გუბაზ სანიკიძე – „ბიძინა ანგრევს მიშას შექმნილ სისტემურ სიკეთეებს”

გუბაზ სანიკიძე - „ბიძინა ანგრევს მიშას შექმნილ სისტემურ სიკეთეებს”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

როგორ ხედავს ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავალს? რა რეფორმებია ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და როგორ ხედავს ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გზებს? – ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობის“ კითხვებს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე პასუხობს.

გუბაზ სანიკიძე:

_ ნელ-ნელა დაიწყება რუსეთისკენ სვლა, ეს არის ფაქტი. ეს ხელისუფლება არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული და განადგურებული. როგორც მორალურად, ისე ეკონომიკურად და ყველანაირად სრული კრახი აქვს. ბიძინა ივანიშვილი ანტიგმირია, ის ქვეყნის ნომერ პირველი ანტიგმირია, ამიტომ მივიღეთ ეს ვითარება.

უმძიმესი ვითარებაა ჩვენს სამეზობლოში. მეზობელი თურქეთი ოფიციალურად შევიდა ჯარით სირიაში. ჩვენი პოზიცია რა არის? არავინ არ იცის. თურქეთის მხარე უნდა დავიჭიროთ ოფიციალურად თუ რა? სირიამ ცნო აფხაზეთი და ცხინვალი, ამიტომ ასე მოვიქცეთ სჯობს თუ პირიქით უნდა მოვიქცეთ? რა უნდა ვქნათ? თქვენ ვინმეს ხედავთ ამ ხელისუფლებაში, რომელიც ამ თემებზე ან საუბრობდეს ან უნარი ჰქონდეს?

არავინ არ არის! ყველაზე აზრზე მოსული ამ ხელისუფლებას ჰყავს ვოლსკი, მაგრამ საერთო ჯამში არ არის მცოდნე ამ საკითხებში. ვოლსკი მუშაობდა ნიუ იორკში. არ ჰყავთ სპეციალისტი ვინც ამ თემებზე ილაპარაკებს ან მათ რჩევას მისცემს, ამიტომ ეს ხელისუფლება ჩამოკიდებულია ჰაერში.

_ თქვენ, როგორც ამ საკითხებში კომპეტენტური, ხელისუფლებაში რომ იყოთ, რა პოზიციას დაიკავებდით?

_ არა, ამაზე მე არ ვილაპარაკებ. საქართველო ახლა ინერტულია, სინამდვილეში კი ჰიპერაქტიური დიპლომატია უნდა ჰქონდეს. ეს შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს ჩვენთვის. ჰიპერაქტიური დიპლომატია გვინდა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა იცოდეს ზუსტად, რა უნდა ხელისუფლებას. ხელისუფლებას დავანებოთ თავი, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რა უნდა ქვეყანას? ვინმემ ამ ქვეყანაში იცის, ბიძინა ივანიშვილს რა უნდა?! რას ფიქრობს?

ახლა გამორიცხვის მეთოდებით ვიმსჯელოთ. ქვეყანაზე რომ არ ფიქრობს, ცხადია. ეკონომიკასა და ტერიტორიების დაბრუნებაზე რომ არ ფიქრობს, ცხადია. პირიქით არის ყველაფერი. სააკაშვილის შექმნილ სისტემურ სიკეთეებს ანგრევს. კორუფციამ უკვე ქვემოდან დაიწყო ამოზრდა. ყველაზე სახიფათოა, როდესაც კორუფცია ქვემოდან ამოდის, ანუ სრულად არის ამოზრდილი. დაუკვირდით, ბოლო პერიოდში ტენდერები არსად აღარ ტარდება.

_ რატომ?

_ ნათესავებით მართავენ ქვეყანას. სიძეებით, მამიდებით, მამიდების ბიძაშვილებით… არნახული ნეპოტიზმია. არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის, არამედ მსოფლიო ისტორიისთვის. თუ გამოვრიცხავთ მეოცე საუკუნის ისლამურ ქვეყნებს.

ძალიან სერიოზული შეკითხვებია ამ კაცის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბევრი ადამიანი მეკითხება ამას და ალბათ თქვენც გეკითხებიან. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვართ?! უფსკრულის პირას დავდივართ ცალი ფეხით.

_ ამ ფონზე ოპოზიციის კინკლაობა რადენად კარგი პროცესია და ქვეყნის საქმე ხომ არ ზიანდება?

_ არაფერი. ყველაფერი დამშვიდდება და დაწყნარდება. ახლა მღვრიე წყალია და გაიწმინდება. მე პირადად მომხრე ვარ, რომ დიდი ოპოზიციური გაერთიანება შედგეს. ეს არის ბუნებრივი, გამოცდილი, მამაპაპური მეთოდი _ ყველა ერთის წინააღმდეგ. 3000 წელია ამართლებს.

_ თუმცა, შემდეგ იქმნება ხოლმე კრიზისები.

_ 2020 წლის არჩევნები მოსაგებია, მორჩა და გათავდა. 2020-ში ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაეხსნას ქართულ პოლიტიკას.

