკური დაძაბულობა, მაგრამ ეს პროცესები გარდაუვალია.
სააკაშვილი და ნაცმოძრაობა, თავის სატელიტებთან ერთად, არ ემზადებიან არჩევნებში გამარჯვებისთვის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ.
– აბა რას აპირებენ?
– ისინი ემზადებიან იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბების საფარქვეშ მოახდინონ რევოლუცია. ეს რევოლუცია კი მშვიდობიანი ნამდვილად არ იქნება და იქნება სისხლიანი.
“ქართულ ოცნებას” აქვს იმის ილუზია, რომ ის კვლავ მოახერხებს ორი პოლუსის შექმნას, როგორც ამას წინა წლებში აკეთებდა – აქეთ “ოცნება” და იქით ნაციონალები. იტყვიან, არიქა მე თუ არ ვიქნები, სააკაშვილი მოვაო, მაგრამ ეს აღარ იმუშავებს, ეს ასე ვეღარ იქნება, მერწმუნეთ.
დღეს პროცესები აბსოლუტურად სხვა ჭრილშია გადასული. იგივე ძალიან მარტივად შეიძლებოდა 20 ივნისის თავიდან აცილება, მაგრამ ვერ აიცილეს. ყველამ ნათლად დაინახა, რომ 20 ივნისს ხელისუფლებას სერიოზული შეცდომები გაეპარა. გეტყვით იმასაც, რომ ხელისუფლება წასასვლელად იყო გამზადებული.
– მერე რა შეიცვალა?
– აქ მოხდა ის, რომ უბრალოდ იმ ჯგუფებმა ვეღარ გაქაჩეს, რომლებიც მათ წინააღმდეგ იყვნენ მომართული და კიდევ კარგი, რომ ვეღარ გაქაჩეს. რევოლუციის ზღვარზე ვიყავით და ხელისუფლებაც წასასვლელად ემზადებოდა. მაშინ გადავრჩით. კიდევ ერთ ასეთ შემოტევას “ოცნება” ვეღარ გაუძლებს.
– სალომე ზურაბიშვილზე რას იტყვით?
– მე სალომე ზურაბიშვილი შემიძლია შევადარო მოხეტიალე კომეტას, რომელიც დროსა და სივრცეში არანაირ კანონზომიერებას არ ცნობს. ეს არის სრული ანაქრონიზმი. მე ამ ქალბატონს ვერც პოლიტიკოსს დავარქმევ, ვერც დიპლომატს და ვერც დიასახლისს. ის არის სრულიად არაადეკვატური პიროვნება.
– შეუქმნის ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს?
– ასანთი რომ მისცე სალომე ზურაბიშვილს, ის აუცილებლად გადაწვავს ქვეყანას, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მას ასანთი არ აქვს. თუმცა მისი შესაძლებლობების ფარგლებში და იმ უფლებამოსილების, რაც მას აქვს, სერიოზულ პრობლემებს მაინც ქმნის.
იმედია, მას ასანთი ხელში არასოდეს ექნება, თორემ ასანთი თუ მისცეს, აუცილებლად გადაწვავს.