გიგა ბუკია – “გიორგი მიქაუტაძემ სააკაშვილის დროს ბინა წამართვა”

გიგა ბუკია - “გიორგი მიქაუტაძემ სააკაშვილის დროს ბინა წამართვა”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
პარლამენტში გრძელდება უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების მოსმენა. ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის “კონსერვატორების” ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიას.
– მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ პროკურორს პარლამენტში დაუსვეს სხვადასხვა შეკითხვა, მის მიმართ სერიოზული პრეტენზიები გაჩნდა. უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ოპოზიციის ნარატივია და სხვა არაფერი. ასე მარტივად არის საქმე?
– თქვენ რომელ პრეტენზიებს გულისხმობთ?
– გაჩნდა კითხვები მისი დიპლომის ნამდვილობაზე, ასევე ზოგად განათლებაზე.
– შალვა თადუმაძის კომპეტენციაში არავის არასდროს შეუტანია ეჭვი. მათ შორის, ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს. სააკაშვილის დროს ის ადვოკატი იყო და როგორც ძლიერი იურისტი, უწევდა ოპონირებას მოწინააღმდეგეებს. თადუმაძის ზოგად განათლებაზე არ შეიძლება დასკვნების გამოტანა სახუმარო პასუხებიდან გამომდინარე. ზოგიერთი შეკითხვა დაახლოებით ასეთი იყო – არის თუ არა ორჯერ ორი ოთხი? ოპოზიციის წარმომადგენლები მას დამამცირებელი ტონალობით ელაპარაკებოდნენ.
– ოპოზიცია თადუმაძის მიმართ დამცინავი იყო?
– რასაკვირველია, დამცინავი იყო. რომან გოცირიძე და გიგა ბოკერია ხშირად დამამცირებლად და ამპარტავნულად ელაპარაკებიან ადამიანებს. მიუღებელია ასეთი ხალხის მხრიდან სხვების მიმართ ზემოდან ყურება, თორემ, პოლიტიკური პაექრობა ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება. აშშ-ში, მაგალითად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებზე ლაპარაკობენ.
– შალვა თადუმაძის დიპლომმა არეული თარიღებით საზოგადოებაც დააბნია.
– არ შეიძლება ვინმე ვინმეზე უკეთესი იყოს იმის გამო, რომ ოქსფორდში სწავლობდა. 90-იანი წლები მძიმე იყო საქართველოსთვის. იმ დროს ზოგი საზღვარგარეთ გარბოდა, ზოგი კი ჩაბნელებულ სამშობლოში რჩებოდა. ზოგიერთი საზღვარგარეთ იღებდა განათლებას, ზოგიერთი კი – საქართველში, სანთლის შუქზე. კანონებით დაშვებული იყო ამა თუ იმ უმაღლესი სასწავლებლის არსებობა. მაშინდელ კანონმდებლობაზე ყველაზე მეტს დავობენ ისინი, ვინც მაშინდელ ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული.
– ვის გულისხმობთ?
– იმ პერიოდში საქართველოს მართავდა სააკაშვილის პოლიტიკური მამა შევარდნაძე. რომან გოცირიძე პრემიერის მრჩეველი იყო. ხათუნა გოგორიშვილმა გაიხსენოს, სად იყო მაშინ! დღეს ყველაზე მეტ იქედნობას მაშინდელ არეულ დროზე ამ ხალხისგან გაიგონებ. საერთოდ, ჩასაფრებული თუ ხარ, ადამიანის ან თვალის ფერი და ცხვირის ფორმა არ მოგეწონება, ან დიპლომი.
– თქვენ შალვა თადუმაძეს კენჭისყრისას მხარს დაუჭერთ?
– შალვა თადუმაძე იქნება ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელსაც ჩვენი ფრაქცია მხარს დავუჭერთ.
