ზაალ უდუმაშვილი – „ივანიშვილმა ამერიკული გემი ფოთში არ შემოუშვა”

ზაალ უდუმაშვილი - „ივანიშვილმა ამერიკული გემი ფოთში არ შემოუშვა”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

16 სექტემბერს ფოთის პორტში ამერიკული გემი არ შემოუშვეს. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს მიღებული პირველი ხმაურიანი გადაწყვეტილებაა, რამაც ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. თან იმ ფონზე, როდესაც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას იყო სკანდალი მასსა და მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შორის. მაშინ ალასანიამ საფრანგეთთან ხელშეკრულება გააფორმა საჰაერო თავდაცვის შეიარაღების ყიდვის თაობაზე, რამაც საბოლოოდ მისი თანამდებობა შეიწირა, რაც მერე მისი პარტიის _ თავისუფალი დემოკრატების _ ოპოზიციაში გადასვლის საფუძველი გახდა.

ამერიკული გემის ფოთის პორტში შემოსვლის საკითხზე „ნეტგაზეთთან“ გააკეთა კომენტარი საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

„ამერიკულ გემს მარაგის შესავსებად დაგეგმილი ჰქონდა სტანდარტული გაჩერება პორტში. თუმცა, გემის მისვლის დროისთვის იმავე ნავმისადგომში კომერციული გემი იყო გაჩერებული. ხელი რომ არ შეეშალა აღნიშნული გემის კომერციული საქმიანობისთვის და საკუთარ გრაფიკს გაჰყოლოდა, ამერიკულმა ხომალდმა გზა განაგრძო”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობისა და რუსული ნარატივის შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი საუბრობს.

_ შეაფასეთ ის ინფორმაცია რაც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მხედველობაში მაქვს ამერიკული გემების ფოთის პორტში არ-შემოშვების საკითხი. რას გეუბნებათ ეს, მაშინ როდესაც სულ ახლახანს დაინიშნა თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი?

_ რაც მოხდა ამერიკულ გემებთან დაკავშირებით, ეს არის უმძიმესი ფაქტი საქართველოსთვის და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ინტერესების დამაზიანებელი. მით უმეტეს, რომ ეს ეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-თან ურთიერთობას. ამერიკა ამ წლების განმავლობაში ყველაზე დიდი მეგობარია ჩვენი და ასე იქნება მომავალში. ”ქართულმა ოცნებამ” კი გადაწყვიტა, რომ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს დაარტყას. ამას ასახავს ეს ფაქტი.

ახლა რაც არ უნდა თავი იმართლოს იმით, რომ თურმე იქ გემები იდგა და ადგილი არ იყო შემოსასვლელი და ვერ შემოვიდოდა. უკაცრავად, მაგრამ ასეთი ხომალდები ტაქსები კი არაა, რომ შემოუხვია ფოთის პორტთან და იქ გაჩერდა. ეს ხომ შეთანხმებული იყო, რომ მოდიოდა გემები. კეთილი უნდა ინებო ამ დროს ხელისუფლებამ და უნდა გაათავისუფლო ადგილი ფოთის პორტში, მაგრამ ის ასე არ მოიქცა. იმიტომ, რომ ეს იყო შეგნებული ნაბიჯი, რომ ეს გემი არ შემოსულიყო ქართულ პორტში. რატომ და რა მიზნით, ამაზე დასკვნების გაკეთება მარტივია.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ალბათ გადაიკვეთებოდა რუსეთის ინტერესები, თუ ეს გემი შემოვიდოდა. ხომ ვუყურებთ, რაც ანაკლიის პორტის მიმართულებით ხდება. ზუსტად იგივე პოლიტიკის გაგრძელება არის ის, რაც მოხდა ამერიკულ გემთან დაკავშირებით. ანუ, კოჭის გაგორება რუსეთთან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანების ხარჯზე. მხოლოდ და მხოლოდ ეს შეფასება შემიძლია გავუკეთო ამ ფაქტს.

_ ანუ ეს არის ”ქართული ოცნების” მხრიდან რუსეთის მაამებლური პოლიტიკის გაგრძელება?

_ რა თქმა უნდა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რასთან გვქონდა საქმე და რას ემსახურებოდა ამ გემის საქართველოს პორტში შემოსვლა. როდესაც ამერიკის სამხედრო გემი შემოდის შენს პორტში, ჩათვალეთ, რომ ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. სულ რომ გაჩერდეს პორტის მუშაობა ამის გამო, მაშინაც კი. ამას თუ ვერ აცნობიერებს საქართველოს ხელისუფლება, არ ვიცი.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამას ვერ აცნობიერებენ. ეს იყო შეგნებულად გამიზნული ნაბიჯი, რომ ეს გემი ვერ შემოსულიყო ქართულ პორტში.

_ ხელისუფლება არა უუნარო, არამედ მავნებლური პოლიტიკის განმახორციელებელია?

_ არა, ეს ხელისუფლება უუნარო არ არის. ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული პოლიტიკის ნაწილი. ამას ბოლო დღეებისა თუ თვეების განმავლობაში განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ვხედავთ. დაწყებული 20 ივნისით და დასრულებული გავრილოვის სისხლიანი ღამით. ვხედავთ, რაც ხდება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და ბოლო აკორდი იყო ეს, როდესაც ამერიკული ხომალდი ვერ შემოვიდა ფოთის პორტში.

