ორხევში 80 წლის ლერი ლომაშვილმა ნათლული, 42 წლის კახა გაბრიელაშვილი მოკლა

ორხევში 80 წლის ლერი ლომაშვილმა ნათლული, 42 წლის კახა გაბრიელაშვილი მოკლამკვლელობა ორხევში – 42 წლის  მამაკაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ მისივე ნათლია დააკავა. 80 წლის პენსიონერს პოლიცია განზრახ მკვლელობასა და იარაღის ტარებას ედავება. მოკლულს რამდენიმე ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია, მკვლელობა კი დილის 8 საათზე მოხდა. 80 წლის ლერი ლომაშვილი თავის ნათლულს კახა გაბრიელაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდა. კახა მგალობლიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. ცხედარი ამ ეტაპზე პროზექტურაშია გადასვენებული. მკვლელობაში ბრალდებული საგამოძიებო უწყებაში თავისი ფეხით მივიდა.

დაპირისპირების მიზეზად ახლობლები ვალს ასახელებენ, რომელიც გარდაცვლილს მისი ნათლიისათვის არ დაუბრუნებია. სავარაუდოდ, დაპირისპირება მათ შორის სწორედ ამის გამო მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, საუბარია 400 ლარზე, რომელსაც გარდაცვლილი ვერ აბრუნებდა.

კახა გაბრიელაშვილს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. თუ რატომ მოხდა ნათლიასა და ნათლულს შორის დაპირისპირება, ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

ლერი ლომაშვილი სახლში მარტო ცხოვრობს. ლომაშვილს ჰყავს გარდაცვლილი მეუღლე და მისი შვილი ამჟამად უცხოეთში იმყოფება.

“გავიგეთ, რომ მოკლესო და ვინ მოკლა, რა მოკლა, ჯერ არ ვიცით არაფერი. ძვირფასი შვილი, ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭი იყო. ჯან-ღონით სავსე ბიჭი, პატარა ცოლ-შვილი დარჩა, მეტი არაფერი  ვიცი, გაგვაუბედურეს, გაგვამწარეს, რომ იკითხოთ, ძალიან უწყინარი ბავშვი იყო, 42 წლის იყო, – აცხადებენ მეზობლები.

„უკონფლიქტოდ არაფერი ხდება, ბრალდებული ისეთი პიროვნება არ არის, რომ ადამიანი მოეკლა ჩიტივით. ალბათ, სერიოზული რაღაც იყო. მოკლული შორიდან მყავს ნანახი. დაკავებულის შვილი საბერძნეთშია, ცოლი კი გარდაცვლილია“ , – განაცხადა ბრალდებულის მეზობელმა.

ახლობლები ამბობენ, რომ მანქანების გაქირავების ბიუროში გარდაცვლილი თავად ლერი ლომაშვილმა დაასაქმა და წლების განმავლობაში მათ საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1937 წელს დაბადებული ლ.ლ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გ. მუხაძის ქუჩაზე, ნათლულს – 1977 წელს დაბადებულ კ.გ.-ს, წარსულში დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. კ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ლ.ლ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცებად. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.