შოთა მალაშხია – “დღევანდელი ოქრუაშვილი არ გატყდა, უტეხი და ომახიანია”

შოთა მალაშხია - “დღევანდელი ოქრუაშვილი არ გატყდა, უტეხი და ომახიანია”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას.
– პარლამენტის შენობასთან დასრულდა მრავალთვიანი საპროტესტო აქცია. იქ კარავი გაშალეს ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეებმა, რომლებიც მოითხოვენ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულების გათავისუფლებას. ახალ აქციებს აანონსებს პარტიოოთა ალიანსი. ქუჩის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო?
– პატრიოტთა ალიანსი “ქართული ოცნების” გარეშე არ არსებობს. რასაც ინაშვილის პარტია აკეთებს, ყველაფერი მოდის “ოცნებისგან”. ორივე მათგანი იმართება რუსეთიდან. პატრიოტთა ალიანსმა სცადა მაკეინის კონფერენციის ჩაშლა. გარდა ამისა, გაიმართა მიტინგი აშშ-ის საელჩოსთან. ამ ყველაფრის უკან დგას “ქართული ოცნება” და კრემლი. თვითონ პატრიოტთა ალიანსი რუსეთის იმ სპეცსამსახურის დავალებების შემსრულებელია, რომელსაც ადრე საბჭოთა კგბ ერქვა. წითელი ხაზები გადაკვეთილია და ყველაფერი ნათელია.
– ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად გადაიკვეთა წითელი ხაზები?
– პირადად ჩემთვის ეს 2012 წელს მოხდა. ზოგს თვალი აეხილა 2013-ში, ზოგს – შემდგომ. დანარჩენებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა წლევანდელი ივნისი, განსაკუთრებით, 20-21 ივნისის ღამე.
ამის შემდეგ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ერთ მხარეს დგას “ქართული ოცნება” თავის პატრიოტთა ალიანსიანად, მეორე მხარეს კი – დანარჩენი საქართველო და პროგრესი. დღეს ეს მოცემულობა გვაქვს. ერთი, მცირერიცხოვანი მხარე საქართველოს აბრუნებს საბჭოთა წარსულში, სხვებს კი წინსვლა გვინდა.
ურთულესია სიტუაცია რეგიონში. გართულდა აშშ-ირანის ურთიერთობა, ვხედავთ, რა ხდება მეზობელ ქვეყნებში. საქართველო რჩება ერთადერთ ადგილად, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ სამყაროზე და წარმოადგენს დასავლეთის დასაყრდენს. ამ სიტუაციაში პროგრესის გამარჯვება გარდაუვალია.
– რუსეთის გააქტიურების მიუხედავად?
– რასაკვირველია. საქართველოს ამაზე უარესიც ბევრჯერ გადაუტანია. მაშინ საერთაშორისო მხარდაჭერა არ ჰქონდა, ან არასაკმარისი იყო მხარდაჭერა. დღეს, როცა მეტი მხარდაჭერა გვაქვს და საქართველოთი დაინტერესებულია დასავლეთი, პროგრესი გაიმარჯვებს. როგორც არ უნდა გაწელოს დრო “ქართულმა ოცნებამ”, რა ხერხიც არ უნდა მოიფიქროს, მაინც დამარცხდება იმ მხარის წინაშე, სადაც თქვენ და მე, მთლიანობაში, კი ის საქართველო შედის, რომელსაც სხვანაირი ქვეყანა უნდა. მეორე მხარეს დგანან ისინი, ვისაც საბჭოთა საქართველო, კრიმინალური გარჩევები და ხინკლის კულტი ენატრება.
დღეს სხვა ახალგაზრდობა გვყავს. გასაკვირია, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ქვეყანაში არსებული სტრესული სიტუაციის მიუხედავად, ახერხებენ კარგად სწავლას, მათ შორის, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. ამ ახალგაზრდობას არ უნდა არაფორმალური მმართველობა, კრიმინალი და საბჭოთა სიბნელე.
– ივნისის მოვლენებზე დაკავებულების მიმართ რა არის მოსალოდნელი?
