ვახო სუთიძის დაჭრისთვის 50 წლის დ.ს. დააკავეს

ვახო სუთიძის დაჭრისთვის 50 წლის დ.ს. დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1980 წელს დაბადებულ ვახო სუთიძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.

პოლიციამ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.