თაკო ჩარკვიანი – „ბოკერია და უგულავა ისე ლაპარაკობენ, თითქოს მიშას დროს ოპოზიციაში ეგენი იყვნენ“

თაკო ჩარკვიანი - „ბოკერია და უგულავა ისე ლაპარაკობენ, თითქოს მიშას დროს ოპოზიციაში ეგენი იყვნენ“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზეს, რომ გააფორმონ მემორანდუმი და შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ შექმნიან. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ის „ევროპულ საქართველოს“ წინადადებას არ იღებს.

საპასუხოდ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ჩარკვიანი „ასავალ-დასავალისა“ და „ქართული ოცნების“ სტილში საუბრობს, ნაციონალურ მოძრაობას კი მოუწოდა, გაემიჯნოს თაკო ჩარკვიანს.

რატომ არის მიუღებელი იდეა და რა პასუხი აქვს სერგი კაპანაძის განცხადებებთან დაკავშირებით? _ ამ საკითებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თაკო ჩარკვიანი საუბრობს და ამბობს, რომ ის არ ენდობა „ევროპულ საქართველოს“.

_ რატომ არის მიუღებელი ”ევროპული საქართველოს” შეთავაზება იმის თაობაზე, რომ პარტიებმა მემორანდუმი გააფორმოთ, რომ არ შეხვალთ ივანიშვილთან კოალიციაში?

_ იდეა კი არ არის მიუღებელი, არამედ ეს მიუღებელია ”ევროპული საქართველოსგან”, რომელსაც მე აბსოლუტურად არ ვენდობი. იმიტომ, რომ სერგი კაპანაძემ მე კი არ უნდა მომიძღვნას ბრიფინგი, არამედ ბოკერიას, ჩერგოლეიშვილსა, ოთო კახიძეს, რომლებიც სინქრონში აკეთებენ ივანიშვილისთვის მომგებიან განცხადებას. თუ, რა თქმა უნდა, სერგი კაპანაძეც არ მოდის თანხვედრაში ივანიშვილთან.

მე როდესაც შევედი კოალიცია „ძალა ერთობაშია“ და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტალახის ოკეანეში გავიარე, მე მაშინ მოვაწერე ხელი ამ ყველაფერს. მაშინ გადავდგი პირველი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის მიერ უზურპირებული სისტემის წინააღმდეგ. ამიტომ, ”ევროპული საქართველოსგან” არ მჯერა მე ეს ყველაფერი.

_ საინტერესო ფრაზა თქვით და უნდა გამოგყვეთ. თქვით, რომ ჩერგოლეიშვილის და ბოკერიასგან არ გჯერათ ეს იდეა. ასე გგონიათ, რომ ”ევროპული საქართველო” ჩერგოლეიშვილისგან იმართება?

_ მე არ მგონია. მათი პარტიის სულისჩამდგმელი არის გიგა ბოკერია. ჩერგოლეიშვილს თავი დავანებოთ და ოთო კახიძის განცხადება ემთხვევა ჩერგოლეიშვილისას. 20 ივნისის მოვლენების დროს დაგვაბრალეს, რომ თურმე ხალხი არაფერ შუაში არ ყოფილა და ნაციონალებს გამოუყვანიათ ხალხი ქუჩაში. მერე გაერთიანებულ ოპოზიციას გვეძახეს, ნაციონალები ხართო. ჩვენ ყველაფერი ჩავდეთ, რომ როგორმე გაერთიანებული ოპოზიცია ყოფილიყო, რომელმაც გააწნა პირველი სილა ბიძინა ივანიშვილს. ეს სწორედ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გააკეთა. ეს სილა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს იგემა. მაშინ ”ევროპული საქართველო” ფაქტობრივად ივანიშვილთან იყო უნისონში.

_ რაში გამოიხატა ეს? მეორე ტურში ”ევროპულმა საქართველომ” მხარი დაგიჭირათ.

_ აბა რა უნდა ექნათ? თუ პროდასავლურ ძალას არ დაუჭერდნენ მხარს და როცა არსებობდა ეს შეთანხმება, მაშინ გამოიკვეთებოდნენ, რომ უბრალოდ არარაობანი და მავნებლები არიან. ეს მათი თამაშის წესები იყო და კაცმა არ იცის, კიდევ ვინ ვის დაუჭირა მხარი თუ ძალიან გაინტერესებთ. თუ დაგვიჭირა მხარი, ეს იყო პოლიტიკური თამაშის ნაწილი.

