თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტს, ახლობლები ინტერნეტ თამაშ – „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ.
როგორც სკოლის დირექტორი ამირან ელიავა აცხადებს, სუიციდის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ეჭვი არსებობს „რაღაც თამაშზე“ .
“წაიღეს კომპიუტერი, გუშინ დაკითხეს ბავშვები, სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი ვერ გეტყვით. აქვთ ეჭვი თამაშზე, დეტალურად არ იციან, საქმე არის ძიებაში. ძალინ კარგი მოსწავლე იყო, პრობლემებიც არ ჰქონდა”, – განაცხადა ამირან ელიავამ.
14 წლის ლ.ბ.-ს ცხედარი ბებია-ბაბუამ იპოვა.
“უნდა აიკრძალოს ეს საშინელი თამაში, ამბობენ, ლურჯი ვეშაპიაო… ძალიან ჭკივიანი, უნიჭიერესი ბავშვია. დაზუსტებით არავინ იცის, რეალურად ითამაშა თუ არა ეს თამაში” – აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

