ზაზა პაპუაშვილი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს – ”კანონს ვერ გავექცევით”

ზაზა პაპუაშვილი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს - ”კანონს ვერ გავექცევით”ნონა ცაბაძე
“ახალი თაობის” კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი პასუხობს
– ბატონო ზაზა, შეწყალების სკანდალი აქტუალურობას არ კარგავს. დიმიტრი გაბუნია დაადანაშაულეს ამ ყველაფერში, მაგრამ მან პასუხისმგებლობა მოიხსნა. როგორია თქვენი, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლის, პოზიცია?
– ასეთი მუხლით გასამართლებული ადამიანები რომ არიან შეწყალებულები, რომლებსაც ნახევარი კი არა, თითქმის არა აქვთ სასჯელი მოხდილი, მე ამ თემასთან დაკავშირებით გამოვხატე აღშფოთება და ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება.
ვინ ვის ადებს ხელს, მე ვარაუდებით ვერ ვილაპარაკებ. ამის არც უფლება მაქვს და არც მეკადრება. რახან ამდენი კითხვა გაგვიჩნდა ყველა ჩვენთაგანს და ერთ პაკეტში მოხდა ასეთი ადამიანების შეწყალება, ე.ი. რაღაცაშია საქმე.
– და რაშია საქმე?
– თუ რაშია საქმე, სწორედ ამის გამოა გამოძიება დაწყებული და ამაზე პასუხები უნდა მიიღოს საზოგადოებამ.
– ყველა მუხლი მძიმეა, მკვლელობა, ნარკოდანაშაული, ძებნილი…
– სწორედ ამას ვლაპარაკობ. ამიტომ მე ვარაუდებით ვერ ვილაპარაკებ. ახლა გაბუნია იშვერს ხელს სხვისკენ თუ გაბუნიასკენ იშვერენ ხელს, მე ასე ვერ ვილაპარაკებ. ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ვარ უკიდურესად აღშფოთებული.
ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებაც კი არ მომისმენია ნორმალური. სწორედ ამიტომაც არის გამოძიება დაწყებული. გამოძიება ნიშნავს იმას, რომ პასუხი უნდა გავიგოთ. გამოძიებას მე ამას ვეძახი! ფარდა აეხადოს ყველაფერს და გავიგოთ სიმართლე. ადამიანებმა, ვინც არიან პასუხისმგებლები, თქვან, რაშია საქმე.
– უნდა მივიდეს სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე?
– ჩვენ ხომ ვამბობთ ერთ რამეს, რომ კანონთან არის ყველა თანასწორი. პრეზიდენტს, რომელიც ასე სახალხოდ არჩეულია, გარკვეული ანგარიშვალდებულება მოსახლეობასთან გააჩნია. გავიგეთ, რომ დისკრეციული უფლებაა, იურიდიულად გასაგებია, მაგრამ ამის გარდა არის სხვა, მორალური მხარე, რომელმაც არ უნდა დაარტყას სახელმწიფოებრიობას.
მე მაინტერესებს, რა ხდება, როგორ ხდება და გამოძიება იმისთვის გვჭირდება, რომ საზოგადოების კითხვებს პასუხი გაეცეს. ეს არის და ეს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
– თუკი გამოიკვეთა პრეზიდენტის დანაშაული, იმსჯელებს თუ არა უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე?
– იმპიჩმენტი იურიდიული აქტია, ეს კონსტიტუციაშიც არის გაწერილი. თუ ამის აუცილებლობა დადგება, კანონს როგორ გავექცევით?! მგონია, რომ ვერა.
– დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე როგორ ხედავთ, დადგება დღის წესრიგში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი?
– დღევანდელი გადმოსახედიდან რას ვხედავ, ეს სხვა არის. ძალიან ბევრ რამეს ვვარაუდობ და ათასი ფიქრები მომდის, მაგრამ არ არის სწორი, დღეს ჩემი ვარაუდები გამოვთქვა. დაველოდოთ გამოძიებას. მეც იმ ადამიანების რიგში ვარ, რომელიც აღშფოთებულია პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილებით.
– გამოდის ინფორმაციები, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აღშფოთებულია და პრეზიდენტს ყველა განუდგა.
– აღშფოთებულები არიან, რასაკვირველია, ასეა. ვინ მოუწონებს ასეთ საქციელს?! მე ამაში მოსაწონს ვერაფერს ვხედავ.
– 23 სექტემბერს პირველად გამოჩნდა დიმიტრი გაბუნია საზოგადოების წინაშე და მისმა განცხადებებმა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა ეს თემა და მეტი კითხვა გააჩინა. რას იტყვით?
– მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ დაიმალება და ამ ბუნდოვანებას ცოტა ხანში ნათელი მოეფინება. მე ამ პროცესს ასე ვუყურებ. ეს ასე როგორ დარჩება?! მე აქ კითხვები დამებადება, სხვასაც კითხვები გაუჩნდება, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ, ვინარჩუნებთ ამ დამოკიდებულებას.
– როდის დააფიქსირებს საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარ პოზიციას, როდესაც გამოძიება თავის სათქმელს იტყვის?
– ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, პრეზიდენტი ამერიკაშია, რომ დაბრუნდება, ეს პროცესები თვითონ წავა ავტომატურ რეჟიმში, ვის რა ვალდებულებები აქვს, ვინ რა კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი და ასე შემდეგ. ეს იქნება საჯარო ინფორმაცია.
– აძლევთ საზოგადოებას იმედს, რომ მოხდება ამ საქმის გამოძიება და პროკურატურა თაროზე არ შემოდებს, როგორც სხვა ბევრ საქმეს?
– რომელი საქმე შემოიდო თაროზე?!
– რომელი ერთი ჩამოვთვალო, ბატონო ზაზა. გაქვთ იმედი, რომ პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს?
– მე, პირველ რიგში, ვარ მოქალაქე და ჩემს ქვეყანაში როცა ხდება რაღაცა არასასიამოვნო მომენტები, მეც ისევე განვიცდი, როგორც თქვენ განიცდით. მეც იმ მოქალაქეების რიგში ვარ, რომელსაც სჭირდება მკაფიო პასუხი გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით.
¬ მკვლელები შეიწყალა პრეზიდენტმა და მოკლულთა ოჯახის წევრებისთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იყო. მათ განუახლდათ ტრაგედია და ჭრილობები, კითხვები აქვს საზოგადოებას და დროულად ელის პასუხებს.
– მესმის. წარმომიდგენია, ეს ყველაფერი რა სიმძიმესთან არის დაკავშირებული. აბსოლუტურად გააზრებული და წარმოდგენილი მაქვს, რამხელა დარტყმაა ეს მათთვის.
– პარლამენტი თუ მოსთხოვს პრეზიდენტს ახსნა-განმარტებას?
– იცით რა, შევიკრიბებით, ფორმატი ბევრნაირია. უმრავლესობა, ფრაქციები. მოვლენებს როგორ გავუსწრო და წინასწარ როგორ გითხრათ? რამე რომ გითხრათ წინასწარ, ის უნდა აღსრულდეს და როგორ და რა ფორმით აღსრულდება, მარტო მე ხომ არ ვარ, ბევრი ადამიანია უმრავლესობაში და ამას სჭირდება გააზრება და ჩამოყალიბება.
ყველას მაგივრად მე ხომ ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას და წინასწარ რაიმე პირობას ხომ ვერ მოგცემთ.
დაველოდოთ პრეზიდენტის ჩამოსვლას და მოვლენების შემდგომ განვითარებას.