ბიძინა ივანიშვილი ნატოს აფხაზეთში ცვლიდა, რატომ შეუთვალა მან პუტინს ბოდიში?!

ბიძინა ივანიშვილი ნატოს აფხაზეთში ცვლიდა, რატომ შეუთვალა მან პუტინს ბოდიში?!“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “2020NEWS“ -თან იმ სკანდალური ინფორმაციის შესახებ საუბრობს, რომელიც, ბერძენიშვილის თქმით, “ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად უთხრა. როგორც დავით ბერძენიშვილი აცხადებს, 2014 წლის გაზაფხულზე ბიძინა ივანიშვილმა მას პირადად მოახსენა, რომ “რუსეთს ბოდიში შეუთვალა“.

“2014 წლის გაზაფხულზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის მაშინდელმა წევრებმა თინა ხიდაშელმა და ლევან ბერძენიშვილმა რუსეთის ქმედებები უკრაინის ანექციასთან დაკავშირებით მწვავედ შეაფასეს. ამ ფაქტის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა პირადად მითხრა, რომ პუტინს ბოდიში შეუთვალა დეპუტატების მწვავე განცხადებების გამო. მამუკა ხაზარაძემ გუშინ თქვა, 2017 წელს ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, ამერიკელებს რა უნდა შავ ზღვაშიო. ბიძინა ივანიშვილისთვის ნატო 2017 წელს კი არა, 2014 წელსაც არ იყო პრიორიტეტი, რაც მასთან დაახლოებულმა ძალიან ბევრმა ადამიანმა კარგად იცის“, – გვითხრა დავით ბერძენიშვილმა.

“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ასევე, “ 2020NEWS“- თან აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას პირადად აფხაზეთის ნატოში გაცვლის ინიციატივა შესთავაზა.

“2014 წლის მაისში ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ნატოში მაინც არ მიგვიღებენ და ნატო აფხაზეთში გავცვალოთო. ბიძინა ივანიშვილის პრიორიტეტი ნატო არ ყოფილა. ევროკავშირთან ასოცირება და ვიზალიბერალიზაცია ივანიშვილის ამოცანა იყო, მაგრამ საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაციის არ სჯეროდა, ამიტომ ნატოსკენ აქტიურობა საჭიროდ არ მიაჩნდა. ის თვლიდა, რომ რუსეთს საქართველოს ნატოსკენ სვლა ძალიან აღიზიანებდა და საშიში იყო“,- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “მთავარი არხის“ ეთერში 2017 წელს “ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრა გაიხსენა. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, თუ “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრას „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი ლევან ახვლედიანი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ესწრებოდნენ.