გიორგი ვაშაძე – “თუ შეძლებენ, ყველას ჩასვამენ ციხეში”

გიორგი ვაშაძე - “თუ შეძლებენ, ყველას ჩასვამენ ციხეში”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ვაშაძე პასუხობს.
– ბატონო გიორგი, “ქართულ ოცნებას” ფაქტიურად წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული აქვს. როგორც მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი იმატებს პენსიები და ხელფასები. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია?
– საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაში ნამდვილად მაგრები არიან, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი ქვეყანაში, ეს მეორე საკითხია.
– მაშინ როდესაც “ოცნება” ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ოპოზიცია ერთმანეთთან დაპირისპირებითაა გართული, ეს არ აზარალებს ოპოზიციის ინტერესებს?
– ოპოზიციაში მე ვერ ვხედავ ასეთ რადიკალურ დაპირისპირებას.
– კონკრეტულად ნაცმოძრაობას და “ევროპულ საქართველოს” ვგულისხმობდი.
– გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოდის ნაციონალური მოძრაობაც და ჩვენ ერთიანობას ვინარჩუბთ. რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, არჩევნების შემდეგ ისიც კოალიციური მთავრობისთვის ემზადება და ემზადება გაერთიანებულ ოპოზიციასთან, სადაც შედის მათ შორის ნაციონალური მოძრაობა.
მე მგონი, ასეა და ცალკეულ განცხადებებს, მე ვფიქრობ, უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე მისაქცევია. საზოგადოებას უყვარს, როცა ინტრიგაა.
– ეს განცხადებები “ოცნების” წისქვილზე რომ ასხამს წყალს? ეს არ აზიანებს ოპოზიციას?
– რა თქმა უნდა, ასხამს და ნამდვილად აზიანებს ჩვენს ინტერესებს, მაგრამ სამწუხაროდ ამ რეალობაში ვართ და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს მართებს, რომ უფრო თავშეკავებული იყოს თავის განცხადებებში და თავის მოქმედებებში.
არ შეიძლება, რომ სხვადასხვა პირებმა ერთმანეთთან ურთიერთობის ხიდი ჩაჭრან. თუ ჩაჭრიან ხიდს, მერე ვეღარც კოალიციაზე ვისაუბრებთ და ვეღარც ვერაფერზე.
– ხელისუფლების ამოცანაა, დარჩეს მესამე ვადით. რამდენად ელოდებით, რომ მისი მხრიდან გაგრძელდეს შანტაჟი, დაშინება და დაჭერები, რასაც ჰქონდა და აქვს ადგილი?
– ცხადია, ყველა მექანიზმს გამოიყენებს “ქართული ოცნება” იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. ეს იქნება დაშინება, შანტაჟი, ადმინისტრაციული რესურსი, ფული, მოსყიდვა, აბსოლუტურად ყველაფერი.
სწორედ ეს არის გახარიას დანიშვნის მთავარი მიზანიც. გახარია რა არის? გახარია არის სიმბოლო ამ მექანიზმების კომპლექსურად გამოყენებისა. ჩემი თვალსაზრისით, ეს მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე და ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნებზე. ასე რომ, ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება, რომ ხელების გადაგრეხვით გავიდეს ფონს.
– ანუ გახარიას დანიშვნით ძალის დემონსტრირება მოახდინა “ოცნებამ”?
– ძალის არა, ამ კომპლექსური მიდგომებისა. რაღა ძალის დემონსტრირება უნდა გააკეთოს “ქართულმა ოცნებამ,” ამით მწვანე აუნთო ამ კომპლექსური მიდგომებს. ხოლო კომპლექსურ მიდგომებში ვგულისხმობ დაშინება-მოსყიდვებს, რაც დაიტესტა საპრეზიდენტო არჩევნებზე და შემდეგ ზუგდიდის არჩევნებზე მათი მხრიდან.
თუმცა მე არ მგონია, რომ ეს სვლა მათ რაიმე შესაძლებლობას აძლევდეს. იმიტომ, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალური ფონი, ეკონომიკური ფონი. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, მოსახლეობის 40% ამბობს, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა. ეს ყველაფერი საზოგადოების განწყობაზე და დამოკიდებულებაზე ახდენს ძალიან დიდ ზეგავლენას და ფაქტობრივად შეუძლებელი მგონია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა.
– ანუ ძალადობა და შანტაჟი ვეღარ იმუშავებს?
– ვერ იმუშავებს ვერც ერთ შემთხვევაში.
– ოპოზიციურ ფლანგზე რამდენიმე ახალი ლიდერიც გამოჩნდა, “ოცნებამ” მათი დისკრედიტაცია მოახდინა, ზოგი დაიჭირა, ზოგსაც პროკურატურასთან აქვს საქმე. ელოდებით ამ პროცესის გაგრძელებას?
– სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივ რეალობად ჩამოყალიბდა საქართველოში. თუ რაიმე შესაძლებლობა მიეცემათ, ყველას ჩასვამენ ციხეში. სულ მცირე მოდავების შანსიც რომ ჰქონდეთ, თუნდაც ისეთი აბსურდის, როგორიც ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაშია, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
ასე რომ, სულ მცირე მიზეზიც რომ იყოს, ჩასვამენ ციხეში, რა თქმა უნდა.
– რას აპირებს ოპოზიცია, რით უპირისპირდება ხელისუფლებას?
– ჩვენ ტყუილად არ ვზივართ, ძალიან სერიოზულად ვემზადებით და ძალიან სერიოზულ პროცესებს ვაპირებთ. ძალიან სერიოზულად ვაპირებთ ხალხთან ურთიერთობას.
ჩვენ ხალხთან ვიმუშავებთ გაცილებით მეტს, ვიდრე ვმუშაობდით აქამდე. საზოგადოებაში ძალიან დიდი პროტესტია დაგროვებული. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული და განსხვავებული სტრატეგია და ამას ჩვენი საზოგადოება მალე გაიგებს.
“ოცნება” თავისას ვეღარ გაიტანს.