სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქართული ოცნების” დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით 10.000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დადანაშაულებულ ჯიშკარიანს თამთა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე მოწმეებთან კონტაქტი აეკრძალა.
გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თამთა თოდაძის უფლებადამცველი. მათი თქმით, ჯიშკარიანი ხელს შეუიშლის ობიექტურ გამოძიებას.
თოდაძის უფლებადამცველების თქმით, ჯიშკარიანი გავლენიანი პოლიტიკოსია და მმართველი პარტიის ლიდერებთან ახლო ურთიერთობა აქვს.
ადვოკატები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.
“საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომლითაც ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება. უფლებადამცველები პროკურატურისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.

