ვახტანგ ძაბირაძე – “კალაძე სერიოზულ ფიგურად ყალიბდება”

ვახტანგ ძაბირაძე - “კალაძე სერიოზულ ფიგურად ყალიბდება”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, გამოცხადდა რუსთაველზე პერმანენტული აქციების დასრულება. ამით გახარია კომფორტის ზონაში გადავა? მან თქვა, რომ თუ საჭირო გახდება, პროკურატურაში მივა და ჩვენებასაც მისცემს და ის იქნება პირველი პრემიერი, ვინც ჩვენებას მისცემს.
– პროკურატურაში თუ დაიბარებენ, რა თქმა უნდა, მივა, რადგან ეს პიარის ნაწილია. ამით რეალურად ხომ არაფერი წყდება, რადგან პროკურატურამ წინასწარ იცის, რა უნდა გამოიძიოს და როგორ. საქმისთვის ამას მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ პიარისთვის კი, რადგან ის იქნება პირველი პრემიერი, ვინც პროკურატურაში მივა ჩვენების მისაცემად.
შეიძლება აქციები მართლაც უქმნიდეს ხელისუფლებას უხერხულობას, მაგრამ არც იმდენად, რომ ამაზე ვინმე ნერვიულობდეს. ამ აქციებმა თავისი პოტენციალი დიდი ხნის წინ ამოწურა.
აქცია პიკზე უნდა დაასრულო, თუ გინდა, რომ მართლაც შედეგიანი იყოს. აქციას თუ იმდენი ხანი გააგრძელებ, რომ თვითდაშლამდე მივა, ის კაპიტალი, რომელიც მოიპოვა აქციამ, შეიძლება გაუფერულდეს. ამდენად, სწორი გადაწყვეტილებაა აქციების დასრულება. გაგრძელება წამგებიანი იქნებოდა. ამ ქვეყანაში აქციებს და პროტესტს სხვა აღქმა აქვს, ვიდრე დასავლეთში.
– რა განსხვავებაა?
– ჩვენთან აქციის ძალა მის რაოდენობაში გამოიხატება. თუ რაოდენობა არ იქნება, აქცია დევალვირებულია.
– კალაძე თითქოს პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა და ჩუმად არის, თუმცა, ზურაბიშვილი გააკრიტიკა. მართლაც სამეურნეო საქმეებითაა დაკავებული, როგორც დედაქალაქის მერი თუ რაღაცას ელოდება?
– ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად კალაძის პოლიტიკაში გამოუცდელობისა, მას საკმაოდ დიდი უნარი აღმოაჩნდა, რომ წარმატებული ყოფილიყო.
კალაძე საკმაოდ სერიოზულ ფიგურად ყალიბდება. ის არ გაურბის არც ერთ მწვავე კითხვას. იშვიათად მახსოვს მისი კომენტარი ერთი-ორის გარდა, რომელიც ამოვარდნილიყო. ერთი ნამდვილად იყო არაკორექტული, მთაწმინდიდან გამოქანებაზე როდესაც თქვა. სხვა შემთხვევაში ის საკმაოდ სტაბილური და მოზომილია.
მას აქვს გარკვეული უნარები, რომ არეგულიროს ვითარება. ახლაც, ქალაქში მართლაც არის საცობი და მოძრაობა გართულებულია, მაგრამ ამ პრობლემაზე დამაჯერებლად უპასუხა – თუ გვინდა ინფრასტრუქტურული პროექტები, მაშინ ქუჩის გადაკეტვა უნდა ავიტანოთ.
ის გამოკითხულთა შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ლიდერობს. ეს ერთგვარი დივიდენდია.
რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილის კრიტიკას, მოდი, ასე ვთქვათ, ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის კრიტიკის რანგშია. კრიტიკა მაშინ იქნება, თუ ივანიშვილის კრიტიკას გაბედავს.