_ არჩევნების შემდეგ რა ხდება? აქ ჩნდება კითხვები.

_ ყველაფერი ცხადია. საპარლამენტო მოდელია და ორი რამეა გასაკეთებელი. ორი დიდი რეფორმაა გასატარებელი. ორი ვადა სჭირდება, ანუ 8 წელი. მერე ერთი კი არა, ათი ბიძინა რომ მოვიდეს, ვეღარაფერს უზამს.

_ რა არის ეს?

_ ორი დიდი რეფორმაა გასატარებელი _ ეს არის სასამართლო რეფორმა და თვითმმართველობა. როცა ეს გაკეთდება, ქვეყანა დაიწყებს განვითარებას, თან ძალიან სწრაფს.

ჩემი ფორმულა ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით არის ის, რომ განვავითაროთ 80 პროცენტი, რომ დავიბრუნოთ 20 პროცენტი. დიდი ქართველი მეფეები სულ ასე აკეთებდნენ _ იწყებდნენ რაღაცა ნაწილის განვითარებას. ჩვენც უნდა დავიწყოთ იმ ნაწილის განვითარება, რომელიც კონტროლდება ჩვენ მიერ. განვავითაროთ ეს, აფხაზეთი, ცხინვალი და ჩრდილეთ კავკასია თვითონ მოვა ჩვენთან. ამას სჭირდება 5-6 წელი.

ბევრი თემებია გასაკეთებელი, მაგრამ ორი რამეა გასაკეთებელი _ 2020-ია მოსაგები, ანუ ბიძინა უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და შემდეგმა პარლამენტმა ორი დიდი რეფორმა უნდა გაატაროს _ სასამართლო და თვითმმართველობა.

2020-ის შემდეგ რა თქმა უნდა კოალიციური მთავრობა იქნება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის კოალიციური მთავრობა იქნება პროდასავლური და ის მთავრობა განახორციელებს ამ ორ დიდ რეფორმას, ამის ხელის შემშლელი დღეს საქართველოში არავინ არ არის.

ეს დაიწყო სააკაშვილმა, მაგრამ მერე სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ვეღარ განახორციელა. განსაკუთრებით ბოლო ორი წელი, ის ხელისუფლება სრულად პარალიზებული იყო და რეფორმებიც შეჩერდა. უნდა მობრუნდეს რეფორმების დრო, საქართველოს სჭირდება ორი დიდი რეფორმა.

_ დიდი დისკუსიაა ოპოზიციაში იმაზე, უნდა წავიდეს თუ არა ივანიშვილი ციხეში. თქვენი პოზიცია როგორია?

_ არ უნდა წავიდეს ციხეში, მაგრამ შემდეგ გარკვეულწილად მოუწევს პასუხისმგებლობა. ხომ არის ცამდე მართალი და ჩვენ ხომ ვართ მტყუანები, რისი ეშინია? თვითონ ამტკიცებს, ცამდე მართალი ვარო.

_ მარგველაშვილს უხსნიან სახელმწიფო დაცვას, თან იმ პირობებში, როდესაც ის იყო როგორც პრეზიდენტი, ისე ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და მიუწვდებოდა ხელი უშიშროების თემებზე, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ინფორმაციაზეც. ამით აყენებენ თუ არა ქვეყანას პოტენციურად რისკის წინაშე?

_ ეს არის უბრალოდ სირცხვილი და სრული გაუგებრობა. ქვეყანას მართავენ მდიდარი ადამიანები, თანაც საკმაოდ შეზღუდული განათლების მქონე პირები. ესენი არ არიან არც ზუბალაშვილები და არც სხვები.

რუსეთის იმპერიაში იყო ძალიან მაღალი დონის ბიზნესი. ესენი მაინც „წითელი დირექტორები“ არიან. მათი აზროვნება არ არის ღია, გამჭვირვალე, პროგრესისაკენ და ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული. არ არის ამათი პოლიტიკა სოციალურ ლიფტებზე, რა იციან მათ ეს?! 41 მილიონერი თუ რამდენია, ხომ იცნობთ, ჰკითხეთ, რას ნიშნავს სოციალური ლიფტი?

_ ტელეფონს არ პასუხობენ და ჟურნალისტებთან არ ჩერდებიან, როგორ უნდა ვკითხოთ ეს ან სხვა შეკითხვა?!

_ რომ უპასუხონ, მთლად უარესია. სჯობს, არ უპასუხონ, ასე უკეთესია ქვეყნისთვისაც, მათთვისაც და ჟურნალისტებისთვისაც.

გამოსავალი არის ის, რაზეც უკვე ვისაუბრე _ ბიძინა ჩაეხსნას ხელისუფლებას და გატარდეს ორი დიდი რეფორმა: სასამართლო და თვითმმართველობა. ყველაფერი დაწერილია და გამზადებულია.

_ მთავარია, ბოლომდე მივიდეს, თორემ ამას ხელისუფლებები სულ გვპირდებოდნენ საზოგადოებას.

_ მივა. დარწმუნებული ვარ ამაში. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი გაკვეთილია ჩვენს ისტორიაში.