დავით მესხიშვილი – „ტაქსის ფერი შეიცვალა, მგზავრობის ფასი გაიზარდა, მაგრამ ხარისხი უცვლელი დარჩა“

დავით მესხიშვილი - „ტაქსის ფერი შეიცვალა, მგზავრობის ფასი გაიზარდა, მაგრამ ხარისხი უცვლელი დარჩა“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

ერთ კვირაზე მეტია, რაც დედაქალაქში ტაქსების რეგულაციები ამოქმედდა. ამ პროცესმა ტაქსების გაძვირება გამოიწვია, შედეგად გაიზარდა ნაკადი ავტობუსებსა და მეტროში, რომლის ხარისხთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით მესხიშვილი „ახალი თაობასთან“ ინტერვიუში მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ საუბრობს და ასევე იმაზე, ხომ არ ჩნდება კორუფციის ნიშნები ტაქსების რეგულაციის თემაზე.

_ მოვისმინეთ კალაძის განცხადება, რომ ვისაც არ მოსწონს გაძვირებული ტაქსი, გადაჯდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზეო. შემდეგ კი განმარტა, რომ სამომავლოდ ისაუბრა ამაზე, მაგრამ რამდენად თანმიმდევრულია ეს პროცესი?

_ ეს რეფორმა დაიწყო 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს. თუმცა, ამას რეალურად რეფორმა არ ჰქვია, რეგულაციებია. იმიტომ, რომ რეფორმა ნიშნავს იმას, როდესაც შეფასება ხდება, კვლევა… რა უნდა გატარდეს, რა არის გასაკეთებელი და ა. შ. ამ შემთხვევაში მსგავსი არაფერი არ მომხდარა.

ჩვენ მაშინაც ვეუბნებოდით თბილისის მერიას და ახლაც, რომ სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იქნება საკმარისი რაოდენობით, ეს არ გაეკეთებინათ. იმიტომ, რომ ეს გამოიწვევდა ტაქსის გაძვირებას, შეიქმნებოდა კრიზისი მგზავრთა გადაყვანაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იყო გათვალისწინებული და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ანუ, არ გამოცხადდა ეტაპები იმისათვის, რომ თვითდასაქმებულმა მძღოლმა თვითონ გადაწყვიტოს, უღირს თუ არა ამ სფეროში ყოფნა.

დღეს ჩვენ მივიღეთ ის, რომ გაძვირებული ტაქსების გამო მგზავრთა ნაკადი გაიზარდა ავტობუსებსა და მეტროზე, რომელთა რაოდენობა არ არის საკმარისი და კარგა ხანს სამწუხაროდ ვერ იქნება საკმარისი. ამიტომ შეიქმნა ასეთი კრიზისული მდგომარეობა. ყველაფერი უთავბოლოდ არის დაგეგმილი. მით უმეტეს, რომ საერთოდ კვლევა არ ჩატარებულა. არც საზოგადოებრივი აზრის კვლევა, არც პრობლემის ანალიზი. დაიწყო ეს პროცესი იმგვარად, რომ მოდი რაღაცა გავაკეთოთ და ტაქსი გახდეს უკეთესიო.

რაც მთავარია, ტაქსის ტექნიკურ გამართულობას არ უზრუნველყოფს ლიცენზია და ეს არის ტექინსპექტირების საქმე, რომელიც საერთოდ ცალკეა. ტაქსი იქნება თუ არა, ეს ტექინსპექტირებას უნდა დაექვემდებაროს.

_ ანუ ტექნიკური გამართულობის საკითხები მერიას საერთოდ აღარ ეხება?

_ არა, ამასთან მერია არაფერ შუაშია. ტექინსპექტირებას გავდივართ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა, ვისაც ავტომობილი გვყავს და ეს საერთოდ არ არის კავშირში მერიასთან. მით უმეტეს გაუგებარია, რას აგვარებს ლიცენზია. სინამდვილეში არაფერსაც არ აგვარებს, გარდა იმისა, რომ ტაქსი გახდა თეთრი ფერის. ის არ აგვარებს ტექგამართულობასაც. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ტაქსი გახდებოდა უფრო კომფორტული და ფასი არ გაიზრდებოდა. მერე გვითხრეს, რომ გაიზრდება, აბა რა იქნებაო. მერე გვითხრეს, რომ არა, არ გაიზრდებაო, მერე მერის მოადგილემ თქვა, რომ 1%-ით გაიზარდაო. მაგრამ რეალურად ვართ ამ გაუგებრობაში.

_ ანუ რეალურად ფასი გაიზარდა, ტაქსის ფერი შეიცვალა, მაგრამ ხარისხი უცვლელი დარჩა?

_ დიახ. ხედავთ, რომ ხარისხი არ შეცვლილა. მოთხოვნებში არც არის ეს ჩამონათვალი. მძღოლი იგივეა, სატრანსპორტო საშუალება იგივეა, ოღონდ თეთრი ფერის და მგზავრობის ღირებულება არის სხვა, ანუ გუშინდელზე უფრო ძვირია მომსახურება. ეს შეიცვალა, მაგრამ ხარისხთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა.

