კახა კუკავა – “მამუკა გამყრელიძე და სხვები ნაციონალების კოალიციიდან გარიცხულები არიან”

კახა კუკავა - “მამუკა გამყრელიძე და სხვები ნაციონალების კოალიციიდან გარიცხულები არიან”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების სესახებ “ახალი თაობის” კითხვებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.
– ბატონო კახა, დიდი ქაოსია როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ისე ხელისუფლებაში. რა ხდება პოლიტიკურ ველზე?
– პოლიტიკური ველი გაიხსნა, ყველა ემზადება 2020 წლის არჩევნებისათვის. მათ შორის “ქართული ოცნებაც” და ოპოზიციური პარტიებიც.
“ქართული ოცნების” გეგმა ცნობილია – აიღოს პირველი ადგილი და მერე შექმნას კოალიცია სხვდასხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ამისთვის მას მინიმუმ 35-40%-მდე ხმები სჭირდება. თუ 30% ან ნაკლები აიღო, მაშინ უკვე შესაძლოა კოალიცია “ქართული ოცნების” გარეშე შეიქმნას.
– საუბარია, რომ წვრილ-წვრილი პარტიების ყიდვა მიდის ხელისუფლების მხრიდან, რათა კოალიციის შექმნისას პრობლემა არ შეექმნათ. ასეა?
– ეს არის აბსურდი.
– რატომ არის აბსურდი?
– პარტია რომ იყიდოს და დააფინასოს “ოცნებამ”, მაშინ თავისი ამომრჩეველი უნდა გადასცეს მას. ხმები რომ ასე დაანაწილოს “ოცნებამ”, თავად ხომ დააკლდება, როცა პროპორციული არჩევნებია. რეალურად ეს არის ნაციონალური მოძრაობის პანიკა.
– და რატომ არიან პანიკაში?
– ”ევროპული საქართველო” საეჭვოა, მოინდომებს თუ არა ნაციონალებთან ერთად კოალიციის შექმნას. გიორგი ვაშაძე ცალკე საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. მამუკა გამყრელიძე და კიდევ სხვები რეალურად უკვე გარიცხულები არიან კოალიციიდან და ამას მხოლოდ გაფორმება სჭირდება. ეს არის ნაციონალების პანიკა, რომ მერე ამ თავი კოლეგებს გაყიდულები და მოსყიდულები უძახონ.
– ანუ კოალიცია “ძალა ერთობაშია” იშლება?
– ეს კოალიცია იშლება. ამ კოალიციის დაშლას აქვს ძალიან პრაგმატული მიზეზი, რომ უნდა დაიწეროს სავარაუდო სია 30%-ზე. 30% კი მათთვის ბევრია, მაქსიმუმ 25% აიღონ. ეს 25-30 კაცია. ამ 30 კაცში თუ ჩაწერეს “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლები, გამოვა ისე, რომ ნაცმოძრაობა აიღებს 25%-ს, მაგრამ პარლამენტში შესაძლოა ფრაქციაც ვერ შექმნას.
– რატომ ვერ შექმნის?
– რესპუბლიკელებს თუ ჩაწერენ, რესპუბლიკელები რომ მერე ნაცების ფრაქციაში არ გაწევრიანდებიან, ეს ყველამ იცის. იგივე შეგვიძლია ვთქვათ პატარა გიორგი ვაშაძეზე, ასევე თაკო ჩარკვიანზე და სხვებზე, რომლებსაც თავისი ამბიციები აქვთ და როცა ეუბნები, რომ თქვენ ნაციონალები ხართ, ძალიან წყინთ.
– არ უნდათ ამ ქოლგის და ამ სახელის ქვეშ ყოფნა?
– არ უნდათ. ახლა უბრალოდ მანდატების მოსაპოვებლად ნაციონალებთან თანამშრომლობენ, მაგრამ არჩევნების შემდეგ ნაციონალებს გაემიჯნებიან. ნაციონალებს ეს გამოცდილება აქვს. 2016 წლის არჩევნებზე მათ გაიყვანეს 28 დეპუტატი და მერე აქედან 22 გავიდა ნაციონალური მოძრაობიდან.
ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ორგანიზაციებში ამაზე მსჯელობა მიდის, კონკრეტული გვარებიც კი სახელდება, რომ თუ ესა თუ ის კონკრეტული გვარი არ იქნება ამოღებული ამომრჩეველთა პარტიული სიიდან, მაშინ პარტიული ორგანიზაციები არ იმუშავებენ. ხმები მოაქვთ მარტო ნაციონალებს. ნაციონალებისთვის ხმები მოაქვთ ძველ ზვიადისტებს და ისინი აპროტესტებენ, ამ ხმების წილში რატომ უნდა იყვნენ რესპუბლიკელებიო.
– ამ არჩევნებზე უკვე აღარ დადგება ამომრჩეველი არჩევანის წინაშე – “ოცნება” თუ ნაციონალური მოძრაობა? მიშა მოდის – ამ ბუას ვეღარ შექმნის “ქართული ოცნება”?