_ რას გულისხმობთ?

_ ეს იყო თამაშის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანად გაიშიფრებოდნენ. ამიტომ სულ არ გამკვირვებია.

მთელი თავისი მოღვაწეობით ესენი გაერთიანებულ ოპოზიციას ებრძვიან. ამოიღეთ ნებისმიერი განცხადება. სისტემატიურად ხდება გაერთიანებული ოპოზიციის მოხსენიება, როგორც ნაციონალური მოძრაობის. 12 პარტიაა და ყველა პარტიას ჰყავს თავისი მომხრეები. ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას.

2016 წელს ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა 300.000 ამომრჩეველი, 2018 წელს კი გაერთიანებულმა ოპოზიციამ 900.000 ამომრჩევლამდე შედეგი დადო. ბედავ და ამომრჩეველს შეურაცხყოფას აყენებ?!

მაგალითად, გააფორმა სერგი კაპანაძემ მემორანდუმი და დააფიქსირა, რომ არ შეეკვრება ივანიშვილს. მერე? როგორ ვაკონტროლოთ ეგ მექანიზმი მერე? რა იურიდიული ბერკეტი არსებობს? მაინტერესებს ეს საკითხი. გეკითხებით თქვენ, როგორც ჟურნალისტს.

_ გარანტიებს ითხოვთ?

_ როგორ მოხდება ეს ამბავი? ახლა არ აქვთ ხელი მოწერილი, რომ არ შეეკვრებიან ივანიშვილს? რა თქმა უნდა, მე ივანიშვილის წინააღმდეგ ყველაფერს მოვაწერ ხელს და მე ჩემი ქმედებით უკვე მოვაწერე მაშინ, როდესაც გაერთიანებულ ოპოზიციას შევუერთდი, რადგან მივხვდი, რომ საქართველო უფსკრულისკენ მიჰყავდა. მაგრამ, როგორ უნდა დავუჯერო მე იმ პარტიას, რომელმაც საკუთარ განაყოფს – ნაციონალურ მოძრაობას – ხმები წაართვა და ისე შევიდა პარლამენტში?!

მითხარით, რითი დაიმსახურა ”ევროპულმა საქართველომ” ნდობა? თავისი განცხადებებით გაერთიანებულ ოპოზიციას რომ უბრახუნებენ 24 საათი? იმიტომ ვერ მივიღებ მათგან ამას, რომ ისინი გვებრძვიან და გაცხადებული ოპონენტია. რასთან დაკავშირებით უნდა მქონდეს ნდობა ”ევროპული საქართველოს” განცხადებებთან დაკავშირებით?! რატომ უნდა ვენდო?! თუ ერთ პუნქტს მაინც მეტყვით, კი ბატონო.

წინა ხელისუფლების დროს უშიშროების მდივანი იყო ბოკერია. ბოკერია და უგულავა ისე ლაპარაკობენ, რომ ვფიქრდები, მიშას დროს მე ვიყავი ოპოზიციაში თუ ეგენი? კი ბატონო, „ოცნების“ წინააღმდეგ ნებისმიერ მემორანდუმზე მოვაწერ ხელს.

სერგი კაპანაძე რომ გამოსულიყო და ბრიფინგი მიეძღვნა ბოკერიასთვის, ოთო კახიძისთვის და ჩერგოლეიშვილისთვის, მაშინ დავიჯერებდი. მე რომ ბრიფინგს მიძღვნის… მომიძღვნას და იყოს. მხოლოდ გავიღიმებ და ვეტყვი: „გივი გიცანი“.

ყველანაირ მემორანდუმს მოვაწერ ხელს, მაგრამ მათ არ ვენდობი. არ ვენდობი პარტიას, რომელმაც საკუთარ განაყოფს უღალატა და მოპარული ხმებით შევიდა პარლამენტში, რაღაცნაირად არ ვენდობი და რა გავაკეთო?!

_ სერგი კაპანაძემ თქვენს განცხადებას „ასავალ-დასავალისა“ და „ქართული ოცნების“ სტილში გაკეთებული განცხადებები უწოდა. რა პასუხი გაქვთ?

