მირიან მირიანაშვილი – „პატრიარქის შეცვლის რუსული გეგმის შესრულება კვირიკაშვილს ჰქონდა დავალებული“

მირიან მირიანაშვილი - „პატრიარქის შეცვლის რუსული გეგმის შესრულება კვირიკაშვილს ჰქონდა დავალებული“მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

რა ხდებოდა საპატრიარქოში გიორგი კვირიკაშვილის დროს? რაზე საუბრობს მეუფე იაკობი? რა სახით შეიძლება მოხდეს ამერიკული სამხედრო გააქტიურება საქართველოში? რატომ არის სამხედრო მიუმხრობლობის თემის წამოწევა ანტისახელმწიფოებრივი? ამ საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა საქართველოს გადარჩენის მოძრაობის ლიდერს, ყოფილ დეპუტატ მირიან მირიანაშვილს.

_ მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულება მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში მუშავდებოდა. იგი ასახელებს შეხვედრის მონაწილეებს _ გიორგი გახარიას, ვახტანგ გომელაურს, ვანო ჩხარტიშვილს. ზოგიერთმა მათგანმა გააკეთა კომენტარი და მეუფე იაკობის ბრალდებები უარყო. ამაზე რაიმე ინფორმაციას ფლობთ?

_ რუსეთს რომ მეუფე შიო დიდი ხანია საქართველოს პატრიარქად უნდა, ეს საზოგადოების ფართო წრემ ჯერ კიდევ მის მოსაყდრედ გამოცხადებამდე იცოდა. კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული ყველა მოძრაობა დირიჟირებული იყო რუსეთიდან.

გერმანელი ექიმების დამსახურებაა, რომ პატრიარქი  ცოცხალია. ანტიპატრიარქული დინებები  სხვადასხვა წელს ბევრი ყოფილა. ისინი  ძლიერდებოდა ხოლმე იმ დროს, როცა ილია მეორე მიემგზავრებოდა სამკურნალოდ საზღვარგარეთ. იმ შეხვედრაზე, რომელზეც მეკითხებით, ვერაფერს გეტყვით. ერთი კი ვიცი _ ბოლო წლებში პატრიარქის შეცვლის  გეგმა რუსეთმა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს დაავალა. ამას რუსებმა პოლიტიკური ინტრიგის ელფერიც დაურთეს _ რუსული დავალების შესრულება დაავალეს მაღალჩინოსანს, რომელსაც რუსული პროპაგანდა პროდასავლელი პოლიტიკოსის იმიჯს უქმნიდა.  კვირიკაშვილისათვის ნიღბის ჩამოხსნით  კრემლმა დაამთავრა მისი პოლიტიკური საქმიანობა.

_ კვირიკაშვილი თანამდებობაზე აღარ არის, მაგრამ მას რუსეთუმე პოლიტიკოსის სახელი არც ახლა აქვს ხალხში.

_ ჰგონია თუ არა ჩაუხედავ ხალხს კვირიკაშვილი პროდასავლელი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ რუსეთის სვლები გათვლილი იყო დასავლეთზე. კვირიკაშვილი-ხაზარაძის ტანდემი მაშინ მოიაზრებოდა ივანიშვილის შემცვლელად. ეს ხელისუფლების გადაბარების ერთ-ერთი ვარიანტი იყო.

კრემლმა დასავლეთის პოლიტიკურ სისტემაში კვირიკაშვილის დუეტი ვერ შეაცურა. იმ მომენტისათვის რუსებს კვრიკაშვილი უკვე აღარ სჭირდებოდათ და მას განზრახ დაუნგრიეს მანამდე შეკოწიწებული დასავლური იმიჯი.

_ კვირიკაშვილის მოახლოებულ პოლიტიკურ აღსასრულზე მაშინ ისაუბრეთ, როცა პრემიერმა  მოსკოვში წერილი გაგზავნა. ეს ის დრო იყო, როცა   ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ჭიანურდებოდა. იმ დროს ეკლესიის თემაზე საუბარი არ ყოფილა.

