”ილია ჯიშკარიანი არ აღიარებს ბრალს და ამბობს, თამთა დაწინაურებას ითხოვდაო” – რას ყვება თამთა თოდაძის დედა

”ილია ჯიშკარიანი არ აღიარებს ბრალს და ამბობს, თამთა დაწინაურებას ითხოვდაო” - რას ყვება თამთა თოდაძის დედაილია ჯიშკარიანი არ აღიარებს ბრალს და ჰყვება, თამთა დაწინაურებას ითხოვდაო. როგორ უნდა მოეთხოვა ბავშვს დაწინაურებ, როცა დეპუტატი ის იყო და დეპუტატი ხომ ვერ გახდებოდა?! სად უნდა დაწინაურებულიყო, ვერ გავიგე”, – განაცხადა საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის დედამ, ხათუნა ოქროპირიძემ.

ის ამბობს, რომ მომხდარიდან მეორე საღამოს, მასთან ილია ჯიშკარიანის მეგობარი, მამუკა ფეიქრიშვილი მოვიდა, რომელმაც გაჩუმების სანაცვლოდ, მორიგება სთხოვა.

მისი თქმით, მამუკა ფეიქრიშვილი მასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ილია ჯიშკარიანი გავლენიანი ადამიანია და მასთან დავით ვერაფერს გახდებოდნენ.

“მოვიდა ჩემი მეზობელი, რომელსაც, რაც მანდ ვცხოვრობ, ვიცნობ. არის ილია ჯიშკარიანის მეგობარი. ერთი თაობაა. ალბათ, ერთ უბანში არიან გაზრდილები. თვითონ ილია ჯიშკარიანიც მეზობელია. გზის იქით ის ცხოვრობს და გზის მეორე მხარეს ჩვენ.

ასეთი ამბავი გავიგე, მართალიაო?! დავუდასტურე. მან თქვა, რომ ჯერ არ მინახავს ილიაო, მაგრამ მე მივხვდი, ისეთი შეკითხვა დამისვა, რომ ნანახი ჰყავდა. თქვა, რომ ის ამბობს, თვითონ დაამტვრია პრინტერიო. მე ვუთხარი გამორიცხულია მსგავსი ფაქტის მოგონება-მეთქი. 2 შვილი გყავს, გოგონა და თქვენს შვილს რომ ასეთი რამე გაუკეთონ, როგორ მოგეწონება-მეთქი და ხელები ამიწევიაო. მითხრა, ახლა წავალ, ვნახავ მას და დილის 11 საათამდე ამოვალ და გნახავო.

დილას მართლა ამოვიდა და გარიგებაზე არ ყოფილა ლაპარაკი. მხოლოდ ასე მითხრა, რომ გავლენიანია, მაგასთან ვერაფერს ვერ გავხდები და იქნებ მოვრიგებულიყავით, მაგრამ კონკრეტულად რაზე, არ ყოფილა ლაპარაკი. მორიგება ნიშნავს გაჩუმებას. მაინც ვერაფერს გახდებით და იქნებ დაგელაპარაკათო. ეს იყო მისი სათქმელი“, – განაცხადა ხათუნა ოქროპირიძემ.

მისივე თქმით, გამოძიების მიერ ამოღებულია ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოდის თამთა თოდაძე იმ ოფისიდან, სადაც შემთხვევა მოხდა.

“დასტურდება ფაქტი, კამერები ამოღებულიაო, როგორც მითხრა გამომძიებელმა. პროკურატურა რას ამბობს-მეთქი და თავს იკავებს, რაღაცას ელოდებაო და არ ვიცი, რას. კამერებში ჩანს, როგორ გამოდის ჩემი შვილი ოფისიდან”, – განაცხადა ოქროპირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების” დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.