ანზორ აბრალავა – “სააკაშვილი ძალიან ღრმა წარსულია”

ანზორ აბრალავა - “სააკაშვილი ძალიან ღრმა წარსულია”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
შეინიშნება თუ არა გარიგებები პოლიტიკურ სპეტრში? როგორია სააკაშვილის როლი მიმდინარე პროცესებში? რჩება თუ არა შუა ისევ გაკრეფილი? რატომ პროგნოზირებს სოციალისტური მოძრაობების გამოჩენას? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას.
– საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” გარიგებულია ნაცმოძრაობასა და მის განაყოფებთან. ადამიანებს ამის გამო უჩნდებათ ნიჰილიზმი.
– “ქართულ ოცნებაში” და ნაცმოძრაობის სხვადასხვა განშტოებაში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ საერთო წარსული და თანამშრომლობა. ამ ძალებს შორის გარიგებაზე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი. ერთი კი ფაქტია – ერთადერთ ოპოზიციად ქვეყანაში აღიარებულია ნაცმოძრაობა და “ევროპული საქართველო”.
– “ქართული ოცნების” ინიციატივით?
– მარტო “ქართული ოცნების” ბრალი არ არის, რომ ამ ქვეყანაში ერთი პატარა ჯგუფის გარდა არავის აღიარებენ და არავის უსმენენ. აკადემიური წრეებით დაწყებული, ხელოვანებითა და პოლიტიკოსებით დამთავრებული, ყველასთვის ყველა კარი დახშულია. ტელევიზიებში სულ ერთი და იგივე სახეები სხედან. ასე მგონია, ორგანიზატორები მათ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით დაატარებენ ერთი არხიდან მეორეზე.
– “ქართული ოცნება” აღიარებით ჩვენებას იძლევა. მმართველი პარტია პირდაპირ ამბობს, რომ ნაციონალების მაღალჩინოსნების დაჭერის სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, მაგრამ დემოკრატიის პრინციპებისადმი ერთგულების გამო ეს არ გააკეთა.
– რამდენი წელია, ვამბობ, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, დამნაშავე ნაციონალები სასჯელს მიღმა არ უნდა იყვნენ. იმის გამო, რომ ადამიანი ნაცმოძრაობის წევრი იყო ან არის, მას ყველაფერი არ უნდა ეპატიოს! რა შუაშია დემოკრატია? დემოკრატია მართლმსაჯულებას გამორიცხავს? თუ დაუსჯელობაა დემოკრატია, მაშინ სხვებს რატომ სჯიან?
მსუბუქი დანაშაულის გამო უამრავი ადამიანი იხდის სასჯელს. მაშინ ავუშვათ თეთრი ბაიარაღები და ისინიც გამოვუშვათ! ეს ადამიანები ნაციონალებზე უფრო უდანაშაულოები არიან. ამ განცხადებების ავტორები არაპროფესიონალები, უვიცები და დანაშაულის დამფარველები არიან. დანაშაულის დაფარვა დანაშაულია.
– შერჩევით სამართალზე ქვეყანაში სკანდალური განცხადება გააკეთა აშშ-ში წასულმა ყოფილმა პროკურორმა სალომე ადეიშვილმა.
– გავეცანი მის პოსტს. ვიცით, რომ პროკურატურაში არის პრობლემები. რაც შეეხება თვითონ ავტორს, ის აღიარებს, რომ თვითონ მონაწილეობდა უკანონობაში და ხელს უწყობდა შერჩევით სამართალს. ამერიკაში წასვლა თუ უნდოდა, წასულიყო.
– წავიდა კიდეც, თან სისტემა ამხილა.
– ეს მხილება შეთანხმებულ მოქმედებას ჰგავს. საქართველოში ოპოზიციად ითვლებიან ის ძალები, რომლებიც ფეხს უდებენ საქართველოს. სალომე ადეიშვილს იყენებენ. ვფიქრობ, რომ მისი მოქმედება შეთანხმებულია ნაცმოძრაობასთან ან ”ევროპულ საქართველოსთან”. ეს ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ძალებია. ვერ ხედავთ, ანტიქრისტეები ქრისტეს მოძღვრების მქადაგებლებად რომ იქცნენ?
– რელიგიურ თემაზე გაკეთებულ განცხადებებს გულისხმობთ?