_ ეს წერილი სამარცხვინო და პოლიტიკოსისთვის დამანგრეველი იყო. ის რუსეთის მითითებით დაიწერა. მაშინ ვთქვი, რომ კვირიკაშვილს გაშვების წინ რუსებმა მას სახელი გაუტეხეს. ამერიკელებმა მისი საპატრიარქოს საქმეებში ჩარევის ამბავი მაშინვე  გაიგეს. წელიწადნახევრის წინ დასრულდა რუსული კომბინაცია კვირიკაშვილი-ხაზარაძის ტანდემის მონაწილეობით.

_ ხაზარაძეს პოლიტიკურ გეგმებზე უარი არ უთქვამს. ამ ამბების შემდეგ მან საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნა, დეკემბერში კი პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს.

_ ეს უფრო  მოკრძალებული სურვილებია. წელიწადნახევრის წინ  მეგაამოცანა ჰქონდათ _ კვირიკაშვილსა და ხაზარაძეს, რუსული კომბინაციით,  უნდა ჩაენაცვლებინათ ივანიშვილი.

ეს უკვე გამორიცხულია. ხაზარაძე პოლიტიკაში მოდის, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი პარტიის ლიდერი. მის პარტიაზე მეტ ხმას არჩევნებზე სხვები აიღებენ.

_ ხაზარაძეს რესურსები აქვს და არც პიარი აკლია.

_ ფული აქვს. რაც შეეხება პიარს,  რეკლამას უკეთებს თავისი არხი. ყველამ იცის, რომელი ტელევიზია მუშაობს ხაზარაძეზე.

_ ამ დღეებში საზოგადოება მსჯელობს საქართველოში ამერიკელი სამხედროების შემოსვლის შესაძლებლობაზე.  ამერიკელი ექსპერტი ლუკ კოფი აცხადებს, რომ აშშ-ის ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება საქართველოში გაიგზავნოს. ამისთვის სასურველია ახალქალაქში ადრე არსებული რუსეთის სამხედრო ბაზის გამოყენება.

_ ეს მრჩევლის პერსონალური აზრია. ესაა ლუკ კოფის რეკომენდაცია და არა – აშშ-ის ოფიციალური წრეების პოზიცია.  სირიიდან ამერიკული ჯარის გამოყვანა არც ხდება. მანამდე განხორციელდა  თურქეთ-სირიის საზღვარზე დისლოცირებული სამეთვალყურეო პუნქტებიდან ამერიკელი სამხედროების დისლოკაცია.

სირიიდან საქართველოში ამერიკელი სამხედროების გადმოყვანა არ იგეგმება. არ არის გამორიცხული სხვა ცვლილება _ მომავალში შესაძლოა თურქეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ბაზის გადმონაცვლება.  ეს გადაწყვეტილებაც  მიღებული არ არის.

_ დასავლელი ექსპერტები ამერიკული ბაზის თურქეთში დახურვას ჯერ კიდევ მაშინ ვარაუდობდნენ, როცა თურქეთ-ამერიკას შორის ასეთი დაძაბულობა არ იყო.

_ აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო რთულდება. ამერიკაში უკვე საუბრობენ თურქეთის გარიცხვაზე ნატოდან. თუ ასე გაგრძელდა, ამერიკული ბაზა ვეღარ დარჩება თურქეთში.

საქართველო გადაქცეულია გეოპოლიტიკურ კვანძად. ამერიკის პოლიტიკური ელიტისთვის საქართველო პრიორიტეტია. ამერიკის პოლიტიკურ დიპლომატიაში ჩანს, რომ საქართველო ამ რეგიონში აშშ-ის მთავარი საყრდენი უნდა იყოს.

ეს იწვევს პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებას ქვეყანაში. 2020-ში მოხდება გარდატეხა. ამერიკის პოლიტიკური ელიტა არ დაუშვებს თურქეთისა და რუსეთის ამბიციების დაკმაყოფილებას რეგიონში.

აშშ გააგრძელებს რუსეთ-თურქეთის სამოკავშირეო ტრენდის შეკავებას. საქართველოს ფუნქცია იზრდება. ასეთი ვითარება ჩვენ 30 წელიწადია, არ გვქონია.

