თამარ ჩხეიძე – “ხაზარაძემ დაადასტურა, რომ ივანიშვილთან ქურდული გარჩევები ხდება”

თამარ ჩხეიძე - "ხაზარაძემ დაადასტურა, რომ ივანიშვილთან ქურდული გარჩევები ხდება”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმე აქტუალურ მოვლენაზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს თამარ ჩხეიძეს.
– ქვეყანაში უთვალავი პრობლემაა და 20-21 ივნისის მოვლენებიც კი არ არის გამოძიებული. ამ დღეებში ოპოზიცია არკვევდა, ვინ ითანამშრომლებს და ვინ არა “ქართულ ოცნებასთან” მომავალი კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებისას. ეს საკითხი დღეს აქტუალურია?
– ამაზე მსჯელობა საჭიროა. სავსებით ნორმალურია შეკითხვის დასმა “ოცნებასთან” თანამრომლობაზე ამ თემაზე. უბრალოდ, ამის განხილვა, ან თუნდაც, მემორანდუმის გაფორმება არაფრის გარანტიას არ იძლევა. შეიძლება რომელიმე პარტიამ გამოაცხადოს, რომ არ შეეკვრება “ქართულ ოცნებას”, შემდეგ კი პირობა დაარღვიოს.
20-21 ივნისის მოვლენებში გამოსაძიებელიც არაფერია და ყველაფერი ნათელია. იმ ღამეს არანაირი რევოლუცია არ იგეგმებოდა. “ქართული ოცნება” ამას არ იტყვის. ეს ხელისუფლება იმ მოვლენებს ობიექტურად არ გამოიძიებს.
მთლიანობაში, პრობლემების საწყისი ვართ საზოგადოება. დღევანდელ მომენტში პრობლემების გენერატორები არიან ივანიშვილი და მის უკან მდგარი ძალები. პუტინისტური პოლიტიკის აღმასრულებელი ბიძინა ივანიშვილია. ამიტომ, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების გაშვებაში მდგომარეობს. სასწრაფო შედეგის მიღწევისთვის საჭიროა წინააღმდეგობის გაწევა იმის მიმართ, რაც ხდება.
– პროტესტი რუსთაველზე და სხვაგანაც ლამის მთელი ზაფხული გრძელდებოდა.
– შემოდგომაზეც გაგრძელდა ეს წინააღმდეგობა. საბედნიეროდ, ხელისუფლებას ყველაფერი არ გამოუვიდა. მართალია, რუსთავი 2-თან ბრძოლა ხელისუფლებამ თითქოს მოიგო, მაგრამ მალე მოხდა არხის რეინკარნაცია და მისი კოლექტივი მთავარ არხზე აგრძელებს თავისი ფუნქციის შესრულებას. თავისუფალი სიტყვის დახშობა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ეს საზოგადოების წარმატებაა.
– ახალგაზრდები, რომლებიც ამდენი ხანი ქუჩაში დგანან, ქმნიან მოძრაობას სახელწოდებით “სირცხვილია”.
– ეს კარგია. იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ამდენი ხანი აქტიურები არიან, დაამტკიცეს, რომ აქციების მართვისა და პროტესტის გამოთქმის უნარი აქვთ. ისინი შეიძლება გახდნენ საზოგადოების გამაერთიანებლები.
არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მათ აქციებზე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მისვლის უფლება არა აქვს. იქ მისვლა ყველას უნდა შეეძლოს, ვინც მთავარში ერთიანია, ვინც აღიარებს, რომ დამპყრობელი დამპყრობელია. აბსურდია, მაგრამ საქართველოში სხვა შეხედულებების ხალხიც არსებობს – დამპყრობელს დამპრყობლად ყველა არ აღიარებს. ასეთები მტერს სხვაგან იძებენ.
– დასავლეთში?
– როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ვხედავთ პოლიტიკურ პარტიებსა და ჯგუფებს, რომლებიც საყვედურობენ იმათ, ვინც ცდილობს, დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. ასეთი პოლიტიკოსებისათვის რუსეთი მტერი არ არის.
