“ივანიშვილმა 2018-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე უკვე ყველა ქვემეხიდან გაისროლა”

“ივანიშვილმა 2018-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე უკვე ყველა ქვემეხიდან გაისროლა”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
როგორ გადაჯგუფდებიან ძალები პოლიტიკურ ველზე? რას ნიშნავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის განცხადებები დამნაშავე მაღალჩინოსნების დაჭერა-არდაჭერის შესახებ? რატომ ვეღარ გაიმეორებს მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სცენარს? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერს გაერთიანებული ოპოზიციიდან შოთა მალაშხიას.
– ციხეში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციაში გადაჯგუფების პროცესი მალე დასრულდება და გამოჩნდება, ვინაა ივანიშვილის მხარეს და ვინ მის წინააღმდეგ. მოელით, რომ პოლიტიკური ძალების პოზიციები მკაფიო გახდება?
– დგება დრო, როცა ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი. ყველაფერი ზედაპირზე დევს. ერთი მხრივ, პოლიტიკაში არიან რუსეთის მონები, მეორე მხრივ, არის დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი.
პირველ ჯგუფს ხაზგასმულად ვუწოდებ რუსეთის მონებს და არა რუსეთის პოლიტიკის გამტარებლებს ან მომხრეებს. პოლიტიკა აგრესორ რუსეთს თვითონ არ გააჩნია. მონების მოწინააღმდეგე სპექტრი მრავალფეროვანია – აქ არიან ლიბერალებიც, კონსერვატორებიც, მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც.
– თქვენ ძალებს რუსეთის მონებად და მათ მოწინააღმდეგეებად ყოფთ?
– ეს დაახლოებით იგივეა, რასაც ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს. ივანიშვილი წლებია, რუსეთის მონობას ხან ლოიალობად აფორმებს, ხან მოთმინებად, ხან პრობლემებზე წაყრუებად. “ქართული ოცნება” ხალხს ეუბნება, რომ დათვს ბაბაია უნდა უძახო. რა მივიღეთ ამ მონობით?! სახელმწიფო გვენგრევა.
– ამაში რას გულისხმობთ?
– ეკონომიკა ჩამოშლილია, ფასები გაზრდილი, არაფორმალური მმართველი ბიზნესის ამბებს შუშის სასახლეში არჩევს, პროკურატურას ბოტასების ქურდი ფარცხალაძე განაგებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ უნდათ გენერალური პროკურორის გაყვანა, რომელსაც “დიდოსტატის მარჯვენა” არათუ წაკითხული არა აქვს, მისი ავტორიც არ იცის.
– პარლამენტის უმრავლესობა აცხადებს, რომ შალვა თადუმაძეს სახუმარო შეკითხვები დაუსვეს, რასაც მან არ უპასუხა.
– რა იყო აქ სახუმარო? არ უპასუხა კი არა, ვერ უპასუხა. ის უმაღლესი სასწავლებელი, რომლის დიპლომიც თადუმაძეს აქვს, ძალიან არაპრესტიჟულია. ყველაზე საშინელი ისაა, რომ მისი დიპლომიც გაყალბებული აქვს.
იმავე სასწავლებელი დაამთავრა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელმაც იქ სწავლის შემდეგ რამდენიმე ადგილზე კიდევ ისწავლა. დიპლომის ვადებიც საეჭვოა. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს დიპლომის ნომერი. ნაზი ჯანეზაშვილმა დიპლომი 2002 წელს მიიღო, თადუმაძემ – 1998 წელს. დიპლომების ნომრებს თუ ერთმანეთს შევადარებთ, გამოაშკარავდება, რომ ამ კაცს ესეც კი არა აქვს დამთავრებული და უდიპლომოა, თან უტიფარიც არის.
– ძვირად ხომ არ უჯდებათ ასეთი ლობირება?
– საბოლოოდ, ძვირად დაუჯდებათ. ახლა ივანიშვილს ამოცანები აქვს შესასრულებელი. მან სახელმწიფოებრიობა უნდა მოსპოს. გაუნათლებელ და შიზოიდ მმართველს ერუდირებული პროფესიონალები არ სჭირდება.
ქვეყანაში გადაწყვეტილებები ნორმალურად არ მიიღება. თუ რამეა გადასაჭრელი, ივანიშვილი თავის სახლში იბარებს ადამიანებს და საქმეებს ურჩევს. ამის შედეგია ის, რაც გარშემო ხდება. პოლიციელები იტაცებენ ადამიანს და მერე გადასცემენ კრიმინალს იმისათვის, რომ მან გატაცებული მოკლას.
