შალვა ხაჭაპურიძე – “თადუმაძის უზენაესის თავმჯდომარედ დანიშვნა კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას”

შალვა ხაჭაპურიძე - “თადუმაძის უზენაესის თავმჯდომარედ დანიშვნა კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს უფლებდამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს
– ბატონო შალვა, 20 მოსამართლის სია შესულია უკვე პარლამენტში. ახლა ჯერი პარლამენტზეა, კენჭს უყრის თუ არა მათ და გაუშვებს უზენაეს სასამართლოში. კეთდება შეფასებები, რომ სია კატასტროფულია. რას იტყვით თქვენ?
– ზოგადად მოსამართლეებზე რომ ვისაუბროთ, მთელ სისტემაზე ვერ ვიტყვით, რომ ცუდია. ამ სიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც ღირსეულები არიან და კიდევ კარგი, რომ ისინი მაინც არიან. მაგალითად, იგივე ნინო სანდოძე. თორემ იმ სიაშიც, სიის გარეშეც ძალიან ბევრი უღირსი მოსამართლეა. საქმესაც აღარ კითხულობენ მოსამართლეები. ანუ რაც პროკურორს აქვს მოტანილი და პირველ ინსტანციას აქვს გამოტანილი, ეს გადააქვთ ჩვეულებრივად, ყოველგვარი განხილვის გარეშე. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს გაიტანოს ეს 20 კაციანი სია. საზოგადოებას ეს არ მოსწონს.
– ყველა მოსამართლის ბიოგრაფია საზოგადოებისთვის ცნობილია.
– დიახ, ასეა. ყველა ძველი მოსამართლეა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მათი შავ-ბნელი საქმეები, ვის რა აქვს გაკეთებული. ეს ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ მოსამართლეებად!
უმრავლესობა ამ ხელისუფლებისაა პარლამენტში, შესაბამისად, თუ საპროტესტო აქციები არ იქნა, უმრავლესობა ამ მოსამართლეთა სიას მხარს დაუჭერს და ეს ადამიანები გახდებიან მოსამართლეები.
ამით ირღვევა ევროკონვეციის მეექვსე მუხლი. მთელ საზოგადოებას და ზოგადად ქვეყანას ერთმევა სამართლიანი სასამართლოს უფლება! ამიტომ რჩება ორი გზა.
– რომელი გზები?
– პირველი: შეიცვალოს ასეთი ტიპის მოსამართლის დამნიშნავი ხელისუფლება და თავიდან მოხდეს შემდეგ ამ სასამართლოების დაკომპლექტება და მეორე, ამუშავდეს დისციპლინარული დევნის ორგანო და შეტანილი იქნება ის საქმეები, რომლებსაც ედავებიან ამ მოსამართლეებს და ამ ორგანომ უვარგისი მოსამართლეებისგან გაასუფთავოს სისტემა.
ეს დისციპლინარული ორგანო უნდა დაკომპლექტდეს მთლიანად უცხოელი სპეციალისტებისგან. არც ერთი ქართველი და აქ ნაცხოვრები ადამიანი არ უნდა იყოს ამ ორგანოში!
– უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამჟამინდელი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გახდება. რას იტყვით მის კანდიდატურაზე?
– ამ ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა: ბატონო ბიძინა, დიპლომიანი ხალხი დაილია ამ ქვეყანაში?! რა გახდა პროკურატურაში დიპლომიანი ხალხის მიყვანა?! ძალიან ცუდი რამ ხდება. ამ კაცის დიპლომი, განათლება არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. აღარაფერს ვამბობ კვალიფიკაციაზე და ასე შემდეგ. ამნაირი ადამიანის მიყვანა უზენაესში და მითუმეტეს თავმჯდომარედ, კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას.
მოდით, დავსვათ კითხვა – ვინ უნდა ინიშნებოდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად?!
– ვინ?
– აქ ძალიან მარტივ რამეზეა საუბარი. უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ უნდა ინიშნებოდეს ადამიანი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი, უნდა იყოს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, უნდა იყოს რამდენიმე ნაშრომის ავტორი. ეს ხომ არ არის რაღაც მენეჯერული სამსახური. თეორიებს უნდა ეყრდნობოდეს. მინიმუმ ორ ენას უნდა ფლობდეს, ინგლისურს და რუსულს. ასევე ფრანგულს, რადგან სტრასბურის ძირითადი ენა არის ფრანგული. ასევე უნდა ჰქონდეს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება. ასევე უნდა იყოს 50 წლის ასაკის და შემდგომ.
– აკმაყოფილებენ რომელიმე კრიტერიუმს?
– აი, ეს კრიტერიუმები უნდა ყოფილიყო დადგენილი, ამის მაგივრად ჩვენ სიაში ჩაგვიწერეს მოსამართლეები, რომლებიც არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებენ. არანაირი სამეცნიერო ნაშრომები არ გააჩნიათ და ასე შემდეგ.
კითხვის ნიშნებია საერთოდ მათ დიპლომებთან დაკავშირებით. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავდა ეს ე.წ. “პადვლის ინსტიტუტები”? როგორ ხდებოდა ამ დიპლომების გაკეთება და ასე შემდეგ. ეს კრიტერიუმები მე არ გამომიგონია, ასეა ბევრ წამყვან ქვეყნებში. თუ ხელისუფლება ასე გააგრძელებს, აუცილებლდ უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ქვეყანაში დაბრუნდეს კონსტიტუციური წესრიგი! “მე მინდა და ვაკეთებ” – ეს პრინციპია ახლა და მერე ამას საქართველოში რაც მოჰყვება, ყველას ნანახი გვაქვს და ვიცით.
– პირადი ექიმი ჯანდაცვაში, პირადი დაცვის უფროსი შს მინისტრად და ახლა პირადი ადვოკატი სასამართლოში. სადამდე მიგვიყვანს ეს ყოველივე?
– მხოლოდ სასამართლოში კი არა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. აი, ნახეთ, თუ არა. იმედი მაქვს, დეპუტატები ამ ყველაფერს გააანალიზებენ და ის, ვინც არ არის ღირსეული და ვის მიმართაც არსებობს საკმაოდ ლეგიტიმური კითხვები, არ უნდა გავიდეს.
ჩემი სურვილია, ამის ძალა გამონახონ დეპუტატებმა, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი. რაც დღეს ჩვენთან ხდება, ცივილიზებულ ქვეყნებში ასე არ ხდება. თუ ასეთ ცხოვრებას გავაგრძელებთ, ჩვენ დაგვერქმევა ბანანის რესპუბლიკა. ბანანის რესპუბლიკა ვერც ნატოში ვერ შევა და ვერც ევროკავშირში და მერე ამაზე პრეტენზიები ნუ გექნებათ.