ლაშა ჩხარტიშვილი – “გახარია იმავე საკანში უნდა ჩასვან, რომელშიც მერაბიშვილი ზის”

ლაშა ჩხარტიშვილი - “გახარია იმავე საკანში უნდა ჩასვან, რომელშიც მერაბიშვილი ზის”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლაშა ჩხარტიშვილი პასუხობს.
– ბატონო ლაშა, ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენის და ის პოლიტიკურ ველს სრულიად ასუფთავებს. ამას ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი ამბობს. რას იტყვით თქვენ?
– რაც შეეხება ივანიშვილის შიშებს და საქციელს, როგორც მოსალოდნელი იყო, ის ბოლომდე ჩაიხრჩო კორუფციის და სამშობლოს ღალატის მორევში. აქედან გამომდინარე სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ცდილობს პოლიციურ-მილიციური რეჟიმის გამყარებას. მისი მსგავსი მრავალი ქმედება ვნახეთ.
– ახალ ძალებზე რას იტყვით?
– აქ ახალში არ არის საქმე, მითიური ეფექტის საკითხი, მითუმეტეს თუ ზოგი მოძველებული მევახშე და ბანკირია და ზოგიც – მოძველებული ჩინოვნიკი, მე ამაში სიახლეს ნამდვილად ვერ ვხედავ.
ამის მიუხედავად, ივანიშვილი ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტს ებრძვის, თუმცა რაც უფრო სუფთა წარსული აქვს პოლიტიკოსს, მით უფრო არასასურველია ივანიშვილისთვის.
უკვე 7-8 წელია, ივანიშვილი ამ მოსუფთავება-გაკრეფის პოლიტიკით არის დაკავებული. თავიდანვე ჩანდა, მისი მოსვლის დღიდანვე, როცა ის შუის გაკრეფაზე საუბრობდა, რომ ამ ტაქტიკით მოქმედებას აპირებდა. სამწუხაროდ მას შუის გაკრეფის ტაქტიკამ გაუმართლა ნაწილობრივ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მან ამოწურა ეს რესურსი.
ახალ ძალებს ივანიშვილი გასაქანს არ აძლევს. ზოგს ფულის გათეთრების ბრალდებით იბარებს პროკურატურაში და ზოგს გადატრიალების მცდელობის გამო აპატიმრებს. სასაცილოა, როდესაც ივანიშვილი ვინმეს ფულის გათეთრებაში სდებს ბრალს.
– ხაზარაძე-ჯაფარიძეს გულისხმობთ?
– დიახ და ეს ადამიანები მთელი 7 წელი მეგობრობდნენ ივანიშვილთან, უფრო მეტიც, ერთად ყვლეფდნენ საქართველოს მოქალაქეებს. ხოლო 7 წლის თავზე რაღაც ვერ გაიყვეს და ხელი შეუშალეს ერთმანეთს. ახლა ვინმეს წარსულზე საუბარი დაუსაბუთებლად და თან ივანიშვილისგან ვინმეს ფულის გათეთრებაზე საუბარი არის სამარცხვინო.
– რატომ არის სამარცხვინო, იქნებ მართლა გაათეთრეს?
– ივანიშვილისგან ეს არის სამარცხვინო. მთავარი პანამელი ინვესტორი გვყავს, სახელად ბიძინა და გვარად ივანიშვილი. ოფშორების კაცი ლაპარაკობს ვინმეს მხრიდან ფულის გათეთრებაზე.
– რას ფიქრობთ ხაზარაძის ახალ პოლიტიკურ მოძრაობაზე?
– დიდი სიმპატიით ნამდვილად არ ვარ განწყობილი ხაზარაძის მიმართ, მაგრამ ივანიშვილის მხრიდან მის მიმართ მართლაც ხორციელდება პოლიტიკური დევნა. რადგან არცთუ მომხიბლავი წარსული აქვს ხაზარაძეს, ივანიშვილიც ფიქრობს, რომ ამ დევნას მარტივად განახორციელებს.
ამ უკანონო დევნაზე და უკანონო დაპატიმრებებზე სოლიდარობა დღეს ყველას ეკუთვნის, მისი წარსულის მიუხედავად. იმიტომ, რომ დღეს ჩვენ გვყავს ქვეყანაში მთავარი ქურდი, მთავარი მაფიოზი, მთავარი გამთეთრებელი, მთავარი მკვლელი ბიძინა ივანიშვილი და მისი დაკვეთით დასაჭერი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ მისი ყოფილი პარტნიორები ამ ქვეყანაში ნამდვილად არ არიან.
