ბაჩუკი ქარდავა – ”ოცნების” დაშლის პროცესი უფრო გაღრმავდება”

ბაჩუკი ქარდავა - ”ოცნების” დაშლის პროცესი უფრო გაღრმავდება”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ბაჩუკი, “ქართულ ოცნებაში” საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლით ადრე გარკვეული პროცესები დაიწყო. ვანო ზარდიაშვილი თუ ადრე ამბობდა, რომ პარტიაში რჩება, დღეს აცხადებს, რომ პოლიტიკიდან საერთოდ მიდის. რა ხდება?
– “ქართული ოცნება” არათუ იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნავს, არამედ ბოლო ფაზას უახლოვდება. ქართული პოლიტიკური ცხოვრების უახლესი გამოცდილებიდან ვამბობ – ყველა ხელისუფლების ბოლო ფაზა ზუსტად იდენტური იყო. რღვევის პროცესი ახალი ამბავი ხომ არ არის. სწორედ რღვევის პროცესია დაწყებული “ქართულ ოცნებაში” და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.
ზოგი მათგანი ურთიერთგარჩევებისა და დაპირისპირების შედეგად დატოვებს პარტიას. ზოგიც ამ პარტიაში პერსპექტივას ვერ ხედავს. მომავალ საპარლამენტო სიაში თავის თავს ვერ ხედავს და ამიტომ ალბათ მოვლენებს დაასწრებს და “ქართულ ოცნებას” გაემიჯნება.
ყველა წინამორბედი სახელისუფლო პარტია გაქრა. ნაციონალური მოძრაობა კი კლასიკური გაგებით არის პოლიტიკური პარტია და ამიტომ შეინარჩუნა მან არსებობა. დანარჩენი ყველა პარტია იყო იდეოლოგიის გარეშე, ერთი პირის ინტერესებს მორგებული.
– 2020 წლის არჩევნებზე თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? მესამე ვადით შეძლებს “ოცნება” ხელსიუფლების შენარჩუნებას თუ პოზიციებს დათმობს?
– ქვეყანაში ნამდვილად არის საზოგადოებრივი განწყობა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამას მხოლოდ სოციოლოგები კი არ ამბობენ, ეს განწყობა იგრძნობა ქუჩაში. ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩერო და ჰკითხო, არის თუ არა ხელისუფლებით კმაყოფილი, უარყოფით პასუხს გაგცემთ. ხელისუფლების შეცვლა ხალხის სურვილია და ეს არის არსებული მოცემულობა.
თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ხალხის ლეგიტიმური უფლების წინააღმდეგ წავა, მას მაინც მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ბევრად უფრო მტკივნეული იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. თან არანაირად არ შედის ეს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში. ამიტომ, არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილზეა.
– მესამე ძალის გამოჩენას ელოდებით?
– მე არ მაქვს ასეთი მოლოდინი. პოლიტიკური სპექტრი მაინც გაჯერებულია. ეს მოსწონს ქართველ საზოგადოებას თუ არ მოსწონს, ეს არის, რაც არის. ქართველ ხალხს არჩევანის საშუალება ნამდვილად ექნება. ყველა ამომრჩეველი იპოვის თავის ნიშას, ყველას ექნება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მართალია, ზოგადად პოლიტიკური პარტიები დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ, მაგრამ ნამდვილად არიან პარტიები, რომლებიც შევლენ პარლამენტში და ხალხის ნდობას მოიპოვებენ.
– დაახლოებით რამდენი პარტია შევა?
– მე ველოდები ახალ პარლამენტში ისეთი კონფიგურაციის მიღებას, რომ ჩვენ მომავალში კოალიციური მთავრობა დავაკომპლექტოთ, რაც ნამდვილად შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
– არც “ქართული ოცნება” და არც ნაციონალური მოძრაობა არ აპირებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას და როგორ წარმოგიდგენიათ კოალიციური მთავრობა? გამოკითხვებში სწორედ ისინი ლიდერობენ.
– “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობის სურვილი არათუ ნაციონალურ მოძრაობას, ბევრ სხვა პოლიტიკურ ძალასაც არ აღმოაჩნდა. რაც შეეხება ხელოვნური პარტიების, სატელიტების შექმნას და მათთან თანამშრომლობას, რისი მცდელობა ყოველთვის იყო სახელისუფლო ძალის მხრიდან და ეს პრაქტიკა ახალი არ არის, ეს ხერხი არასდროს ამართლებდა.
მე არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი შეძლებს სატელიტების ისე შექმნას, რომ ეს არ გამოაშკარავდეს და ამას ვერ მიხვდეს ამომრჩეველი.
ოპოზიციურ ფლანგზე მნიშვნელოვანი იქნება პროდასავლური ძალების თანამშრომლობა, პროდასავლური ქოლგის ქვეშ გაერთიანება უკვე პარლამენტში. “ოცნებასთან” არავინ აპირებს თანამშრომლობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ პროდასავლური ოპოზიცია მიაღწევს ამ არჩევნებში გამარჯვებს და მთავრობის დაკომპლექტებას.
– “ოცნების” გარეშე?
– დიახ. მე ამაში დარწმუნებული ვარ.