ადვოკატი ჩომახაშვილი – ”ივანეიშვილმა სუსის აგენტობაზე უარი თქვა და ამიტომ დააკავეს”

ადვოკატი ჩომახაშვილი - ”ივანეიშვილმა სუსის აგენტობაზე უარი თქვა და ამიტომ დააკავეს”განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, ივანეიშვილს დაკავებამდე სუს-ის წარმომადგენლებმა თანამშრომლობა შესთავაზეს, უარის მიღების შემდეგ კი, ის დააკავეს.

როგორც ირაკლი ჩომახაშვილი აცხადებს, ივანეიშვილი აპირებს დაასახელოს ის პირები, რომლებიც მასთან დაკავებამდე 2 თვით ადრე იყვნენ მისულები და თანამშრომლობას სთხოვდნენ.

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ მისი თავმჯდომარეობის დროს, მასთან სუს-ის რამდენიმე თანამშრომელი მივიდა და შესთავაზა ეთანამშრომლა. კერძოდ, ოპოზიციის მიმართულებით, თუ რა გეგმები ჰქონდათ მათ და სამომავლოდ რას აპირებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მის უარს სამომავლოდ სხვადასხვა საკითხებში გაითვალისწინებდნენ. ეს საბჭოთა კავშირისდროინდელი მიდგომაა და ვფიქრობ, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურას შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს.

სუს-ის შეთავაზებაზე ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მკაცრი უარი განაცხადა, ვინაიდან წყალტუბო პატარა დასახლებაა, ოპოზიციის და მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთთან პოლიტიკურად დაპირისპირებულები არიან, თუმცა, არა პიროვნულად. ის კანონიერად მოიქცა, როცა უკანონოდ არ ითანამშრომლა სუს-თან და ჩანერგილი არ გახდა.

ამ ეტაპზე, კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც მასთან იყვნენ მისული, არ ასახელებს. ამასთან დაკავშირებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ოფიციალური წერილი გავრცელდება”, – განაცხადა ჩომახაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გრიგოლ ივანეიშვილი დაიკითხა. ის სასამართლოს 5 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას.

მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 18 ოქტომბერს, 16:00 საათზე დაინიშნა, ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუა დაიკითხება.

იპნ