გიგლა ბარამიძე – “60%-ს კი არა, ბუს კვერცხებს მიიღებს “ქართული ოცნება”

გიგლა ბარამიძე - "60%-ს კი არა, ბუს კვერცხებს მიიღებს "ქართული ოცნება"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რა ხდება ქართულ პოლიტიკურ ველზე არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე? რატომ ვეღარ გამოვა არჩევნების გაყალბება? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ გიგლა ბარამიძეს.
– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დარჩა. თქვენი შეფასებით, რა შეიცვალა ამ დროისთვის პოლიტიკურ მინდორზე?
– პოლიტიკურ სპექტრში მცირეოდენი ცვლილებებია. ეს მაინცდამაინც პოზიტიური სიახლეები არაა. მთავარი სიახლე არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთაც პარლამენტი მიიღებს.
ჩვენი პარტიისათვის ბარიერის გადალახვა პრობლემა არ არის. ცვლილებები მარტო ბარიერს არ ეხება. ეს საარჩევნო შესწორებებია, რომლებიც პოზიტიურად მიგვაჩნია. გაჩნდა ახალი მოძრაობები, რომლებიც გადაკეთდება პარტიებად. საერთოდ, პარტიები სოკოებივით მომრავლდება.
მსგავსი მოვლენები აქამდეც გვინახავს. გვახსოვს, როგორ წამოჩიტდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა, რასაც მოჰყვა მისი ლიდერის გაქრობა პოლიტიკიდან. ჩემი დაკვირვებით, ივანიშვილი სიმძიმის ცენტრს პარლამენტზე გადაიტანს.
– პარლამენტის მომავალ შემადგენლობაზე?
– დიახ. მთელი აქცენტი პარლამენტზე ექნება გადატანილი, მაგრამ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. უმრავლესობა არავის ექნება.
– ბოლო დროს მმართველი პარტიის მხრიდან დაანონსებული 60% ხომ არ არის იმის მანიშნებელი, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას აპირებს? ასეთი რეიტინგი მმართველ პარტიას არ აქვს.
– ალბათ, “ოცნებაში” ამაზე ოცნებობენ. სწორედ ამის გამო იკლავენ თავს იმისთვის, რომ ნაციონალების დროინდელი სისხლში გასვრილი მოსამართლეები გაიყვანონ.
მორჩილი საკონსტიტუციო სასამართლო, მონა მოსამართლეები ყველა სასამართლოში უნდათ იმისთვის, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები ვერ გასაჩივრდეს.
მოგეხსენებათ, ჩვენი პარტია ამ მხრივ დაზარალებულია. ჩვენ არაერთგზის გაგვიყალბეს არჩევნები. ჩვენი სიმართლე სასამართლოში ვერ დავამტკიცეთ. სამაგიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩვენგან გაიგეს, თუ როგორ ყალბდება არჩევნები.
– ფიქრობთ, რომ აღარ გამოვა გაყალბება?
– ეუთომ ისეთი გამანადგურებელი დასკვნა დადო და ისეთი შენიშვნები მისცა “ქართულ ოცნებას”, რომ ხელისუფლება გაყალბებას ვეღარ გაბედავს. გაყალბების საწინააღმდეგო მთავარი წამალი ამომრჩევლის აქტიურობაა.
– არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა?
– რასაკვირველია. მინდა თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მოვუწოდო ადამიანებს, არჩევნების დღეს შეეშვან ფეისბუკზე კაკუნს და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე! ნუ დასხდებით სახლში! რაც ნაკლები ადამიანი მივა ხმის მისაცემად, მით მეტი იქნება გაყალბების შანსი.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ხუჭუჭა კობახიძე კი უნდა შეეშვას ფრუტუნს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” 60%-ს აიღებს. 60%-ს კი არა, ბუს კვერცხებს აიღებს ეგ პარტია! მმართველ პარტიას მომხრეების რიცხვი უმცირდება, სხვებს კი პირიქით, გვეზრდება.
