ირაკლი დეკანოიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი დეკანოიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდაგორის რაიონული სასამართლომ ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 32 წლის ირაკლი დეკანოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა.

ამის საფუძვლად პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი რამდენიმე გარემოებას ასახელებდა, კერძოდ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვას და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის საფრთხეს, ბრალდებულის წარსულში ნასამართლეობის ფაქტს (პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა).

ადვოკატები ბრალდების მხარის პოზიციას პატიმრობის შუამდგომლობაზე დაეთანხმნენ, თუმცა, 109-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას არ იზიარებენ. ასევე, აცხადებდნენ, რომ წარსული ნასამართლეობა ბრალდებულს გაქარწყლებული აქვს და ეს ფაქტი დამამძიმებელ გარემოებად არ უნდა განიხილოს.

თავად დეკანოიძეც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ მეუღლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა.

წინასასამართლო სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 6 დეკემბერს ჩაინიშნა.