ძმებმა ყარამანაშვილებმა სტრასბურის გადაწყვეტილების გადასინჯვა ითხოვეს

ძმებმა ყარამანაშვილებმა სტრასბურის გადაწყვეტილების გადასინჯვა ითხოვესცოტა ხნის წინ “რუსთავი 2-ის” საქმეზე განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ.

განცხადების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეცნობა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურის სასამართლოს პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების იმავე სასამართლოს დიდი პალატის მიერ გადასინჯვა ითხოვეს.

ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროსათვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მომჩივანი მხარის მოთხოვნას, საქმის დიდი პალატის მიერ გადასინჯვის შესახებ, დადგენილი წესით, განიხილავს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, დასაშვებად იქნება თუ არა ცნობილი მოცემული მოთხოვნა და გადასინჯავს თუ არა გადაწყვეტილებას ევროპული სასამართლოს დიდი პალატა.

ამ ეტაპზე, სახელმწიფოსგან რაიმე ტიპის დამატებით არგუმენტაციის ან შესაგებლის წარდგენის საჭიროება არ არის – განმარატავს წულუკიანის უწყება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებას აცნობებს ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ. სტატისტიკის მიხედვით, 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია მსგავსი თხოვნების მხოლოდ დაახლოებით 5%-ს აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ – აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 18 ივლისს ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ: დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა; დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით; ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ყოფილი მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება და დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები. სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.