სოსო პავლიაშვილის სიძე ვახტანგ ჩხაპელია გარდაიცვალა – ის ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს

სოსო პავლიაშვილის სიძე ვახტანგ ჩხაპელია გარდაიცვალა - ის ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს2013 წლის 23 ნოემბერს თბილისში ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი მოკლეს. მისი ცხედარი საკუთარ ავტომობილში ზაზიაშვილის ქუჩაზე აღმოაჩინე. ოჯახი მკვლელობის შეკვეთაში მომღერალ სოსო პავლიაშვილს ადანაშაულებდა, რომელთანაც ადუაშვილს დიდი ხნის მეგობრობა და საერთო ბიზნეს ინტერესები აკავშირებდა. საბოლოოდ, ავთანდილს ადუაშვილის მკვლელობის ბრალდებით სამი პირი გაასამართლეს, მათ შორის სოსო პავლიაშვილის სიძე ვახტანგ ჩხაპელია.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ხნის წინ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული ვახტანგ ჩხაპელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ციხიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ის სიმსივნის ფონზე განვითარებული პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმმა“ ჯერ კიდევ 2013 წელს გამოაქვეყნა ვახტანგ ჩხაპელიას მიერ გამოძიებისთვის მიცემული პირველადი ჩვენება, სადაც ის ამბობდა, რომ ადუაშვილის დასჯის სანაცვლოდ თანხა სოსო პავლიაშვილმა გადაუხადა, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულმა ეს ჩვენება შეცვალა და საქმესთან სოსო პავლიაშვილის კავშირი უარყო. აი, რას ამბობდა ის პირველ ჩვენებაში.

გამომძიებელი: მკვლელობის მეორე დღეს ერევანში შეხვდით სოსო პავლიაშვილს, ესაუბრეთ თუ არა მას თქვენი მეგობრის გია დარახველიძის გარეშე?

ვახტანგ ჩხაპელია: ვესაუბრე. ვუთხარი, ასე მოხდა, არ მინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ ასე გამოვიდა-მეთქი… მთელი ცხოვრება არ მოგვასვენა, არ მოგვასვენა და ახლა დაისვენა.

გამომძიებელი: სოსომ იცოდა, რა ხერხით აპირებდით ადუაშვილის დასჯას?

ვახტანგ ჩხაპელია: ზუსტად არ იცოდა.

გამომძიებელი: აბა, რა იცოდა?

ვახტანგ ჩხაპელია: ფიზიკურად უნდა გავსწორებულიყავით, მაგრამ არ დამიკონკრეტებია. მკვლელობა არ იცოდა. თავიდან ბოლომდე მე ვარ დამნაშავე.

გამომძიებელი: როგორ აუხსენით, რას გულისხმობდით დასჯაში?

ვახტანგ ჩხაპელია: არ ვიცი, ყველაფერს ერთად, ალბათ.

გამომძიებელი: თქვენი ჩანაფიქრის გახორციელებისთვის თანხა ვინ გადმოგცათ?

ვახტანგ ჩხაპელია: თანხა ავიღე სოსო პავლიაშვილისგან.

ჩხაპელიას ჩვენების თანახმად, უკრაინაში შეხვედრის დროს, სოსო პავლიაშვილმა მას 30 ათასი ევრო მისცა, რომელიც შემსრულებლებისთვის უნდა გადაეხადა. ჩვენებისვე მიხედვით, ვახტანგ ჩხაპელიამ თანხა მკვლელობის ორგანიზატორ გელა უბილავას გადასცა, ამ უკანასკნელმა კი ის შემსრულებლებს გაუნაწილა.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას მოკლული ბიზნესმენის დედა, ნანა ეფრემიძე აცხადებდა, რომ მისი შვილის სწორედ სოსო პავლიაშვილის დაკვეთით მოკლეს.

„სოსოს მოსკოვის ცენტრში აქვს ბინა, მანქანა, სტუდია, ბიზნესები – ეს ყველაფერი ავთომ დაულაგა, გზაზე დააყენა და ამ ყველაფრიდან ავთოს თავისი წილი უნდა ჰქონოდა, სოსოს თავისი. პავლიაშვილი დროდადრო უგზავნიდა ხოლმე თავის კუთვნილ დივიდენდებს, მაგრამ ავთო იმ დღეებში ერევანში გეგმავდა ჩასვლას და ყველაფრის საბოლოოდ გარკვევას, თუმცა სწორედ ეს არ დაუშვა პავლიაშვილმა და იქ ჩასვლამდე მოიცილა. მანამდე ავთომ შეკრიბა თავისი ბავშვობის 4-5 ძმაკაცი და უთხრა, – მოსკოვიდან თავისი წილის წამოღებას აპირებდა, პირველ ეტაპზე სადღაც 700 ათას დოლარს, საერთო ჯამში კი დაახლოებით 2 მილიონზე იყო საუბარი. აქ გეგმავდა ბიზნესების წამოწყებას და ძმაკაცებს სთხოვა გვერდში დადგომა.

დღეს სოსო პავლიაშვილს ძალიან დიდი ფული აქვს, სადღაც 30 მილიონს ითვლის მისი ქონება, მაგრამ მისი მაფიოზური გონება ამას არ დასჯერდა. არის მეორე მოტივიც – ნაციონალები რომ წავიდნენ, სოსო საქართველოში ბიზნესის დაწყებას გეგმავდა, დიდი რაოდენობით შავი ფულის შემოტანას აპირებდა. თუ ის საქართველოში რამეს წამოიწყებდა, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ავთოს გარეშე ამას ვერ გააკეთებდა, რადგან ავთო შავ ბიზნესს არ დაუშვებდა. ამიტომაც ავთო ზედმეტი იყო საქართველოში მათი მიზნების განსახორციელებლად, ამიტომაც გადაწყვიტეს ჩემი შვილის მოცილება. მათ კარგად იცოდნენ, რომ ავთო რაიმე ისეთს არ გააკეთებინებდათ“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნანა ეფრემიძე.

თავად სოსო პავლიაშვილის მეგობრის მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს დღემდე უარყოფს.

პრაიმ ტაიმი