„მამუკა ხაზარაძე ივანიშვილისთვის სერიოზული საფრთხე ხდება“

„მამუკა ხაზარაძე ივანიშვილისთვის სერიოზული საფრთხე ხდება“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

გუშინ ორი ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერის, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესები გაიმართა. ორივე პოლიტიკური ლიდერი ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩა.

ხომ არ არის მოსალოდნელი ”ქართული ოცნების” მხრიდან ოპონენტების მიმართ ზეწოლის გაძლიერება და რატომ ხდება სამიზნე მხოლოდ რამდენიმე ლიდერი? _ ამ საკითხებზე „ახალი თაობის“ კითხვებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე პასუხობს.

_ მელიამ თქვა, რომ აღარ დაემორჩილება სასამართლოს მოთხოვნას და აღარ ჩააყენებს პროკურატურას საქმის კურსში, იმაზე როდის აპირებს რაიმე აქტივობას და როდის დატოვებს სახლს. რას ელოდებით ამ პროცესის ირგვლივ და ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ მორიგი ზეწოლა განხორციელდება მასზე ”ქართული ოცნების” მხრიდან?

_ კი, ეს სავსებით შესაძლებელია. ეს შესაძლოა გახდეს იმის საფუძველი, რომ მასზე რაღაც ზეწოლა განახორციელონ. მელიასთან დაკავშირებით ალბათ იტყვიან, რომ ის არ ემორჩილება კანონს, ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დაკისრებულ განაჩენს და არ აყენებს საქმის კურსში პროკურატურას. აქედან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია, რომ პრეტენზიები ჰქონდეს მასთან მიმართებაში ხელისუფლებას.

_ რატომ აირჩიეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ მხოლოდ რამდენიმე პირი, მაშინ როდესაც იგივე 20 ივნისის მოვლენებზე დაახლოებით 10 პოლიტიკური ლიდერის გვარი ფიგურირებდა? ლიდერებიდან რეალურად ამ საქმეზე ციხეში ზის ოქრუაშვილი, ხოლო სამაჯური ადევს მელიას. რატომ?

_ პირველ რიგში იმიტომ, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკური ლიდერი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პირი, რომელიც აქტიურობდა თუნდაც იგივე თელავის მოვლენების დროს, რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად. ეს ხდებოდა 2018 წლის დეკემბერში.

მაშინ კარგად გამოჩნდა, რომ მელია იყო ძალიან აქტიური ფიგურა. ის იყო ძალიან აქტიური 20 ივნისის მოვლენების დროსაც და ამიტომ შეაჩერეს ამ შემთხვევაში მასზე არჩევანი, რომ ანგარიშსწორება მასზე მომხდარიყო. რახან ის იყო აქტიური ფიგურა, ჩათვალეს რომ საფრთხეს წარმოადგენდა პარლამენტისთვის და სავარაუდოდ ამიტომ შეარჩიეს ნიკა მელია. შესაძლოა ამ საკითხს უკავშირდებოდეს მელიას დასჯა.

_ ანუ იმას ამბობთ, რომ პოლიტიკური შურისძიების მომენტებთან გვაქვს საქმე? ამ მხრივ აქტიური იყო ოქრუაშვილიც, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა ივანიშვილს.

_ დიახ, რა თქმა უნდა. ის იყო აქტიური პირი და ამით თითქოს მეტი საფუძველი აქვს ხელისუფლებას იმისა, რომ მას წაუყენონ გარკვეული პრეტენზიები და ბრალეულობა.

_ ირაკლი ოქრუაშვილი არ ყოფილა თელავის მოვლენებში ჩართული. მისი ციხეში ჩასმა რით აიხსნება?

_ კი ბატონო, თუმცა ოქრუაშვილთან მიმართებაში სხვა რამესთან გვაქვს საქმე. მისი ეპიზოდი უკავშირდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს. გახსოვთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებდა რუსთავი 2-თან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანიის რეალური მფლობელი ის არის. არსებობს კონკრეტული ხელშეკრულება, რომელიც ოქრუაშვილს ხალვაშთან აქვს დადებული. ამ ხელშეკრულების არსებობა დადასტურებულია. ოქრუაშვილი დაჭერის საქმე რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდება პირდაპირ.

_ ანუ მელიას და ოქრუაშვილის ეპიზოდებით ხელისუფლებამ თავიდან აირიდა თავის ტკივილი და ვისგანაც საფრთხე დაინახა, ისინი გაანეიტრალა?

_ კი ბატონო, ნამდვილად შეგვიძლია ეს შეფასება გავაკეთოთ ამ ფაქტებიდან გამომდინარე.

_ მამუკა ხაზარაძის სასამართლო სხდომაც იყო ფულის გათეთრების თემაზე. სხდომაზე შესვლამდე მან თქვა, რომ ფაქტობრივად ტყუილებში გვიწევს ცხოვრება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხაზარაძე კიდევ უფრო აქტიურად უპირისპირდება ივანიშვილს?

_ კი, ძირითადად ამას ნიშნავს. იმიტომ, რომ მის მიმართ ზეწოლა არსებობს. ამ საქმეზე მას დააკისრეს 700.000 ლარიანი გირაო და ალბათ ამ შემთხვევაში ეს ასეა. მით უმეტეს, რომ მან უკვე ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ და მისი პოლიტიკური პარტიაც ამ სახელწოდების იქნება. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ხაზარაძეს უნდა დაიკავოს რადიკალური ოპოზიციის ადგილი.

_ ხომა არ ელოდებით, რომ ხაზარაძის მიმართაც იგივე ქმედებები განხორციელდება, რაც მელიას ან ოქრუაშვილთან მიმართ განხორციელდა?

_ კი, სავსებით შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში ეს გამორიცხული არანაირად არ არის. იმიტომ, რომ საუბარია 10 წლის წინ ჩატარებულ ოპერაციაზე, თითქოს ის იყო უკანონო. მანამდე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ეს ქმედება, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გაჩნდა გარკვეული ინტერესები ხელისუფლების მხრიდან. ამ ფაქტის შემდეგ წაუყენეს გარკვეული ბრალი ბატონ მამუკა ხაზარაძეს.

_ ანუ, დღეს ხელისუფლებისთვის ხაზარაძეც საფრთხეს წარმოადგენს?

_ დიახ, ხელისუფლება მას განიხილავს კონკურენტად. იმიტომ განიხილება ხაზარაძე ”ქართული ოცნების” კონკურენტად, რომ მას გააჩნია ფინანსური რესურსები და მას შეუძლია, რომ ამ რესურსებით გააკეთოს ფილიალები საქართველოს რეგიონებში და დაუპირისპირდეს ივანიშვილს. აქედან გამომდინარე მე ასე მგონია, რომ ხელისუფლება მასზე განახორციელებს ზეწოლას.

_ ხელისუფლება მისი დაჭერისკენ წავა თუ დაახლოებით იგივე ქმედებას განახორციელებს, რაც 2016 წელს პაატა ბურჭულაძის მიმართ განახორციელა?

_ მე მგონია, რომ უფრო იმაზე იქნება საუბარი, რომ მას მიაყენონ დარტყმა, უფრო ამაზე იქნება საუბარი. მივა თუ არა საქმე მის დაჭერამდე, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია.