ლევან ჩაჩუა – “სააკაშვილმა ბოკერია პოლიტიკურად გაანადგურა”

ლევან ჩაჩუა - "სააკაშვილმა ბოკერია პოლიტიკურად გაანადგურა"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა 
პოლიტიკურ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას.
– აცხადებდით, რომ ნაცმოძრაობა და “ქართული ოცნება” აუცილებლად მიეტმასნებოდნენ კონსერვატორებს და ამით მოიმადლიერებდნენ საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს. სააკაშვილმა ამ მხრივ თავი გამოიდო. გჯერათ, რომ მან ამით ვინმე მიიმხრო?
– მართლაც, მითქვამს, მათ შორის, თქვენი პოპულარული გაზეთისთვისაც, რომ ლიბერალური ინტერნაციონალი მსოფლიოში თმობს პოზიციებს. დასავლეთის ბევრ სახელმწიფოში წინა პლანზე წამოვიდნენ ეროვნული ძალები. არ ვიცი, რამდენად გულწრფელია აშშ-ის პრეზიდენტი თავის განცხადებებში ნაციონალიზმისა და ტრადიციული ფასეულობების დაცვის შესახებ. ფაქტია, რომ საჯარო გამოსვლებში ტრამპი ლიბერალურ ინტერნაციონალს უპირისპირდება.
ეროვნული, კონსერვატიული ნარატივი აუცილებლად გადმოედებოდა ლიბერალური ინტერნაციონალის წევრ ქართველ ჭინკებს. ჩვენ, საზოგადოების უმრავლესობა, ტრადიციული ღირებულებების მიმდევრები ვართ. ვსაუბრობ მარიონეტ ქართველ პოლიტიკოსებზე. მოსალოდნელი იყო მათი გარდასახვა.
– გარდასახვა თუ კონსერვატორებად თავის გასაღება?
– გარდასახვაში თამაშს ვგულისხმობ. ჩვენი პოლიტიკური სპექტრის პროვილეგირებული ნაწილი ყველაფრის მკადრებელია. იაპონია რომ გახდეს მსოფლიოში მოდური, ეს პოლიტიკური ლიდერები დაიწყებენ იმის ძახილს, რომ გეიშების ჩვეულებები ქართულ კულტურაში ზის. სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გვითხრა, რომ კონსერვატორი და ქართული ტრადიციების მოყვარულია, ბოკერია კი პირიქით. ამით ყოფილმა პრეზიდენტმა ორი კურდღელი მოკლა.
– კერძოდ, რა ამოცანები შეასრულა?
– ჯერ ერთი, თავისი მზაკვრობით მან გაამარგინალა და პოლიტიკურად მოკლა გიგა ბოკერია. მეორეც, მან თავის და თავისი პარტიის გარშემო შემოიმტკიცა მომხრეების ის ჯგუფი, რომელიც მორწმუნე და ტრადიციების მიმდევარია. გვინდა თუ არა, ასეთი შემცდარი ხალხი საქართველოში არსებობს.
– სხვებზე გავლენა ვერ მოახდინა?
– მათზე, ვინც სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. დანარჩენი საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის ასეთი ტრიუკებით არ ტყუვდება. ამ ხალხისთვის სულ ერთია, რას წამოიძახებს სააკაშვილი და რას დაიბრალებს.
– თქვენი აზრით, ამით გაძლიერდა ნაციონალური მოძრაობა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მარტო გადის არჩევნებზე და დასუსტდა ბოკერიას “ევროპული საქართველო”?
– რა თქმა უნდა. სააკაშვილმა პოლიტიკურად მოაკვდინა “ევროპული საქართველო” და მოიგო თავისი მომხრეების გული. სააკაშვილის მომხრეები განაწყენებული იყვნენ იმის გამო, რომ მათი ლიდერი საქართველოდან შორს იმყოფება, პარტია კი ბოკერიას მსგავსი ლიბერალების ხელშია. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით იყრის კენჭს ნაციონალური მოძრაობა, ეს მასზე არ არის დამოკიდებული.
– ვისზეა დამოკიდებული?
– მათ უცხოელ პატრონებზე. თუ ეტყვიან, ესა და ეს ადამიანი უნდა ჩასვათ სიაშიო, ჩასვამენ.
– სააკაშვილმაც დავალება შეასრულა თავისი განცხადებებით?
– რასაკვირველია. ისინი, ვისი მარიონეტებიც არიან ქართველი პოლიტიკოსები, კარგად სწავლობენ საზოგადოების განწყობებს. მათ ჩათვალეს, რომ სააკაშვილს ასე უნდა ემოქმედა. მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომ თავის დროზე სააკაშვილი ჩვენს ეკლესიას ებრძოდა. სააკაშვილს დასჭირდა და თქვა, რომ ეკლესიას ბოკერია ებრძოდა, იგივე ბოკერია დასცინის ქართულ ტრადიციებს.
ეს ტყუილი არც არის. ამაზე არაერთ ადამიანს გაუმახვილებია ყურადღება. სულ სხვაა, როცა ამას ადასტურებს ყოფილი ხელისუფალი.
– “ქართულ ოცნებასაც” დასჭირდება მსგავსი კონტრზომების მიღება და ლიბერალიზმისგან დისტანცირება?
– “ქართულმა ოცნებამ” უკვე იმოქმედა: გადააყენა პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე, პრემიერად მოიყვანა გახარია, რომელიც იმუქრება, რომ დაასრულებს ნაციონალურ მოძრაობას; თავდაცვის მინისტრი გახდა ღარიბაშვილი.
ჩემი აზრით, ეს კონსერვატიული ფრთის გაძლიერება არ არის. ხელისუფლება სხვანაირად ფიქრობს და იმედიანადაა. კობახიძე, რომელსაც გავრილოვის მონაწილეობით სპეცოპერაცია ჩაუტარეს, ჩაანაცვლა მისნაირმა თალაკვაძემ. რატომღაც ამან საზოგადოება ილუზიებში ჩააგდო.
– ამ საკადრო გადანაცვლებებმა ხალხზე პოზიტიურად იმოქმედა?
– როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, ეს ასეა. საზოგადოება ამ ცვლილებებს აღფრთოვანებული შეხვდა. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა სოციალურ ქსელებში.
– იქნებ, მარტო “ოცნების” წევრები აღფრთოვანდნენ?
– “ოცნების” წევრები და ტროლები რომ აქტიურად მუშაობენ “ოცნების” პიარზე, ეს ცნობილია. მე ვლაპარაკობ მიამიტ ადამიანებზე. “ოცნება” კარგად ახერხებს გულუბრყვილო მასებით მანიპულირებას.
სიშტერეში გადასულ გულუბრყვილობას ემატება ანგარება. საარჩევნოდ ზოგი 50 ლარზე გაიყიდება ზოგი – ტომარა კარტოფილზე, ზოგი არჩევნების დროს დროებით დასაქმდება და 500 ლარს აიღებს.
უწმინდესი ხშირად ამბობს, რომ საჭიროა ანალიტიკური აზროვნება. საუბედუროდ, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მოვლენებს არ აანალიზებს და ადვილად ბრიყვდება. ადამიანები არ აკვირდებიან პოლიტიკური ლიდერების ცხოვრების წესს. კაცი რომ მთელი ცხოვრება ეკლესიას ებრძოდა, სულ აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევა, იმის მორწმუნეობა და ტრადიციულობა დასაჯერებელია?! ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.