ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში დაგეგმილი ოპერაცია იყო – რას წერს გერმანული მედია

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში დაგეგმილი ოპერაცია იყო - რას წერს გერმანული მედიაგერმანიის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას კრიმინალური სარჩული არ გააჩნია, ის დაგეგმილი ოპერაცია იყო. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ბელინგკატის, ინსაიდერის, დოსიე ცენტრის და შპიგელ ონლაინის ერთობლივად ჩატარებულ გამოძიებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

როგორც გამოძიების მონაწილეები ამტკიცებენ, მათ მოიპოვეს მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილი ვადიმ სოკოლოვი ბერლინში სხვისი სახელით და გვარით გაემგზავრა რუსეთის სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით.

გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ სავარაუდო დამნაშავის პიროვნება ჯერ კიდევ დგინდება. გარდა ამისა, შპიგელის პუბლიკაციაში მოყვანილია 49 წლის ვადიმ სოკოლოვის ანკეტის ფოტოასლი, რომლის მიხედვითაც, მან 2019 წლის ივლისში მიიღო რუსეთის ინდივიდუალური გადასახადის გადამხდელის ნომერი.

გერმანული გამოცემა ასევე მიუთითებს, რომ მისამართზე, სადაც სოკოლოვი ცხოვრობდა, ასეთი სახელითა გვარით ადამიანს არ იცნობენ. გარდა ამისა, გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ სოკოლოვის სამსახურის ტელეფონი სრულიად ემთხვევა იმ კომპანიის ტელეფონის ნომერს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაშია.

მოხსენებაში უარყოფილია ჰიპოთეზა, რომ სოკოლოვი და პოლიციის ყოფილი მაიორი ვლადიმერ სტეპანოვი, რომელიც რუსეთში 24 წლიან სასჯელს იხდიდა, ერთი და იგივე პიროვნებაა, როგორც ეს მანამდე ივარაუდებოდა.

„წყარო ადასტურებს, რომ 2019 წლის სექტემბრის შუა პერიოდის მონაცემებით, სტეპანოვი ჯერ კიდევ იხდიდა სასჯელს“ – წერენ ავტორები.

მათი მონაცემებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი მოსკოვიდან ჯერ პარიზში გაემგზავრა, შემდეგ ვარშავაში, სადაც ხუთი დღის განმავლობაში სასტუმროში ცხოვრობდა.

ამ დროის განმავლობაში ის ბერლინში იმყოფებოდა, რაც მიუთითებს მის განზრახვაზე, დაბრუნებულიყო ვარშავაში ბერლინის ოპერაციის შემდეგ.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს.

იპნ