ორი პირის განზრახ მკვლელობასა და ერთი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დათო პატურაშვილს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული დათო პატურაშვილი დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 3 იანვარს, დაბა თიანეთში, დათო პატურაშვილი, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ოლეგ შუშანაშვილის და ვლადიმერ ოქრომჭედლიძის განზრახ მოკვლის მიზნით, ოლეგ შუშანაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდა და დანით ვლადიმერ ოქრომჭედლიძეს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგად ვლადიმერ ოქრომჭედლიძე ადგილზე გარდაიცვალა.
დათო პატურაშვილმა, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის და ოლეგ შუშანაშვილის მკვლელობის გაადვილების მიზნით, იქვე მყოფ ნუგზარ აბრამიშვილს გადაჭრილი გლუვლულიანი სანადირო თოფიდან მხრის, ხოლო ოლეგ შუშანაშვილს სახის არეში ესროლა.
მიყენებული დაზიანების შედეგად ოლეგ შუშანაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დათო პატურაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დათო პატურაშვილი 2019 წლის 7 იანვარს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დათო პატურაშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