_ რუსეთის აქტიურობაც გაიზარდა საქართველოში?

_ რუსეთის ანტიქართულობა არის მუდმივი მოცემულობა. კრემლის რომელიმე ნაბიჯის დაკავშირება აშშ-ის აქტივობასთან მცდარი მოსაზრება და რუსული პროპაგანდაა. რუსეთი საქართველოს ყოველთვის ყლაპავს.

აშშ ჩვენთვის არის რუსეთის ერთადერთი შემაკავებელი. მალე ამერიკის როლი გაიზრდება. ამას ექნება აბსოლუტურად ლეგიტიმური ხასიათი, იმიტომ, რომ ყველა გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობა მხარს უჭერს ევროატლანტიკურ კურსს. თურქეთისგან და სირიისგან განსხავავებით, ჩვენ აშშ-ის გულწრფელი მომხრეები ვართ. ჩვენ საერთო ქრისტიანული ფასეულობები გვაკავშირებს.

_ ეს ასეა, მაგრამ, როგორც გამოიკვეთა, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი სამხედრო მიუმხრობლობას, იგივე ნეიტრალიტეტს ემხრობა. შესაბამის ხელმოწერებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში პატრიოტთა ალიანსი აგროვებს.

_ მიუმხრობლობა ქვეყნისთვის დამღუპველი იდეაა. ეგ პარტია დამოუკიდებელი სტრუქტურა არ არის. პატრიოტთა ალიანსის  ნებისმიერი აქტივობა არის რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის ნაწილი.

ინაშვილის პარტიის  ყველა განცხადება რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით კეთდება. მაგათი ხელმოწერები გამოსაძიებელია.  ზოგ ადამიანს, ალბათ,  მოტყუებით მოაწერინეს ხელი და „დააბოლეს“  ცრუ მშვიდობიანი დაპირებებით.

სამწუხაროდ, რუსეთს  ჩვენს სპეცსამსახურებში ჰყავს თავისი დავალებების შემსრულებლები. ბუნებრივია,  ქართულ სპეცსამსახურებშიც არიან პატიოსანი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თანამშრომლები. რუსეთის სპეცსამსახურები თავისი აქაური მსახურების დახმარებით უკეთებენ ორგანიზებას პატრიოტთა ალიანსის ყველა ღონისძიებას.

ჩვენი საზოგადოება გონიერია და იმდენად ინფორმირებული, რომ   ნეიტრალიტეტისა და სამხედრო მიუმხრობლობის მოღალატური იდეით არ მოტყუვდეს. საქმე საქმეზე რომ მივა და მოუნდებათ ნეიტრალიტეტის დაფიქსირება საქართველოს კონსტიტუციაში, „ქართული ოცნება“ ამას ვერ გაბედავს. რაც უნდა შეკრული იყვნენ პატრიოტთა ალიანსთან, ამის გატანა არ გამოუვათ. ეს იქნებოდა  აფიშირება, რომ „ოცნება“ მოქმედებს რუსეთის დირიჟირებით.

_ ტყუილად აგროვებენ  ხელმოწერებს?

_ ტყუილად ცოდვილობენ. სამხედრო მიუმხრობლობა საქართველოში არ შეიძლება. ნეიტრალიტეტის გამოცხადება საქართველოში ნიშნავს რუსეთ-თურქეთის ალიანსის წინაშე ქვეყნის მარტო დატოვებას.

სამხედრო მიუმხრობლობის მოთხოვნა  ანტისახელმწიფოებრივია.  როცა რუსეთის სპეცსამსახურებმა ინაშვილის სტრუქტურას ხელმოწერების შეგროვება  დაავალეს,  სხვა დრო ოყო. მოვლენები დინამიკურია და მას შემდეგ ბევრი რამე მოხდა.

სიტუაცია რუსეთ-თურქეთის სასარგებლოდ არ იცვლება.  ახლა, ალბათ, უკვე რუსეთსაც აღარ სჯერა, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტს გამოაცხადებინებს.