– ამ მოვლენების მონაწილეები საზოგადოებისთვის გმირები არიან. ადრე თუ გვიან, სამართალი იზეიმებს. ავიღოთ ირაკლი ოქრუაშვილი. ის წინა ხელისუფლების დროსაც დააკავეს, მაგრამ ის სხვა ოქრუაშვილი იყო. დღევანდელი ირაკლი ოქრუაშვილი კი არ გატყდა, უტეხი და ომახიანია. შეადარეთ დაკავებულ, ამ ხელისუფლებასთან შეკრულ, პროკურორ სუბელიანს, რომელიც ტიროდა.
– “ქართული ოცნების” დასამარცხებლად რას აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია? ერთიანი სიის შედგენის საკითხში ერთიანობა არ არსებობს.
– ჯერ დაველოდოთ საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებს. როცა პარლამენტი ამას კენჭს უყრის, ჩვენ, გაერთიანებული ოპოზიცია, მშვიდად დავსხდებით და განვიხილავთ, რომელი ვარიანტია უკეთესი არჩევნების მოგებისათვის.
პოლიტიკაში არსებობს ფრანგული მეთოდი. ამ მეთოდით, არ უნდა დახარბდე ტორტის პატარა ნაჭერს. ჯობია, მეტი წვლილი შეიტანო საერთო საქმეში იმისთვის, რომ უფრო დიდი ნაჭერი შეგხვდეს. უნდა ვიზრუნოთ არა პატარა წარმატებაზე, არამედ, დიდ საერთო გამარჯვებაზე.
– “ქართული ოცნებაც” ხომ იმოქმედებს და მოკავშირეებს მოძებნის?
– პატრიოტთა ალიანსის გარდა, რომელიც ფაქტობრივად “ქართული ოცნებაა”, ივანიშვილმა შეიძლება გვერდზე დაიყენოს რამდენიმე პარტია. ისინი მეორე მხარს ვერ გადაწონიან. თუ “ოცნების” მხარეს იქნება 20%, მათ წინააღმდეგ დადგება 80%.
– ასე იქნება გადანაწილებული პროცენტები?
– იმ მხარეს ბევრი არ დადგება. პარტიები იმუშავებენ საკუთარ ამომრჩეველზე. ავიღოთ მემარცხენე ლეიბორისტული პარტია. ის არ მოიაზრება “ოცნების” მხარეს. ეს პარტიაც მეორე, პროგრესულ ბანაკში იქნება. “ოცნების” ლიდერებს ახალი ხალხის მოზიდვა უჭირთ. ეგენი გარეთ თავს ვეღარ ყოფენ.
– საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეგიონებში ხალხს რომ ხვდებიან?
– ხალხს არ ხვდებიან. ისინი კრებენ საკუთარ აქტივისტებს. ბევრი თბილისიდან ჩაჰყავთ, ხალხისთვის კი კარს ხურავენ. გორის შეხვედრა რომ აჩვენეს, დარბაზის დიდი ნაწილი ცარიელი იყო.
– გიორგი ვოლსკი ენდიაის კვლევების შეფასებებისას ამბობდა, რომ ხალხს ხვდება და იცის, რომ პარლამენტის მიმართ უნდობლობაა. “ოცნება” თვითკრიტიკული გახდა?
– რბილები გახდნენ, როცა დასჭირდათ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ ივანიშვილიც გულაჩუყებული და ფერწასული იყო. საზოგადოებას შეპირდა, ერთ წელიწადში ყველაფერს დავალაგებო. ამ პერიოდში ბავშვებს თვალები დასთხარა. თვალების დათხრის გარდა, ქონება გაიზარდა. კერძოდ, აბასთუმანი მიუერთა თავის აქტივებს.
– ივნისის ის ღამე “ქართულ ოცნებას” აღარ ეხამუშება. მისი ყველა წარმომადგენელი აცხადებს, რომ 20-21 ივნისს ქვეყანა გადაურჩა გადატრიალებას, რევოლუციას და შტურმს.
– ხალხი სხვანაირად აფასებს მოვლენებს. ენდიაის კვლევამაც დაადასტურა, რომ ხელისუფლების ოპოზიციონერ ნიკა მელიას არავინ ადანაშაულებს იმ მოვლენებში. ხალხი აკრიტიკებს ხელისუფლებას.
რას იტყვის მდინარაძე თალაკვაძის გასაგონად, ან პირიქით, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.