ირაკლი ბათიაშვილი – “გავეშებული ნაციონალები ხელისუფლებაში თუ დაბრუნდნენ, დიდ უბედურებას დაატრიალებენ”

ირაკლი ბათიაშვილი - “გავეშებული ნაციონალები ხელისუფლებაში თუ დაბრუნდნენ, დიდ უბედურებას დაატრიალებენ”გულიკო ბალაძე, ირაკლი ბათიაშვილი
“ახალი თაობის” კითხვებს პარლამენტის ყოფილი წევრი, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ყოფილი პოლიტპატიმარი ირაკლი ბათიაშვილი პასუხობს.
– ბატონო ირაკლი, გილოცავთ სტრასბურში გამარჯვებას. ევროსასამართლოში საქმე მოიგეთ. ყველაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიმართ დანაშაული იყო ჩადენილი?
– დიახ, სტრასბურის გადაწყვეტილება სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩემ მიმართ დანაშაულია ჩადენილი. ევროსასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე.
გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ჩემ მიმართ მე-6 მუხლი დაირღვა, ანუ დაირღვა ერთ-ერთი მთავარი, საკვანძო მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ პირი იყო უსამართლოდ, არაკანონიერად გასამართლებული.
შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მე მამართლებს, სახელმწიფოს კი ადანაშაულებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას 12 წელი ველოდებოდი. როცა პირი პატიმრობაში იმყოფება, სტრასბური გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს, ხოლო როცა პირი პატიმრობაში აღარ არის, მაშინ პროცესი დიდხანს იწელება.
თან, მოგეხსენებათ, წინა რეჟიმის პერიოდში სტრასბურში ჩვენი მხრიდან სააკაშვილის მოსამართლე იყო, რომელიც, როგორც ჩანს, ყველანაირად აფერხებდა გადაწყვეტილების მიღებას. 12 წელი გავიდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ადრე თუ გვიან, ევროსასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, იმდენად ყველაფერი ნათელი იყო, თუ რა უკანონობას ჰქონდა ადგილი ჩემ მიმართ სახელმწიფოს მხრიდან.
– მთელი სახელმწიფო მანქანა მოქმედებდა თქვენ წინააღმდეგ.
– დიახ. როდესაც დამაპატიმრეს და ციხეში ვიჯექი, მოგეხსენებათ, საზოგადოებამ მაშინვე გამოუტანა ვერდიქტი იმ ხელისუფლებას. მაშინ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გამოხატა ჩემ მიმართ მხარდაჭერა და აღშფოთება ჩემ დაპატიმრებასთან დაკავშირებით. მხარდაჭერას ციხეშიც ვგრძნობდი და მაშინაც, ციხიდან რომ გამოვედი. უკანონოდ რომ ვიყავი დაპატიმრებული, ამას ახლა უკვე ბეჭედი დაადო სტრასბურის სასამართლომ.
– ნაციონალები სატელევიზიო ეთერებში განიხილავენ, თუ როგორ დაბრუნდებიან 2020 წელს ხელისუფლებაში და როგორ დააპატიმრებენ არსებული ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამგვარ განცხადებებს თქვენ როგორ აფასებთ?
– მათი ასეთი განზრახვები და გამოთქმები არ მიკვირს. ეს ხალხი ვერ მოისვენებს, რადგან ვერაფრით შეეგუა იმას, რომ ხელისუფლებაში აღარ არის, სადაც მას საშუალება ჰქონდა, უზარმაზარი სიმდიდრე მოეხვეჭა და მოიხვეჭა კიდევაც. ისინი პრაქტიკულად, უგზო-უკვლო ძალაუფლებას ახორციელებდნენ. ამიტომ ახლაც ვერ ისვენებენ.
– ერთ დროს თქვენც ხომ იყავით ხელისუფლებაში?
– მე ხელისუფლებაში ვიყავი და წამოვედი. ყველა ნორმალური ადამიანი ჩვეულებრივად უნდა შეეგუოს ხელისუფლებიდან წასვლას, რაღაც სხვა საქმეზე უნდა გადაერთოს, სხვა რამ აკეთოს. ეს ადამიანები კი ვერ ეგუებიან, ხელისუფლებაში რომ აღარ არიან. ხელისუფლებაში როცა იყვნენ, ყველაფერი ფიანდაზად ჰქონდათ გაგებული, გასაბოროტებელი არაფერი სჭირდათ, მაგრამ იცით, ქვეყანაში რეები დაატრიალეს.
