მამუკა გამყრელიძე – “ნაციონალები არჩევნებზე მარტო აპირებენ გასვლას”

მამუკა გამყრელიძე - “ნაციონალები არჩევნებზე მარტო აპირებენ გასვლას”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, რა ხდება ოპოზიციაში, რატომ დაერიეთ ერთმანეთს, რა შეიცვალა?
– შეიცვალა განლაგება. მოდით, ღიად ვთქვათ, რომ პირდაპირ სტამბოლის ბაზარი გაიხსნა აი ამ პოლიტიკურ ველზე. ამის მიზეზი კი გახლავთ ეს ე.წ. 0,67%-იანი ბარიერი, რომელიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა. აი ეს ბარიერი, იძლევა საშუალებას, რომ ვიღაცეებს გაუჩნდეთ სურვილი და ილუზია იმისა, რომ აქ შეიძლება რაღაცა უფრო მეტის გამოდნობა საკუთარი თავისთვის.
ეს არის ქართველების უდიდესი პრობლემა, რომ ძალიან ხშირად ქართველები უფრო მაღლა აყენებენ პირადულს, ვიდრე სახელმწიფოებრივ ინტერესს. აქედან გამომდინარე მივიღეთ ის, რომ ყველამ დაიწყო საკუთარ თავზე ფიქრი. მათ ხელისუფლების დამარცხება კი აღარ უნდათ, მათი სურვილია, როგორმე მოხვდნენ პარლამენტში და ხელისუფლებისაგან ბენეფიტები მიიღონ.
გაერთიანების იდეაც ნელ-ნელა მივიწყებას ეძლევა. პარტიებიდან ამის დიდ ინტერესს ვეღარ ვხედავ, სამწუხაროდ. თუნდაც ის, რაც 1 ოქტომბერს მოხდა.
– რა მოხდა 1 ოქტომბერს?
– ძალიან საინტერესო პროცესი დავიწყეთ, გიორგი ვაშაძის ინიციატივით, ამაზე ვმუშაობდით რამდენიმე თვის განმავლობაში, დავიწყეთ პროგრამის კეთება, დიდი საარჩევნო პროგრამის, რომელსაც დავარქვით სტრატეგია აღმაშენებელი. აღმაშენებელი ნიშნავს აშენებას და არა მაინცდამაინც დავით აღმაშენებელს.
– ნაციონალები არ მოვიდნენ ამ პრეზენტაციაზე.
– არ მოვიდნენ! სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი არ იყო.
– რატომ არ იყო, ისინიც ხომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიაა?
– არ იყო. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. ვანგა არა ვარ და არც ლელა კაკულია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ასე იქნებოდა და ეს ძალიან სამწუხაროა.
– ანუ გაერთიანებულ ოპოზიციასაც წყალი შეუდგა?
– ასე მოხდა. მე ამას ვთვლი დემარშად. როდესაც არავინ მოვა 124 კაციანი პოლიტსაბჭოდან, ამას რა უნდა დავარქვათ?! საერთოდ ჩვენი შეხვედრები, გაერთიანებული ოპოზიციის, ბოლო პერიოდში უფრო და უფრო იშვიათი ხდებოდა. ამდენი ხანი გავიდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და ისიც ვერ მოვახერხეთ, რომ სტრუქტურა შეგვექმნა.
– რა გამოდის, რომ ნაციონალებსაც ცალკე უნდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება?
– არ გამოვრიცხავ. მე სრულიად დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ მათ პოლიტსაბჭოში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ რა საჭიროა სხვებთან ერთად გასვლა, ჩვენ საკმარის ხმებს ისედაც ავიღებთ.
– წინა ინტერვიუში ამაზე მინიშნებით უკვე საუბრობდით და ისიც თქვით, რომ დიდი ამბავი ატყდება, ამაზე რომ ღიად ვსაუბრობო, მაგრამ ფაქტია, რომ ნაციონალებიც განზე გადგნენ.
– ყველამ ნახა, რომ ასეა. საერთოდ არ მოვიდნენ, არადა გიორგი ვაშაძე აცხადებს, თუ ვინმეს რამე მოგეწონებათ ამ სტრატეგიიდან, წაიღეთ, გინდა მთლიანად, გინდა ნაწილ-ნაწილ. აქ საუბარი არ შეიძლება იყოს წერტილოვან ცვლილებებზე, რეფორმები უნდა მოხდეს მთლიანად. თუ ეს არ გავაკეთეთ, ნაწილობრივ რეფორმები არაფერს მოიტანს. რაღაცა ერთიანი მიზანი გვჭირდება და ვერაფრით მივიყვანეთ ეს ხალხი აქამდე.
– ეს ყველაფერი არ ასხამს ივანიშვილის წისქვილზე წყალს?
– მე რამდენჯერ ვთქვი, რომ ის, ვინც გაერთიანების წინააღმდეგია, წყალს ასხამს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში.