დღეს ჩვენთან ოფისში მოდის 200 კაცი, რომელსაც ჩვენს პარტიაში გაწევრიანება უნდა. ეს ახალი ხალხია. კობახიძემ ჯერ 45% დაასახელა, შემდეგ, ეტყობა, თავში ჩაუკაკუნეს და 60% ათქმევინეს. თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, 40%-ის ნახევარს ვერ აიღებს “ქართული ოცნება”.
– ზაფხულში, ირაკლი კობახიძის გადადგომის შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მას პარტიაშიც ჩააჩოჩებდნენ. როგორც ჩანს, იგი პარტიაში წინა პლანზე იქნება.
– პარტიაში შეიძლება იაქტიუროს და მომავალში დეპუტატადაც გაიყვანონ, მაგრამ ფსონს მასზე არ დადებენ. კობახიძის მონაწილეობით გატარებულმა რეფორმებმა გამოიწვია კრიზისი და არეულობა თვითონ “ქართულ ოცნებაში”. ამას მოჰყვა ბესელიას და სხვების წასვლა. ამ კობახიძისა და გავრილოვის გამო ხალხი ივნისში ქუჩაში გამოვიდა. სიმართლე გითხრათ, იმდენი საქმე გვაქვს, მმართველი პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები ნაკლებად გვაინტერესებს.
– 2020 წლის არჩევნებისთვის უქმდება საარჩევნო ბლოკები. არსებობს მოსაზრება, რომ მაინც უნდა მოხდეს პარტიების დაჯგუფება. ამაზე რა აზრი გაქვთ?
– ჩვენ ვიმოქმედებთ დამოუკიდებლად, ჩვენი იდეების მიხედვით. საგარეო პოლიტიკაში ესაა მრავალვექტორული მიდგომა. მიგვაჩნია, რომ დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გარდა, საჭიროა ურთიერთობა რუსეთთან. ამას მოითხოვს ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა. საშინაო პოლიტიკაში ესაა მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.
– სოციალური მდგომარეობა უმძიმესია.
– სხვებზე კიდევ უფრო უარესია იმ ადამიანების ყოფა, რომლებსაც ბინებს დაჰპირდნენ და მოატყუეს.
– ვისზე საუბრობთ?
– 2012 წელს “ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ 2016 წელს ბინებით დააკმაყოფილებდა ყველა დევნილს. ეს ხალხი 27 წელიწადია, დევნილობაში იმყოფება. ეს ადამიანები ისევ უბინაოდ არიან. ამ ხალხს უთხრეს, რომ ბიუჯეტში თანხები არ არის. თვითონ ხომ ყიდულობენ ძვირ ბინებს, კაბინეტებში კი უძვირფასესი ტექნიკა და ავეჯი აქვთ დაწყობილი! ჩვენმა პარტიამ გამოთვალა და დაასკვნა, რომ ხარჯების 40%-ით შემცირების შემთხვევაში შეიძლება დევნილების საბინაო პრობლემის გადაჭრა.
– ხარჯების დაზოგვას და ოპტიმიზაციას წლებია, გვპირდებიან.
– თუ შემცირდება გაბერილი შტატები, უზომო ხელფასები და ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ნივთის ყიდვა, გამოთავისუფლდება ნახევარი მილიარდი ლარი. დევნილების ბინებს 200 მილიონი ყოფნის. ჩვენს მაღალჩინოსნებს ამ ადამიანების მდგომარეობა არ აწუხებთ. მათ მოკლე ხანში დიდი ფული ფული დააგროვეს და თავისთვის ყიდულობენ პრესტიჟულ ძვირ ბინებს.
– ამაზე მონაცემები გაქვთ?
– გვაქვს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ვერასა და ვაკეში ახალაშენებული მრავალსართულიან კორპუსებში ბინების 80% ჩვენს მაღალჩინოსნებს აქვთ ნაყიდი.