ზვიად კორძაძე – ”გახარიას წერილზე” ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი”

ზვიად კორძაძე - ”გახარიას წერილზე” ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი””ინგლისში ჩატარდა ექსპერტიზა, ჩვენ მივიღეთ დისკი, რომელზეც ასახულია ექსპერტიზის შედეგები, აღმოჩნდა, რომ მასზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.”

ამის შესახებ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ “არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან” შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, იმ წერილზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მას გიორგი გახარიამ მისწერა, ათეულობით თითის ანაბეჭდია ასახული. ადვოკატი ექსპერტიზის შედეგს პროკურატურას წარუდგენს.

„ამ დისკს პროკურატურაში წარვადგენთ. მასზე ათეულობით ანაბეჭდია. დანარჩენი გამოძიების საქმეა, არცთუ ისე რთული, მან უნდა მოახდინოს ამ ანაბეჭდების იდენტიკიფიკაცია და შემდეგ უნდა გამოკითხოს ეს პირები და დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე. ბრიტანეთიდან ამ ეტაპზე არ ველოდებით დამატებით რამეს ექსპერტიზის სახით. გრძელდება ლინგვისტური და სხვა სახის ექსპერტიზები, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რა მონაცემებიც გვაქვს, ისინი პროკურატურას წარვუდგინოთ. რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ითქვას, ვისი ანაბეჭდი არის ზედ”, – განაცხადა კორძაძემ.

მისი თქმით, ის პირები, რომლებიც მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებდნენ, ამ დრომდე არ გამოკითხულან.

„როცა მამუკა ხაზარაძე გამოიკითხა, მან დაასახელა ადამიანები, რომელთაც იმ საღამოსვე გაუზიარა წერილის არსებობის შესახებ, დაასახელა ბიზნესმენები, ვისთანაც ჰქონდა საუბარი, დაასახელა შეხვედრა ბიზნესმენების, სადაც ამაზე ისაუბრა.

პროკურატურას არც ერთი მათგანი არ გამოუკითხავს, ისე განაცხადა მეორე დღეს, რომ გამოძიების საფუძველი არ ჰქონდათ. ველოდებით შემდეგ რამეს, დასახელებული ჰყავს ადამიანები და ეს ადამიანები გამოიკითხონ, შეუძლიათ ბევრი სხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარონ და ეს ანაბეჭდები შეადარონ ბაზას, რომელიც გააჩნიათ და დაუსვან მარტივი კითხვა, საიდან აღმოჩნდა, ეს ანაბეჭდები იმ წერილზე.

შუამავლის დასახელება ჩემი პრეროგატივა არ არის, შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე გადაწყვეტს, როდის დაასახელოს შუამავალი. ამ მტკიცებულების შემდეგ, ვინაობის დასახელება აზრს კარგავს. გამორიცხული არ არის, შუამავლის ანაბეჭდიც იყოს წერილზე.

მამუკა ხაზარაძემ რაც ამ წერილის არსებობის შესახებ განაცხადა, პროკურატურამ დაგვიბარა და ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში წავედით. განგვიმარტეს, რომ მოქმედი საქმის ფარგლებში ვიკითხებოდით, რომელიც ფულის გათეთრებაზე მიმდინარეობდა.

საქმის მასალების გადმოცემისას ეს გამოკითხვა საქმის მასალებში არ იყო. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, რა სამართლებრივ სივრცეში უნდა გადავცე ეს დისკი, მაგრამ აუცილებლად გადავცემ”, – განაცხადა ადვოკატმა კორძაძემ.