თუ დასავლეთის მიმართ რაიმე პრეტენზია შეგვიძლია გვქონდეს, ეს სულ სხვა სახის პრეტენზიებია. მაგალითად, 2008 წელს რომ ჩვენთვის მაპი მოეცათ (ამაზე რასმუსენიც საუბრობდა), თავიდან ავიცილებდით 2008 წლის ომს რუსეთთან. შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ რუსეთის მაშინდელ აგრესიაზე მსოფლიოს არასაკმარისი რეაქცია ჰქონდა. რუსეთის აგენტურა საქართველოში სხვა რამეს ამბობს. ეს ხალხი აცხადებს, რომ დასავლეთია საქართველოს მტერი.
– ამ დღეებში აქტუალური იყო მამუკა ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაცია და მისი მამხილებელი განცხადებები ივანიშვილზე.
– ნებისმიერი დასავლეთზე ორიენტირებული ძალის გამოჩენა დადებითი მოვლენაა. მისი მამხილებელი განცხადებებიც საჭიროა. ოქუაშვილისა და სხვებისაგანაც მოგვისმენია, რომ ივანიშვილთან ქურდული გარჩევები ხდება. ხაზარაძის მიერ მოყვანილმა ფაქტებმა ეს დაადასტურა. მეუცნაურა მისი გამონათქვამები სხვა საკითხზე.
– სხვებთან თანამშრომლობის უარყოფაზე?
– დიახ. მისი ნათქვამი, რომ არავისთან ითანამშრომლებს, შეცდომაა. თავიდან მეგონა, რომ მამუკა ხაზარაძე გულისხმობდა, რომ ერთიან საარჩევნო ერთეულს არ შექმნიდა სხვა პარტიებთან. მოგვიანებით მან იგივე გაიმეორა. თან აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლების დასრულება უნდა. გამოდის, რომ მას აქვს იმედი, რომ არჩევნებზე აიღებს 50%-ს.
ეს ხდება იმ პირობებში, როცა დასამარცხებელია რუსეთის მიერ დასმული ძალა. დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები ყველას საერთო ამოცანაა. ამ საკითხში აუცილებელია თანამშრომლობა. ამის მიღწევა ერთობლივი ძალისხმევითაც ურთულესია, მარტო კი – შეუძლებელი.
აუცილებელი არ არის, პარტიები ერთი სიით წარსდგნენ არჩევნებზე, მაგრამ ერთად დგომა ერთი მიზნისათვის სავალდებულოა. ხაზარაძეს არც ივანიშვილის ადრინდელი საქმიანობის პოზიტიურ შეფასებაში ვეთანხმები.
– ქველმოქმედების შეფასებაში?
– ივანიშვილის ჰონორარები მოსახლეობის გარკვეულ ფენას შეეწია, მაგრამ ის სიკეთის მკეთებელი იქნებოდა მაშინ, თუ პოლიტიკაში არ მოვიდოდა. მისმა პოლიტიკურმა ამბიციებმა დაამტკიცა, რომ ფინანსური დახმარება ადამიანებს გარკვეული მიზნებისთვის ეწეოდათ. ზოგიერთმა ადამიანმა ამაზე უარიც თქვა.
– ივანიშვილის ძირითად დამსახურებად სააკაშვილის გაშვება სახელდება.
– ამ საკითხს ვიწრო გადასახედიდან არ უნდა მივუდგეთ. სააკაშვილის დროს ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, უამრავი ადამიანი დაზარალდა. მესმის, რომ ამ ადამიანებისთვის სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა შვება იყო. ეს საკითხი რუსეთმაც კარგად შეისწავლა. რუსეთმა გამოიყენა ეს უკმაყოფილო ფენა იმისათვის, რომ ის შემდეგ ივანიშვილის დასაყრდენი გამხდარიყო.
არადა, სააკაშვილი ქვეყნისთვის რაღაცას აკეთებდა კიდეც. 2012 წლის შემდეგ საქართველოში ძირითადად ნეგატიური მოვლენები ხდება. ყველა ადამიანს პოლიტიკურ ანალიზს ვერ მოვთხოვთ. მოქალაქეების უმრავლესობა მოვლენებს თავისი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე აფასებს.
ხალხს უჭირს იმის გააზრება, რომ ქვეყნისთვის “ქართული ოცნება” კარგის მომტანი არაა. სხვა პრობლემებს რომ თავი დავანებოთ, ივანიშვილი ნეგატიური შეფასებისთვის საკმარისია საყდრისის აფეთქება, დასავლეთ საქართველოს გადათხრა და ხეების ტრანსპორტირება, ასევე, პრორუსული ქმედებები.