ადვოკატი ლარისა ჩადუნელი – ”ირაკლი დეკანოიძეს ნათია გოგალაძის მოკვლა არ უნდოდა, 10 წუთი ისინი შვილებზე საუბრობდნენ”

ადვოკატი ლარისა ჩადუნელი - ”ირაკლი დეკანოიძეს ნათია გოგალაძის მოკვლა არ უნდოდა, 10 წუთი ისინი შვილებზე საუბრობდნენ”ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ირაკლი დეკანოიძის ადვოკატმა ლარისა ჩადუნელმა ,,ინტერპრესნიუსთან” დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მოკლულის ახლობლის მხრიდან, სატელეფონო საუბრებისას ადგილი ჰქონდა გარკვეულ მუქარას.

თუმცა, ადვოკატის თქმით, დეკანოიძეს ყოფილი ცოლის მკვლელობის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია და მასთან შვილების შემდგომ ბედზე სასაუბროდ და მოსალაპარაკებლად მივიდა, როდესაც მათ შორის კონფლიქტი მოხდა.

„ფაქტია, რომ მომხდარია მძიმე დანაშაული. მას არ სურდა მისთვის სიცოცხლის მოსპობა, უნდოდა ბავშვების საკითხზე დალაპარაკება, შემდეგ მოხდა შელაპარაკება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი“, – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, ბრალდებული მოსალაპარაკებლად ხელყუმბარით იყო თუ არა მისული, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ზუსტად ვერ იტყვის“.

„ასეთ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ შეიარაღებული იყო მისული და განზრახული ჰქონდა მისი სიცოცხლის მოსპობა. გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 10 წუთამდე, ისინი საუბრობდნენ“, – აღნიშნა ადვოკატმა.

შსს-მ ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ირაკლი დეკანოიძე ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იპნ