– რას იტყოდით ნაციონალების და “ევროპული საქართველოს” დაპირისპირებაზე? ღია ომი გამოუცხადეს ერთმანეთს. ეს პროცესი არ აზარალებს ოპოზიციას?
– მე ღიად ვიტყვი, ამის შესახებ ფეისბუქში სპეციალურად არაფერი დავწერე, ვთვლიდი, რომ მე ამაზე მაღლა მინდა ვიყო. არ მინდა ამ კინკლაობაში და ძიძგილაობაში მონაწილეობის მიღება, მითუმეტეს, რომ არც ერთია ჩემი პარტია და არც მეორე.
აქ ლაპარაკი რაზეა, იცით? შენ თუ შენი თამასა გაქვს გათვლილი იმაზე, თუ ვინ იქნება პირველი ოპოზიციური პარტია, მაშინ შენ არ გაქვს არავითარი სურვილი, შეცვალო ხელისუფლება! შენი თამასა უნდა იყოს ხელისუფლება, შენ ხელისუფლებას უნდა დაეჯახო, მას უნდა მოუგო, ის უნდა დაამარცხო და მოხვიდე ხელისუფლებაში. აქ კი რა ხდება?!
– რა ხდება, ისევ ოპოზიციაში ყოფნა უნდათ?
– ერთმანეთს ეტაკება ორი პოლიტიკური ძალა, თუ ვინ იქნება პირველი ოპოზიციური პარტია. ეს ორივე პარტია ერთი და იგივეა! ვის უბნელებენ ტვინს და ვის უხვევენ თვალებს, ძალიან მაინტერესებს ერთი! მთელი 9 წლის განმავლობაში ეს იყო ერთი გუნდი. ახლა ვითომ რაღაც განსხვავებები აქვთ, მაგრამ დიდი არაფერი.
– ანუ ბოკერიას ჰგონია, რომ სააკაშვილის ლანძღვით დაიწერს ქულებს და სააკაშვილს ჰგონია, რომ ბოკერია მასზე უარესია?
– ვუსმინე მე სააკაშვილს და არაფრით ველოდებოდი მისგან მსგავს განცხადებებს. სააკაშვილი არ არის ჩამოყალიბებული, რა უნდა, ჩამოვა, არ ჩამოვა, ქართველი პოლიტიკოსია თუ უკრაინელი. ძალიან დააბნია მწვავე კითხვებმა.
ვიღაცეებს ნამდვილად უნდათ, რომ ის ჩამოვიდეს და თავი შეაკლას აქ ვიღაცეებს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ – ადამიანის უსაფრთხოება არის უპირველესი. არავის სჭირდება ნელსონ მანდელა. ამ ორმა პარტიამ თამასა დაწიეს პლინტუსზე დაბლა. ერთმანეთს ეკინკლავებიან, იმის მაგივრად, რომ გაერთიანდნენ და შექმნან ძალიან ძლიერი ოპოზიცია.
– ბიძინას ხომ არ გაურიგდნენ?
– მაგას როგორ ვიტყვი. თაკომ კი ეძახა, ჩარკვიანმა, გარიგებულები ხართო, მაგრამ სანამ არ გაქვს ხელში მყარი არგუმენტები, ამას ვერავის დააბრალებ. ეს ჭორაობაა.
– ჭორაობაა, მაგრამ ამ ყველაფრით იგებს ბიძინა ივანიშვილი.
– კი ბატონო, მეც მაგას ვამბობ. შენ გინდა თუ არ გინდა, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობ.
– ფორმულა – გათიშე და იბატონე ამ ეტაპზე მშვენივრად გამოსდის ბიძინა ივანიშვილს.
– კი კაცო, აბა რა! დაინახეს ამ პარტიებმა, პატარ-პატარებმაც, შევიდნენ პარლამენტში და საკუთარი ბიზნესის ლობირებით დაკავდნენ. აი, ეს არის მთელი ფილოსოფია.
ანუ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ხელისუფლების შეცვლა კი არ გვინდა, პოლიტიკურ კლასს ვგულისხმობ, პირიქით, აწყობთ ეს ხელისუფლება. ჰოდა თუ აწყობთ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ის სავარძელიც პარლამენტშიც და ის მთავრობაც.
მე მინდა სხვა მთავრობა და სხვა ხელისუფლება, რომელიც შეძლებს, რომ ჩვენი ქვეყანა შეიყვანოს ლიდერ ქვეყანათა შორის. ხოლო თუ ჩვენ ისევ სადღაც უნდა ვიფორთხიალოთ, ეგეთი პარლამენტიც და სავარძელიც შემირცხვენია! ეგეთი მიზანიც შემირცხვენია.
თავის მოჭრაა ეს ყველაფერი და პირადად მე სულ ტყუილად დამიხარჯავს ამდენი დრო, 2013 წლიდან დღემდე. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, სიმართლე რომ გითხრათ.