– აბა რა! სააკაშვილი და ბოკერია გადაიქცნენ ქრისტეს აპოლოგეტებად და ეკლესიურ ადამიანებად.
– ამით ადამიანების მიმხრობას ახერხებენ?
– ვერ ახერხებენ, მაგრამ ცდილობენ. უბედურება ისაა, რომ ასეთი ხალხის მცდელობა ხშირად შედეგიანია. მაგალითად, ბოკერიას და მის გუნდს დაპყრობილი აქვთ ეთერი. ისინი ხალხს მოძღვრავენ. ტელევიზიები, მაგალითად, “ტვ პირველი”, მათ ანგელოზებად და პროფესიონალებად წარმოაჩენენ. საზოაგადოების სხვა ნაწილს ტელევიზიები სიტყვას უხშობენ. არა მგონია, ეს ხელისუფლების შეკვეთა იყოს. ასეთი მიდგომაა ქვეყანაში. გამონაკლისი თავისუფალი გაზეთებია.
– ითვლება, რომ 2012 წელს გაკრეფილი უკვე შუა ივსება.
– საარჩევნო კანონმდებლობა უკეთესობისკენ იცვლება. ამასთან, ოპოზიციად ისევ მარტო ნაცმოძრაობა და “ევროპული საქართველო” ითვლება. ტრიბუნა ამათია და მათთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებისაა. ქვეყანაში გვაქვს ამ ჯგუფის დიქტატურა. განსხვავებული აზრის გამოთქმა სასტიკად იკრძალება. სახელმწიფოები ბევრნაირი არსებობს, მაგრამ ასეთი მოვლენა არსად ხდება.
– ივანიშვილისა და სააკაშვილის როლები თუ შეიცვალა პოლიტიკაში?
– სააკაშვილი ძალიან ღრმა წარსულია. ის თავის თანამოაზრეებსაც აღიაზიანებს. სააკაშვილს სერიოზულად არ აღიქვამენ. სააკაშვილისა და ბოკერიას ურთიერთბრალდებები კარიკატურულ ფორმას იღებს.
– ივანიშვილსაც აღარ აქვს ჭარბი ნდობა.
– ვის როგორი ნდობა აქვს, ამას არჩევნები აჩვენებს. კრიტიკა კრიტიკაა, მაგრამ ე. წ. ოპოზიციის შეტევები მთავრობაზე მარგინალური და აგრესიულია. მთავრობას იმასაც კი ედავებიან, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გზებს რატომ აგებო. აბა რა ქნას მთავრობამ, საქმე არ აკეთოს? სად წერია, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გზების გაყვანა იკრძალება!
– პრობლემა ისაა, რომ არჩევნების დროს ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა.
– საქართველოში ხდება პოლიტიკის კაპიტალიზაცია. პოლიტიკის კაპიტალიზაციისას ადამიანების მოსყიდვა არ უნდა გაგვიკვირდეს. პოლიტიკას მოეძალა კაპიტალი. ეკონომიკურ ჯგუფებს უნდათ მოსვლა ხელისუფლებაში. მამუკა ხაზარაძე ამიტომ აკეთებს ამდენ სალტო-მორტალეს. ის ძალაუფლების გამო ცდილობს იყოს ხისტი, გამბედავი, სკანდალური.
– კაპიტალის მოძალება კიდევ იქნება?
– როგორ არა. ზოგი ფულიანი ადამიანი თვითონ შექმნის პარტიას, ზოგი სხვას ამოეფარება. მოხდება სხვა პროცესებიც. ადრე თუ გვიან, თავისუფალი ბაზრის დისკრედიტაციის გამო უნდა ველოდოთ სოციალისტურ მოძრაობებს.
– მემარცხენეების გაძლიერებას ვარაუდობთ?
– საქართველოში მოსალოდნელია ულტრამემარცხენეების გაძლიერება. ეს სხვაგანაც შეინიშნება.
– სხვაგან, მაგალითად, საფრანგეთში მემარცხენეობა 4 საუკუნეა, ძლიერია. ჩვენთან სხვა სიტუაციაა.
– რადიკალური მემარცხენეობა ძალიან გადამდებია. სოციალისტური მოძრაობები გააქტიურდებიან ჩვენს რეგიონში, მთელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ეს ტენდენცია საქართველოშიც გადმოინაცვლებს. ჩვენთან ულტრამემარცხენეები 2020 წლისთვის თუ არა, მომავალში გაძლიერდებიან.