ლაშა ჩხარტიშვილი – “ივანიშვილი იმ გზას გადის, რომელიც სააკაშვილმა და მერაბიშვილმა გაიარეს”

ლაშა ჩხარტიშვილი - “ივანიშვილი იმ გზას გადის, რომელიც სააკაშვილმა და მერაბიშვილმა გაიარეს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– როგორ შეაფასებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას? წინა ხელისუფლების დროს არაერთი პროცესი გქონიათ, თუ არის ამ 20-კაციანი სიიდან რომელიმე თქვენი საქმის მოსამართლე?
– ესაა ტრაგიკომედია, ერთადერთი ეს შეფასება შემიძლია გავაკეთო. “ქართული ოცნების”, ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. ამ დაპირებით მოვიდა ის.
ეს ადამიანები ხომ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი სამართლიანები იყვნენე?! როგორ უშვებდნენ ხალხს ციხეებში სწორედ პოლიტიკური ნიშნით. აბა, ამდენი გამართლებული ადამიანი სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ციდან ხომ არ ჩამოფრინდა?!
200-მდე პოლიტპატიმრის სია შეიმუშავა პარლამენტმა. სწორედ ამ ადამიანების მოსამართლეები იყვნენ ისინი, ვისაც დღეს ჩვენ პარლამენტის დარბაზებში ვხედავთ. ამ ადამიანების კეთილსინდისიერებაზე და სამართლიანობაზე საუბარი ხომ სასაცილოა, მეტი რომ არაფერი ვთქვა!
რაც შეეხება უდიპლომო მოსამართლეებს, ეს ალბათ უკვე ჰოლივუდის ჟანრშია.
ამ ხელისუფლებამ კიდევ უფრო სამარცხვინო პერსონაჟები წამოწია წინ. ეს ხალხი გამოცდილია, კარგად გამეცადინებულია დავალების შესრულებაში და უდანაშაულო ადამიანების პოლიტიკური ნიშნით ციხეში ჩაყრაში.
ამ ყველაფერს წინა რეჟიმის დროს საკუთარი თვალებით ვუყურებდი. ეს იყო ჩვენი ყოველდღიურობა. ეს კარგად ახსოვს საზოგადოებას, არავის არაფერი არ დავიწყნია. როგორ შეიძლება სავლე მურუსიძე პავლედ იქცეს. ეს ხომ პირდაპირი წახალისებაა დანაშაულის. მაშინ, ყველამ ჩაიდინოს დანაშაული მინისტრებმა, მათმა მოადგილეებმა, მოსამართლეებმა და რა გამოვა, რომ ამ დროს იყვნენ ცუდები, მაგრამ გახდებიან კარგები?! ეს რა ლოგიკაა!
ეს არის წინა რეჟიმის კლანი, რომელიც გადმოიფორმა “ოცნებამ”.
თუმცა, მე მაინც მჯერა, რომ მოვა ის დღე, როდესაც ივანიშვილი არ იქნება ხელისუფლებაში და ამ მოსამართლეებსაც მოუწევთ სახლში წასვლა.
– მიუხედავად უვადოდ გამწესებისა?
– დიახ, დიახ! მომავალში, როდესაც მრავალპარტიული მმართველობა იქნება ჩვენს ქვეყანაში და შეიცვლება კანონმდებლობა, ეს ადამიანები წავლენ ზოგი სად და ზოგიც სად.
მე სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ამ კონკრეტული მოსამართლეების საქმეებს დეტალურად ვიხილავდი. ერთგვარი ციკლი მიგვყავდა ერთ-ერთ გამოცემაში. მაშინ ჩვენ სააშკარაოზე გამოგვქონდა ამ მოსამართლეების გადაწყვეტილებები.
ამის გამო მდევნიდნენ, ხშირად მაკავებდნენ კიდეც. ძალიან სახიფათო საქმიანობა იყო. ამიტომ, ერთიორად მტკივნეულია ახლა ჩემთვის მთელი ეს პროცესი. იმის ნაცვლად, რომ მათ პასუხი მოეთხოვოთ ამ ყველაფრისთვის, სრულიად საწინააღმდეგოს ვხედავთ.
– წინასაარჩევნოდ ტაქტიკის ცვლილებაზეა საუბარია. ელოდებით “ქართულ ოცნებაში” ცვლილებებს?
– ეს არის მხოლოდ შირმის მოფარების მცდელობა. კოსმეტიკა ვერ დაფარავს ამ სიმახინჯეს. მე იმედი მაქვს, რომ ადამიანები არ მოტყუვდებიან. ერთი ზარდიაშვილის გადმოგდება ვერ დაფარავს იმას, რაც ხდება თუნდაც უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით. შეუძლებელია ის, რასაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვუყურებთ და ვუსმენთ, ადამიანებს მოსწონდეთ. მე ეს არ მჯერა.
რეალურად კი ბიძინა ივანიშვილი მთელ სახელისუფლო ვერტიკალს ამყარებს. ახლა მთლიანად ძალუფლების კონტროლზეა გადასული. სწორედ ამას ემსახურება თუნდაც სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესი, რათა ბოლომდე გააკონტროლოს.
ეს არის რეალობა. თუმცა, ამ გზაზე აგონიური გადაწყვეტილებებიც იქნება, რომელიც უბრალოდ შეუძლებელია, დამალო. ამის მაგალითები უკვე არის. მე ვფიქრობ, ახლა ივანიშვილი ზუსტად იმ გზას გადის, რაც თავის დროზე სააკაშვილმა და მერაბიშვილმა გაიარეს.