– რამდენად სერიოზულად განიხილავთ ხაზარაძის პოლიტიკურ ძალას?
– ხაზარაძის რაიმე პოლიტიკურ სიძლიერეზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან მე მისი ცოცხალი ამომრჩეველი ჯერჯერობით არ მინახავს. თუმცა მას აქვს ფინანსური რესურსი და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ოპონენტი პრობლემაა ივანიშვილისთვის, მითუმეტეს ფინანსურად ძლიერი ოპონენტი.
რაც შეგვეხება, ჩვენ ლეიბორისტულ პარტიას, არ დაგვკლებია დევნა არც ერთი ხელისუფლების პირობებში, თუმცა ივანიშვილი ჩვენთან მიმართებაში იმდენს ვერ ბედავს, რასაც ბედავს სხვა საეჭვო წარსულის მქონე ადამიანებთან მიმართებაში.
– იმის თქმა გინდათ, რომ ხაზარაძეს საეჭვო წარსული აქვს?
– ამის მიუხედავად, ვამბობ ხაზგასმით, სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველას სჭირდება, რადგან ივანიშვილი ყველას ებრძვის. ყველას თავის ადგილი აქვს პოლიტიკურ ველზე, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ჰყავდეს ამომრჩეველი ხაზარაძეს ან თუნდაც ნაცმოძრაობას.
ყველას აქვს თავის ადგილი პოლიტიკაში და რეალური ოპოზიციაც გამოჩნდება, ვინ არის.
სამართლიანობის აღდგენა ძალიან დაგვიანებულია. ამის უფლება ივანიშვილს აღარ აქვს. სამართლიანობა უნდა აღადგინოს მომავალმა მრავალპარტიულმა პარლამენტმა და კოალიციურმა მთავრობამ.
ჩვენ ყველა სისტემაში პირდაპირ არჩევნების მომხრები ვართ. ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული სასამართლოც, პროკურატურაც და მან უნდა გაასამართლოს და გვერდიგვერდ საკნებში მიუჩინოს ადგილი გახარიასა და მერაბიშვილს.
– მერაბიშვილი ასრულებს პატიმრობის ვადას თებერვალში.
– თუ მანამდე დაასრულებს მერაბიშვილი პატიმრობის ვადას, ზუსტად იმავე საკანში უნდა ჩასვან გახარია, რომელშიც მერაბიშვილი ზის. რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ თვალებს დაგვთხრიან სააკაშვილი და მერაბიშვილი, თუ თვალებს დაგვთხრიან ივანიშვილი და გახარია.
მრავალი ფსევდოპარტია შეიქმნება ამ ახალი სისტემიდან გამომდინარე.
– ეს სისტემა ისევ ივანიშვილს აწყობს და სწორედ ის მოითბობს ხელს და კოალიციაში შევა ამ წვრილ პარტიებთან.
– ნულოვანი ბარიერი არის ივანიშვილის მცდელობა, რომ მდგომარეობა ცოტა მაინც გაიუმჯობესოს, მაგრამ ეს ვერ დაეხმარება. პროპორციული სისტემა ნამდვილად არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
ივანიშვილი ნამდვილად შეეცდება, წვრილ-წვრილი პარტიები შექმნას საკუთარი წიაღიდან, ზოგიც გარედან იყიდოს, მაგრამ ის უმრავლესობაში ვეღარ მოვა. არჩევნებამდე ქვეყანა გვაქვს დასაცავი, ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ, ხომ ხედავთ, რა ხდება. კრიმინალებთან ერთად, უკვე პოლიციაც იტაცებს ადამიანებს, კლავენ და წყალში ყრიან.
არჩევნებამდე ყოველდღე ბრძოლაა საჭირო და როცა არჩევნების დღე მოვა, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და ხმა არ მისცეს ივანიშვილს. სახლში დარჩენა ივანიშვილის მხარდაჭერას ნიშნავს.
ოლიგარქებისთვის და მსხვილი ბიზნესმენებისთვის მხარდაჭერა ქვეყნისთვის ახალ ივანიშვილს ნიშნავს. ამომრჩეველმა ესეც კარგად უნდა იცოდეს.