ნიკა მელია – “კობახიძე დაქოქილი თოჯინასავით გამოიყვანეს… ხელისუფლება შოკშია”

ნიკა მელია - "კობახიძე დაქოქილი თოჯინასავით გამოიყვანეს... ხელისუფლება შოკშია"ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ დღეს გაკეთებული განცხადებით, მას კობახიძე გულწრფელად ეცოდება.
გაერთიანებული ოპოზიციისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე “გუშინ გაკეთებული არასწორი განცხადების გამო დასაჯეს და დღეს განცხადების გასაკეთებლად მომართული თოჯინასავით გამოიყვანეს”.

მელია ამ განცხადებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45 პროცენტი მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს.

კობახიძემ გუშინ თქვა რომ, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.

ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ დღეს გაკეთებული განცხადებით, მას კობახიძე გულწრფელად ეცოდება:

“გულახდილად ვიწვი ბატონი კობახიძის საცოდაობით. მეორე შემთხვევაა, როცა ის გააკეთებინეს, რაც მას არ უნდოდა. ერთხელ როცა ხალხმა და შემდეგ უკვე ბიძინა ივანიშვილმა დაატოვებინა პარლამენტის თავმჯდომარეობა – წადი თორემ ხალხი მოგვადგაო. გუშინ თქვა ის რაც არ უნდა ეთქვა, დღეს კი გამოიყვანეს დაქოქილი თოჯინა. აი უკან რომ აქვს თოჯინას, ბავშვობაში რომ ვმართავდით და ერთი წუთი ერთი და იგივე მოძრაობას აკეთებდა. ასეთი ადამიანია ბატონი კობახიძე”- განაცხადა მელიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლება შოკშია, სწორედ ამას უკავშირდება “კობახიძის მიერ დასახელებული 45%, რომელიც გაბერილია”.
“გუშინ მან 45% დაასახელა და რეალურად გაბერა ეს მაჩვენებელი. ანუ ყოველი 10 ამომრჩევლიდან 4 ჩვენიაო. ჩვენ ხომ ვიცით, ამ ოთხში ორი ან ნათესავია, ან სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული. ამ პირობებშიც კი ეს არის უპირობო მარცხი.

2012 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილმა 40% აიღო, საღამოს ოპოზიციას უკვე მიულოცა გამარჯვება. კობახიძის 45% ფანტასტიკური ჟანრიდანაა. უმძიმესი ვითარება აქვს ქართულ ოცნებას. ბოლო ერთი დღის პერიპეტიები, რაც კობახიძის თავს ხდება ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება არის შოკში”- თქვა ნიკა მელიამ.

ნიუპოსტი