_ მე უკვე ყველაფერი ვუპასუხე. საქართველოში სერგი კაპანაძის ასავალ-დასავალიც იცის ხალხმა, ბოკერიას ასავალ-დასავალიც და თაკო ჩარკვიანის ასავალ-დასავალიც. ასე რომ, სერიოზულ ნაწილში გავეცი პასუხი… სერგის ქილიკიღა აკლდა ქართულ იუმორისტულ სპექტრს.

_ მეორე ტურზე საუბრისას საინტერესო ფრაზა თქვით, როდესაც აღნიშნეთ, რომ საკითხავია, ვინ ვის დაუჭირა მხარიო. რას გულისხმობდით?

_ ასეა ეს. მაგ პარტიაში არიან ადამიანები, რომელთა მიმართაც ცუდად განწყობილი არ ვარ. ეს იმ ადამიანებმაც იციან, მაგრამ არანაირი განცხადება არ გააკეთეს. თვეებია ვითმენ, რომ გამოდის ოთო კახიძე და გაერთიანებულ ოპოზიციას სისტემატიურად ნაციონალურ მოძრაობას უწოდებს. კანონი მიიღო ივანიშვილმა ბლოკების დასაშლელად იმისთვის, რომ ჩვენი კოალიცია დაშალოს.

_ ეს გასაგებია, მაგრამ რაში გამოიხატებოდა ის, რაზეც მინიშნებას აკეთებთ, რომ რეალურად არ უჭერდნენ ვაშაძეს მხარს?

_ ეს არის მათი რეალური ქმედება. როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს გამოვიდნენ და ის განცხადებები გააკეთეს, ეს ამას ნიშნავს.

_ მეორე ტურზე გეკითხებით.

_ იმ პერიოდშიც ძალიან არასიმპატიური განცხადებები კეთდებოდა. ჩერგოლეიშვილს რა პოზიციაც ჰქონდა, მე ეს კარგად მახსოვს, ეთერში ერთად ვიჯექით. შეგიძლიათ ამოიღოთ მისი განცხადებები და დაინახავთ, როგორ ებრძოდა გრიგოლ ვაშაძეს. მე ძალიან დიდი ხანი არ ვაქცევდი ამას ყურადღებას, იმიტომ, რომ არ მინდოდა რაღაც განხეთქილების შეტანა.

ახლა არის უსერიოზულესი ბრძოლა და ყველას, ვისაც შევამჩნევ, რომ მხოლოდ დეკლარირებს და საქმით აკეთებს სხვა რამეს, ვიტყვი. 20 ივნისი გააკეთა ხალხმა და შეახოცეს, ეს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთაო. არავის არ გაუპროტესტებია ეს განცხადება.

მელიაზე დაწერა ჩერგოლეიშვილმა, რომ დაიჭირონ, არ დადნება ციხეშიო. მერე გამოვიდა ოთო კახიძე და მანაც ნაციონალურ მოძრაობაზე ილაპარაკა 20 ივნისის აქციის კონტექსტში.

1 წლის განმავლობაში ტალახის ოკეანეში გავიარეთ, ესენი რაღაცას წამოიწკმუტუნებენ და ყველაფერში ივანიშვილთან თანხვედრაში არიან და მის წისქვილზე ასხამენ წყალს. დღეს ვინც გაერთიანებულ ოპოზიციას ურტყამს, ის ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი ძალა იყო, რომელმაც დიდი დარტყმა მიაყენა ”ქართულ ოცნებას”.

პოლიტიკური გარიგება ყოველთვის არის განცხადებები და მოქმედებები.

ვისთან მოვაწერო ხელი? ვერ გავარკვიე, ჩერგოლეიშვილი მართავს პარტიას, ბოკერია თუ ვინ მართავს. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ გვაქვს მაგაზე პასუხი, თქვენ იცით? ჩემი პოზიციაა ასეთი, რომ მაგ პარტიას არ ვენდობი. მე მემორანდუმზეც ხელი მოვაწერე და ივანიშვილს დიდი ბრძოლაც გამოვუცხადე. რა პრობლემაა მემორანდუმზე ხელის მოწერა?! მთავარია შესრულება.

მერე არაფერს არ ასრულებენ და ეს არის პრობლემა.