ახლა ეს გამწარებული, გავეშებული ხალხი თუ მობრუნდა, რა უბედურებას დაატრიალებს. ხომ წარმოგიდგენიათ. თუმცა, მე მათი ეს პოზიცია არ მიკვირს. მიკვირს ადამიანების მხრიდან ამ ხალხის გვერდით დგომა.
– ნაცმოძრაობის და მათი განაყოფების გვერდით დგომა?
– დიახ, იმ ადამიანებისგან მიკვირს ბნელი ძალის გვერდით დგომა, ვისაც მე ნორმალურ ადამიანებად ვიცნობდი, პატივს ვცემდი, მიყვარდა. ამ ხალხს ვუყურებ, ვუსმენ და პირდაპირ გაოგნებული ვარ – გეგონება, გუშინ თვითონვე არ იძახოდნენ, რომ ნაცმოძრაობა შავბნელი ძალა და ბოროტებაა. ახლა კი მათ გვერდით დგანან.
რეალური ძალა ხომ ნაცმოძრაობაა და არა ის პატარ-პატარა პარტიები, რომლებიც მის გვერდით დგანან. ნაცმოძრაობას ისინი სჭირდება ფასადისათვის, დეკორაციისათვის, თავისი ძალის გასაფერადებლად.
– ეს პატარ-პატარა პარტიები, ალბათ, იმდენად არიან გაკოტრებულები, რომ მზად არიან, ამ დამნაშავე ძალას შეეკრან.
– მთელი უბედურება ეს არის. გაკოტრებაც არ ამართლებთ. ადამიანს ხომ აქვს სინდისი, ნამუსი, ცნობიერება, გონება. როგორ შეიძლება, ელემენტარულად, ასეთი უპრინციპობა?! მათი ასეთი უპრინციპობა პირდაპირ მაკვირვებს. რაც ახლა ხდება, ჩვენი ტრაგედიაა.
ჯერ ერთი, საქმე იქამდე არ უნდა მისულიყო, რომ ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ განუკითხავად დანაშაულს ჩადიონდნენ, დიდი ტანჯვა-წამება, სისხლი და უბედურება დაატრიალეს საქართველოში, დღეს მენტორებად გვევლინებიან. ხელისუფლებას საქმე აქამდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეყვანა.
2012 წლის 1 ოქტომბერს ნაცმოძრაობა ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ისინი ჩემოდნებზე ისხდნენ, გაჩუმებულები იყვნენ, მაგრამ ხელისუფლებამ ნაციონალები, პრაქტიკულად, თვითონვე გააცოცხლა. ამ გაცოცხლებას გათავხედება მოჰყვა – ახლა ჭკუის მასწავლებლებადაც გვევლინებიან, გვასწავლიან, დემოკრატია როგორი უნდა იყოს, ადამიანის უფლებების დაცვა როგორ უნდა მოხდეს. ეს არის ცინიზმი.
– ნაცმოძრაობა არსებულ ხელისუფლებას დამნაშავედ აცხადებს. ადრე უნიათოებს ეძახოდა, ახლა დამნაშავეებს უწოდებს. ეს რას ნიშნავს?
– ნაცმოძრაობა იმუქრება. ნაციონალები უარესის გაკეთებას აპირებენ. პრობლემა ესაა. ჩვენ ბევრი უბედურება გადავიტანეთ, მათ შორის, სამოქალაქო დაპირისპირება, რომელმაც გამოუსწორებელი შედეგები მოგვიტანა. პრაქტიკულად, უზარმაზარი ვნება მოგვაყენა.
საზოგადოება ორიენტირებული უნდა ვიყოთ თანხმობაზე. საზოგადოებაში რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს სამოქალაქო თანხმობა. ეს აუცილებელია. სამოქალაქო თანხმობის მიღწევა მიზნად უნდა დავისახოთ.
– ჩვენი საზოგადოება ერთმანეთთან მუდმივ კონფრონტაციაშია.
– ეს ხომ მაინც ჩვენს ხელშია. ვთქვათ, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაწყვეტა ჩვენს ხელში არ არის. ხომ იცით. მთლად ჩვენს ხელში არ არის ამ პრობლემის მოგვარების გასაღები, მაგრამ სამოქალაქო ერთობას რომ მივაღწიოთ, ეს ხომ ჩვენს ხელშია, რაც ჩვენი მიზანი უნდა იყოს.
– თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებისთვის შესაძლო დახმარების გაწევის მოტივით აღძრეს.
– არა, შეიარაღებული ამბოხების ინტელექტუალური დახმარება მომიყენეს ბრალად.
– ის ფაქტი, რომ დღეს კოდორის ხეობაზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, რა შეფასებას იმსახურებს? ეს ხომ სააკაშვილის ხელისუფლების “დამსახურებაა”?
– ცხადია. სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში კოდორის ხეობა მტერს ჩააბარა, რუსეთს კოდორი პირდაპირ ხონჩით მიართვა. სააკაშვილის ხელისუფლებას რუსებისთვის ერთი წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია, ხეობა და ყველაფერი ჩააბარა, მთელი თავისი აღჭურვილობით, უზარმაზარი შეიარაღებით და თავქუდმოგლეჯილები გამოიქცნენ.
გმირი კოდორელები, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში ხეობა შეინარჩუნეს, 2006 წელს ჯერ განაიარაღეს, იქაურობა დაარბიეს (რის წინააღმდეგაც მე გამოვდიოდი), შემდეგ გამოვიდნენ, მიატოვეს და რუსებს ჩააბარეს. ასეთი დანაშაული არ უნდა მომხდარიყო.
– ღალატი იყო?
– ღალატია, აბა, რა არის? ამაზე დიდი დანაშაული რა უნდა იყოს. ამგვარ ქმედებებს უტვინობას ვერ დაარქმევ. თუმცა, ღალატი უტვინობიდანაც მოდის. ნაციონალები მაგრები არიან მხოლოდ პარლამენტიდან, პარტიის ოფისებიდან, პრესკონფერენციის დარბაზებიდან ყვირილში.
რუსის ტანკი როგორც კი გამოჩნდა, თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ. ხელისუფლებიდან არავის გასჩენია სურვილი, გმირობა, ვაჟკაცობა გამოეჩინა. სამარცხვინო ვითარებაა. რუსებს დაუწვნენ, დაუწვნენ პირდაპირ.
ცხინვალის რეგიონში, სამაჩაბლოშიც იგივე ვითარება იყო, ერთ დღეში დამთავრდა ომი. დასავლეთ საქართველო ისე ჩააბარეს, ერთხელაც არ გაუბრძოლიათ, ხომ იცით.
– დიახ, ვიცი, რომ ბაზები უბრძოლველად ჩააბარეს. მაგალითად, სენაკის ბაზა ჩააბარეს, სადაც ისეთი უახლესი იარაღი იყო, როგორიც რუსეთს მანამდე არ ჰქონდა.
– ეს ღალატი იყო, აბა რა ჰქვია ამას?
– უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ნაცებსა და მათ განაყოფებს უთხრა, რომ ისინი ოკუპანტებთან მეგობრულ ფორმაში არიან ასახული ფოტოებზე. ეს რას ნიშნავს? ე.ი. ამის ფოტომასალა არსებობს.
– ალბათ. ლილუაშვილი ამას ტყუილად არ იტყოდა.
– რა ჰქვია ამას, ოკუპანტებთან არაოფიციალური კავშირები თუ რა? არ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ მტერთან ასეთი კავშირების გამო?
– დიახ. უსაფრთხოების სამსახურმა არსებული მასალა აუცილებლად უნდა გაასაჯაროვოს. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, ვინ ვინ არის. გააჩნია, რა მასალა აქვთ, რა ინფორმაციებს ფლობენ მათი კავშირების შესახებ. მთელი უბედურება ისაა, ამდენი ხანი იყო თითლიბაზობა, მათთან თამაში, იწილო-ბიწილო, ვითომ კოაბიტაცია, რომ ბოლომდე არ უნდა გაწირონ. ამიტომ მივედით ამ მდგომარეობამდე.
მე პირადად, ირაკლი ბათიაშვილს, მრცხვენია, რომ 2019 წლის ოქტომბერში ამ თემებზე ლაპარაკი მიწევს. არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ ვილაპარაკო სააკაშვილსა და ბოკერიაზე. მინდა ვილაპარაკო სერიოზულ, ახალ-ახალ საკითხებზე, ქვეყნის პერსპექტივებსა და გამოწვევბზე. ხომ არ შეიძლება მათი წასვლიდან 7 წლის შემდეგაც იგივე თემებზე ვისაუბროთ. ამიტომაც არავითარი სურვილი არ მაქვს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მივიღო.