“მუდმივად ვამბობდი, გაზის სუნია მეთქი” – აფეთქება 16-სართულიან კორპუსში სანზონაში

“მუდმივად ვამბობდი, გაზის სუნია მეთქი” – აფეთქება 16-სართულიან კორპუსში სანზონაში“მივმართავ ქალაქის მერიას, მოგვხედოს და გამოგვიყოს საცხოვრებელი. ფაქტობრივად, არაფერი გვივარგა. მადლობა ღმერთს მსხვერპლი არ არის. სხვათაშორის რამდენჯერმე მაქვს დარეკილი “თბილისი ენერჯიში”, ვეუბნებოდი, რომ მუდმივად არის სუნი მეთქი. მოდიოდნენ, ნახავდნენ, არაფერი არ არისო და მეტი არაფერი. მივმართავ მთავრობას აიძულოს ეს კომპანია, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ხოლმე მსგავს სიტუაციებში” – ასეთ განცხადება გააკეთა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა იმ კორპუსის, სადაც დღეს 8 საათზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა.

“დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის 1 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები გადაყვანილები არიან კლინიკაში” – ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომლის თქმითაც დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანი უნდა იყოს.

ამ მომენტისთვის 16-სართულიანი შენობა სრულიად დაცლილია და სამაშველო სამსახური პოლიციასთან ერთად შემთხვევის ადგილზე მუშაობს.

შემთხვევის ადგილზე მისულები არიან ქალაქის მთავრობის წარმომადგენლები. ისინი სწავლობენ ადგილზე შექმნილ მდგომარეობას და მათი განცხადებით, მალე გააკეთებენ განცხადებას თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსახლეობის გადაყვანის და კორპუსში შესვლასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას, დილის 8 საათისთვის, თბილისში, გურამიშვილის 34 ნომერში 16-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მე-4 სართულზე მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე სართულზე საცხოვრებელი ბინების დაზიანება მოხდა.

მეტრონომი