ბევრი რამე გამოგვივლია, გადაცდომები ყოფილა, მაგრამ ასეთი ფაქტები ფანტასტიკას უფრო ჰგავს.
– საქართველოს დღევანდელი რეალობა ანტიუტოპიას ჰგავს?
– ძნელია დაიჯერო, რომ ამდენი საშინელება რეალობაა. ამ სიტუაციაში ნორმალური პარტიები ვერ იქნებიან ივანიშვილთან.
– ბოლო ხანს დღის წესრიგში შემოვიდა მაღალჩინოსნების დაჭერა-არდაჭერის თემა. ამ დღეებში “ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ 2012 წელს ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი ნაცმოძრაობის მაღალჩინოსნების დასაკავებლად, მაგრამ ეს არ გაკეთდა დემოკრატიის ინტერესიდან გამომდინარე. მანამდე ყოფილმა ნაციონალმა, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მომავალში არ დააკავებენ “ოცნების” დამნაშავე მაღალჩინოსნებს.
– რასაც “ოცნება” ამბობს, სისულელეა. “ქართული ოცნების” განცხადება ასე იშიფრება – დემოკრატიის პრინციპის მიხედვით, ოპონენტები დასაჭერები არ იყვნენ, მაგრამ ჩვენ მათი დაკავება შეგვეძლოო.
ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ უდანაშაულო ხალხის დაჭერაც შეუძლია და მათთვის თვალების დათხრაც. რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” რევერანსებს, ადამიანის პასუხისგებაში მიცემას ან არმიცემას წყვეტს სამართალი. ესაა სასამართლოსა და პროკურატურის გადასაწყვეტი. ეს უნდა იყოს სამართლებრივი და არა – პოლიტიკური გადაწყვეტილება.
– შექმნილ ვითარებაში ქვეყანაში როგორ პროცესებს მოელით?
– მივალთ კულმინაციამდე. რაც მეტად ჩაებღაუჭება ივანიშვილი ხელისუფლებას და რაც მეტად იძალადებს, მით მალე დაასრულებს თავის საქმიანობას. “ქართული ოცნების” დღეები დათვლილია. საზოგადოება აღარ მისცემს ივანიშვილს სახელმწიფოებრიობის ნგრევის საშუალებას.
– შესაძლებელია თუ არა, რომ ივანიშვილს 2020 წლის არჩევნების მოსაგებად სხვა ვარიანტები ჰქონდეს მოფიქრებული? მაგალითად, სათადარიგო პარტიების დახმარებით?
– ამის თეორიული შანსი არ არსებობს. ეგენი ისეთ დღეში არიან, ტელედებატებზეც უარს ამბობენ. მათ მაგივრად სხვა სფეროს წარმომადგენლები სხდებიან ეთერში. ივანიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უკვე ყველა ქვემეხიდან გაისროლა.
– შედეგი ხომ მიიღო? ახლა რატომ ვერ გაიყვანს თავის პარტიას?
– ვეღარ გაიყვანს. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ ნირწამხდარი ივანიშვილი ხალხს ეუბნებოდა, რომ ერთ წელიწადში ბევრ რამეს დაალაგებდა. მას მერე ქვეყანაში ბევრი საშინელება მოხდა. ამიტომ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსი მომავალში არ განმეორდება. 2020-ში იქნება დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც 2018 წლის არჩევნების პირველი ტურის დროს გვქონდა.
– მრავალპარტიულობაც იქნება?
– გაერთიანებული ოპოზიციის მრავალრიცხოვანი და ძლიერი კავშირის გარდა, იქნებიან სხვებიც, როგორც ახლები, ისე ძველები. მაგალითად, ხაზარაძის, ოქრუაშვილის, ნათელაშვილის ორგანიზაციები. გაჩნდებიან ახალი პარტიები. ისინი არ იქნებიან ივანიშვილთან, რომელიც პროგრესის წინააღმდეგია და საბჭოთა რუსულ რესპუბლიკას ქმნის. ჩვენს საზოგადოებას ეს არ უნდა.
– ჩვენი საზოგადოება ერთგვაროვანი არ არის.
– რასაკვირველია, მაგრამ მათი რაოდენობა, ვინც რუსეთს და საბჭოთა კავშირს მისტირის, ძალიან მცირეა.
– ქვეყანაში ნატოს წინააღმდეგ და ნეიტრალიტეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე რას იტყვით?
– ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ნატოს მომხრეთა რაოდენობა ქვეყანაში 70-დან 75 პროცენტამდეა. რუსეთუმე ჯგუფებს ამ რეალობის შეცვლა არ შეუძლიათ. მათი შრომა ფუჭია.