– ალბათ ეს ისეთი დოზით ვერ იქნება, რაც იყო წინა არჩევნებზე. წინა არჩევნებზე ორივემ აიღეს 40-40% და 20% გადანაწილდა სხვა პარტიებზე. დღეს იმის რეალური შანსია, რომ “ქართული ოცნება” და ნაცმოძრაობა, ორივე ერთად, აიღებს 50-დან 60%-მდე და დანარჩენი 40-50% გადანაწილდება სხვა პარტიებზე.
– აქვს იმის საფრთხე “ოცნებას”, რომ ვერ შექმნას კოალიცია და ვერ მოვიდეს ხელისუფლებაში?
– 20 ივნისის შემდგომ მოვლენებში “ოცნება” უფრო პრაგმატულად იქცევა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. ახალი სისტემით, მთავრობას შექმნის ის, ვინც მეორე ტურს კი არ მოიგებს, არამედ ვინც მოელაპარაკება უფრო ბევრ პარტიას.
– ეს უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ, პარლამენტში?
– რასაკვირველია. “ოცნება” ბევრად უფრო რბილ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ ის გამორიცხავს კოალიციის შექმნას. ნაციონალური მოძრაობა კი უკვე ყველას წაეჩხუბა, ვისთანაც თეორიულად შეიძლებოდა კოალიცია შეექმნა.
ეგ ტონალობა, რაც ნაციონალებს აქვთ, რომ ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია, ნაციონალური მოძრაობის გავლენას ქართულ პოლიტიკაში ძალიან შეამცირებს, რაც ძალიან კარგია.
– ასევე არ გამორიცხავენ “ქართული ოცნების” და “ევროპული საქართველოს” თანამშრომლობას. რამდენად უშვებთ, რომ ითანამშრომლებს ეს ორი ძალა?
– თეორიულად ეს დასაშვებია, “ევროპულ საქართველოს” აქვს თავისი კავშირები ამერიკული პოლიტიკის ლიბერალურ წრეებთან და ეს მისი კოზირია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ნაკლებ სავარაუდოა ასეთი ტიპის კოალიცია.
– ძალიან ბევრს საუბრობენ “ოცნების” შიგნით არსებულ კლანურ დაპირისპირებაზე. შეძლებენ გამართულად მისვლას არჩევნებამდე?
– ასეთი დაპირისპირება უდაოდ არსებობს და ეს არის “ქართული ოცნების” ხასიათი, როცა მართავენ არა ინსტიტუტები, არამედ კლანები. ამაზე ორი აზრი არ არის. რაც შეეხება იმას, მივა თუ არა ეს პარტია ასეთი ფორმით 2020 წლის არჩევნებამდე, იმედი მაქვს, რომ მივა. ჯერჯერობით შემოდგომა მშვიდი გამოდგა. ბევრი თვლის, რომ 20-მა ივნისმა მარტო ხელისუფლებას მიაყენა დარტყმა, მაგრამ ასე არ არის.
– კიდევ ვის მიაყენა?
– 20-მა ივნისმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ნაციონალებსაც. 20-მა ივნისმა აჩვენა, რომ ნაცმოძრაობა არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც თუ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, შენც მოგჭრის თავს, მეც და ნახევარ ქვეყანას ციხეში ჩაყრის. ამიტომაც ჩავარდა ეს აქციები და ბევრი გულანთებული ახალგაზრდა ჩამოცილდა მათ აქციებს და სირცხვილიას ვინც იძახდა, მათი აქციები 20 კაციან აქციებამდე დავიდა. ამიტომ ის ხალხი, ვისაც პროტესტი აქვს ამ ხელისუფლების მიმართ, ასჯერ დაფიქრდება, ვიდრე ნაციონალების აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
– არის შანსი, რომ 2020 წლამდე მოვლენები არ გართულდეს?
– ეს ძირითადად ხელისუფლებაზეა დამოიდებული. “ოცნება” და ნაცმოძრაობა ერთმანეთს კვებავენ საკუთარი შეცდომებით. როცა ნაცმოძრაობა მოძლიერდა, “ოცნებას” გონება გაეხსნა და პროპორციულ სისტემაზე გადავიდა. ხოლო როდესაც ნაციონალური მოძრაობა დასუსტდა, “ქართულ ოცნებსაც” გონება დაეხშო და ახლა რაც ხდება მოსამართლეთა გასაუბრებებზე, ეს არის უკიდურესად სამარცხვინო, რაც გამოიწვევს საპროტესტო მუხტის დაგროვებას ხალხში.
ამიტომ ამ პირობებში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ამ მოსამართლეებს და იქ შეიძლება მოხვდეს რამდენიმე ისეთი გვარი, რომელმაც შეიძლება სერიოზული სახალხო პროტესტი გამოიწვიოს.