– აქამდე წარმოდგენილ სხვა კანდიდატებზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
– სხვადასხვაგვარი. ზოგთან შეკითხვები დაგვრჩა. ზოგი ჯერ არ წარმდგარა ჩვენ წინაშე. მაგალითად, გიორგი მიქაუტაძე. გიორგი მიქაუტაძეს ბევრ მწვავე შეკითხვას დავუსვამთ. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც 2011-2012 წლებში კონვეიერული წესით გაგვასამართლა “ქართული ოცნების” შემომწირველები.
– თქვენ, როგორც მახსოვს, მაშინ ბინა ჩამოგართვეს?
– დიახ, საცხოვრისი წამართვეს. ფულის წარმომავლობაზე მომედავნენ. არადა, საბანკო ამონაწერი ყველაფერს განმარტავდა. მოსამართლე მიქაუტაძემ საბანკო ამონაწერი მტკიცებულებად არ მიიჩნია. სასამართლოში ჩვენი საქმის ბრალმდებელს უზარმაზარი დრო დაუთმეს, ხოლო ჩვენ, ბრალდებულებს, ორ-ორი წუთი. ჯამში 7 კაცზე 14 წუთი გამოგვიყვეს.
– ასეთი გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლეები და ასეთივე “სამართლიანი” პროკურორები “ქართული ოცნების” მმართველობის დროს დაწინაურდნენ.
– ჩვენ ამაზე ხელი არ მიგვიწვდებოდა. როცა “ქართული ოცნება” კოალიციით მოვიდა, ჩვენთვის მთავარი იყო სასამართლოს დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა იმას ნიშნავს, რომ სასამართლოსა და პროკურატურის საქმეებში პარლამენტის წევრები არ უნდა ჩაერიონ.
ჩვენ არც მოსამართლეების და არც პროკურორების დაწინაურებაში არ ვმონაწილეონდით. მიქაუტაძის კარიერულ წინსვლაზე რომ მთხოვეს კომენტარი, იგივე ვთქვი. ამჟამად კანდიდატები პარლამენტში მოდიან და სხვა სიტუაციაა. ის, რომ მოსამართლეს, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს შეგიძლია შეახსენო, რომ უკანონო და არასწორი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, კარგია სასამართლო სისტემისათვის. მოსამართლე, სანამ უსამართლო განაჩენს გამოიტანს, კარგად დაფიქრდება.
– სოციალურ საკითხებზეც მინდა გკითხოთ. პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი მინიმალური ხელფასის შესახებ.
– დეტალურად მასზე მსჯელობა შემეძლება მაშინ, როცა პროექტს გავეცნობი. საკომიტეტო მოსმენებზე იქნება განხილვა. მას ახლავს ბევრი ნიუანსი. ერთი მხრივ, მინიმალური ხელფასის დადგენა კარგია, მეორე მხრივ, ქმნის პრობლემებს.
– მომავალი წლიდან ხელფასები ეზრდებათ სკოლის მასწავლებლებს და საბიუჯეტო სფეროს სხვა სეგმენტებს. ამავე დროს, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები 200 და 300 ლარიანი ხელფასებით, დიდი ასევე უმუშევრობა და სიღატაკე.
– მომავალი წლის ბიუჯეტი 900 მილიონი ლარით იზრდება. აქედან 800 მილიონამდე სოციალურ სფეროზე – ხელფასებზე, პენსიებზე, დახმარებებზე ნაწილდება.
სოციალური მიმართულება პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემები ხელფასებისა და პენსიების მატებით არ გადაწყდება. აუცილებელია ბიზნესის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ღირსეული ანაზღაურების მიღწევა.
სახელმწიფო ამაზე ზრუნავს. შექმნილია კარგი პროფესიული სასწავლებლები და გადამზადების კურსები. არის მთელი რიგი პროფესიები, რომლებზეც არსებობს მოთხოვნა, მაგრამ არ არის კვალიფიციური კადრები. კარგი ხელოსანი რომ იშოვო, რიგში უნდა დადგე. მუშახელის დეფიციფი უნდა გამოასწორონ პროფესიულმა სასწავლებლებმა.
პროფესიონალი კადრები სამუშაოს გარეშე არ დარჩებიან. თანდათან უმუშევრობა შემცირდება და სოციალური პრობლემები დაიძლევა.