_ უკავშირებთ თუ არა ამ თემას პირადად ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის სახელთან არის დაკავშირებული ალასანიას მინისტრობისას საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება საჰაერო თავდაცვის შესყიდვის თემაზე. ამის გაგრძელების ნაწილად ხომ არ განიხილავთ ამ საკითხს?

_ ირაკლი ღარიბაშვილი ალბათ იყო ივანიშვილის დავალების შემსრულებელი ამ შემთხვევაში. იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გადაწყვეტდა, თვითონ ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, შემოსულიყო თუ არა ეს გემი. მას ამის კომპეტენცია არ გააჩნია, იმის მიუხედავად, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტი უკავია. ეს იდეა თუ წამოვიდოდა, წამოვიდოდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისგან.

_ კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე გაავრცელა შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიაში შესაძლო ჩართვაზე. ძალიან მძიმე თემაა, ზედმეტად აქცენტირებული ხომ არ იყო ამერიკის მოქალაქის წამოწევა. ანუ, ხომ არ ხედავთ მცდელობას, რომ ანტიამერიკული ნარატივი გაჩნდეს?

_ ამ საკითხზე ამ მიმართულებით კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან საქმე ძალიან მძიმე დანაშაულს ეხება. ყველა სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით, სანამ არ დადგინდება დანაშაული, მაგრამ თვითონ ფაქტი იმდენად მძიმეა, რომ ახლა რაიმე დასკვნების გაკეთება ალბათ რთული იქნება. ეს გამოჩნდება გამოძიების პროცესში.

ალბათ უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო, მათ შორის ადვოკატისგანაც. მეტი ინფორმაციაა საჭირო, რაც გამოძიების პროცესში გამოიკვეთება და ამის შემდეგ შეგვეძლება დასკვნების გაკეთება. ახლა ამ ეტაპზე რთულია რაიმე კონკრეტული დასკვნების გაკეთება ამ მიმართულებით.

_ ანუ ამ მიმართულებით კითხვები თქვენც გაგიჩნდათ?

_ არა, კითხვები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საკმაოდ მძიმე დანაშაულთან გვაქვს და ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება. სჯობს, დაველოდოთ გამოძიებას, რა იქნება გამოძიების შედეგი და ამის შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები.

_ რას ფიქრობთ წულუკიანის გადაწყვეტილებაზე, როდესაც რუსეთს გადასცეს ტერორიზმში ბრალდებული პირი და გვითხრეს, რომ ეს გავაკეთეთ, რადგან ვიმედოვნებთ არ აწამებენო? დაახლოებით ასეთი იყო მისი შეფასება.

_ ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ რუსეთის ყველა მოთხოვნა თემატურად აღიქმება, როგორც ბრძანება. წულუკიანის არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენ რუსეთისგან სამართლებრივი გარანტიები მივიღეთ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებაო.

რუსეთის მხრიდან მიღებული გარანტია თუ მართლა გარანტიად ითვლება, მაშინ ძალიან ცუდად არის ჩვენი ხელისუფლების საქმე. ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს და საერთაშორისო სამართლით აღებული ვალდებულებები არ შეუსრულებია საქართველოსთან მიმართებით და ამ დროს გვეუბნებიან, რომ თურმე გარანტიები მიიღეს, რომ ამ პირთან მიმართებით რაიმე ისეთი არ განხორციელდება. რა, ამ გარანტიების დარღვევა გაუჭირდებათ?

საქმე გვაქვს რუსეთთან, ხალხო! ეს ვერ იქნება გამამართლებელი არგუმენტი წულუკიანისთვის.

_ წულუკიანი იბრძოდა და იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე ჰააგის სასამართლოში და იცის მისი ქმედებები და ამ დროს ის საუბრობს ასეთ გარანტიებზე, ეს რას ნიშნავს?

_ გასაგებია, რომ ესეც მოსული დირექტივებია და ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით მაღალ დონეზე გადაწყდა, ვიდრე წულუკიანია. ასეთი საკითხები წყდება სხვა დონეზე. შესაბამისად, ესეც დირექტივაა და იუსტიციის მინისტრი იძულებული გახდა, რომ ეს დირექტივა შეესრულებინა. თუმცა, იუსტიციის მინისტრი სხვა რომ ყოფილიყო და ეს ხელისუფლება არ იყოს, ასე მარტივად არ მოხდებოდა ამ ადამიანის გადაცემა რუსეთის მხარისთვის.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმე გვაქვს რუსეთთან. იმ რუსეთთან, რომელიც ნამდვილად არ გამოირჩევა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო და ქვეყანა, რომელიც იცავს იმ სამართლებრივ შეთანხმებას, რომელიც არსებობს სხვა ქვეყანასთან.

არანაირი გარანტია არ აქვს ქართულ მხარეს, რომ რუსეთი შეასრულებს პირობას და ამ ადამიანს არ დაემუქრება რაიმე საფრთხე.