_ სატრანსპორტო პოლიტიკის თანმიმდევრულობასთან გვაქვს პრობლემა?

_ პრობლემა გვაქვს იმაში, რომ დედაქალაქში ტრანსპორტის მწყობრი პოლიტიკა არ არსებობს. არ არის თანმიმდევრული ხედვა, გეგმა და არ არსებობს ეს დოკუმენტი. რაღაც სტრატეგია არ არსებობს ამ მიმართულებით. ეს ხდება დედაქალაქის ტრანსპორტთან დაკავშირებით და მიმდინარეობს კონტექსტიდან ამოგლეჯილად რაღაც ცალკეული ეპიზოდები, რომლებიც არ უკავშირდება ერთმანეთს და რაც მთავარია ტრანსპორტი არის ის სფერო, რომელიც დაკავშირებულია ერთმანეთთან _ ავტობუსი, მეტრო, ტაქსი, ჩვენს კერძო მფლობელობაში მყოფი ავტომობილები.

ამ საერთო სტრატეგიიდან უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება. საზოგადოებრივი ტაქსი არის განუვითარებელი და ამ დროს რეგულაციები დაწესდა ტაქსზე. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, რაც იმის შედეგია, რომ არ არსებობს კონკრეტული დაწერილი გეგმა.

_ ლოგიკურად ხომ ასე უნდა იყოს, რომ მოწესრიგდეს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პრობლემა, მეტრო გაუმჯობესდეს და ამის შემდეგ შემოვიდეს ტაქსების რეგულაციები, რაზეც ვთანხმდებით, რომ ესეც გასატარებელია, მაგრამ ბოლო ეტაპზე.

_ დიახ, რა თქმა უნდა. მეც ზუსტად მაგაზე ვსაუბრობ, როცა ვამბობ, რომ ერთმანეთზე დამოკიდებულებით არ ხდება ამ ცვლილებების გატარება. ეს იმიტომ, რომ არ არის კონკრეტული გეგმა დაწერილი. დედაქალაქის მერისგან გვესმის, რომ პარალელურად წესრიგდება ავტობუსების პრობლემა, მაგრამ ავტობუსების პრობლემა ვერ წესრიგდება პარალელურად. იმიტომ, რომ ტაქსების რეგულაციებმა გაასწრო.

სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება 1.000-მდე ავტობუსი, რომელიც საჭირო იქნება ნორმალური გადაადგილებისთვის. თუნდაც ახლები, რომლებიც ჩამოდის და მოხდება ძველი, უვარგისი ავტობუსების ჩანაცვლება, გვექნება 600-მდე ავტობუსი. შესაბამისად, საინტერესოა. ვინ უთხრა მერიას, რომ პარალელურად უნდა მოწესრიგდეს ეს, როცა ეს პროცესი პარალელურად არ გამოდის და პრობლემაც მაგაშია.

_ რაღაც კორუფციულ სქემებზეც არის საუბარი და ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ან ეჭვი ამ მიმართულებითაც?

_ არსებობს ეჭვი იმისა, რომ ამ რეგულაციებს დაემატება სხვა რეგულაციები და ზეწოლა გაიზრდება თვითდასაქმებულ ტაქსისტებზე და ისინი ვერ შეძლებენ ამ რეგულაციებით დაკმაყოფილებას, გამომდინარე ფინანსური შესაძლებლობებიდან, რაც გამოიწვევს ამ ბაზრიდან მათ გასვლას. რაც იმას ნიშნავს თავისუფალი ადგილის გაჩენას და მოთხოვნის ზრდას, შესაბამისად გვაქვს ეჭვი, რომ გამოჩნდება რამდენიმე კომპანია, რომლის ხელშიც მოექცევა მთლიანად ეს ბიზნესი.

შეიძლება იყოს ორი კომპანია ალბათ და დაახლოებით ცნობილია სურათი, რომ მივიღებთ სხვადასხვა შპს-ს, შეიძლება რამდენიმე შპს იყოს, მაგრამ დაახლოებით მაინც მონოპოლიური ტაქსის ბიზნესს მივიღებთ. ამას სხვა ახსნა არ აქვს.

_ ეჭვი იმაზეც გაქვთ, რომ შესაძლოა ეს კომპანიები კალაძესთან იყვნენ აფილირებულები?

_ ამ ეტაპზე მე ვერ დავადებ ხელს კალაძეს ამ მიმართულებით. მაგრამ ის პროცესი. რაც მიმდინარეობს. პრაქტიკულად ამზადებს ნიადაგს სხვადასხვა მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებიც შემოვლენ ბაზარზე. ჩემი ეჭვი არის ის, რომ ახლო მომავალში კიდევ უფრო შეიზღუდება ეს ბაზარი.