“ოცნების” სიას შეიძლება ივანიშვილი ჩაუდგეს სათავეში”

“ოცნების” სიას შეიძლება ივანიშვილი ჩაუდგეს სათავეში”პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, არსებობს ინფორმაცია, რომ 2020 წლის საარჩევნო სიას სათავეში თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგეს და თვითონ იყოს პირველი ნომერი. რამდენად რეალური შეიძლება ეს იყოს?
– არ არის გამორიცხული, რომ მართლაც თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს სიის პირველი ნომერი, რადგან “ქართულ ოცნებას” უჭირს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი პარლამენტში დაჯდება და კანონპროექტების წერას დაიწყებს. როგორც კი დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობენ, ის უფლებამოსილებას შეიჩერებს.
ალბათ სიის დაკომპლექტება ისევე იქნება, როგორც 2016 წელს. წარუდგენენ კადრებს, გაესაუბრება თუ არ გაესაუბრება, ეს სხვა თემაა, მაგრამ აუცილებლად თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყოს სიაში.
– ეკა ბესელია ამბობს, რომ ის საერთოდ არ იცნობდა იმ ადამიანებს, ვინც დღეს პარლამენტში “ოცნებას” წარმოადგენენ. ზარდიაშვილი, ოხანაშვილი კომიტეტში გაიცნო.
– კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიღმა შედგა თუნდაც 2016 წლის საარჩევნო სია.
– “ოცნების” გუნდი განახლდება თუ ის ბირთვი დარჩება, ვისაც დღეს პარლამენტში ვხედავთ?
– ორი მოწვევის პარლამენტის წევრებიდან ვინ შეიძლება დარჩეს, მე არც კი ვიცი. “ქართული ოცნებიდან” მესამე მოწვევის პარლამენტში ალბათ არავინ არ იქნება. ახალგაზრდული გუნდის უმრავლესობა ალბათ ახალი მოწვევის პარლამენტშიც გადაინაცვლებს. შეიძლება ზარდიაშვილი და ასეთი ტიპის ხალხი მოარიდონ სიას. თუმცა, ეს ახალგაზრდული გუნდი თავის პოზიციებს მაინც შეინარჩუნებს.
ალბათ, ახალი სახეებიც იქნებიან. მაია მიმინოშვილი, როგორც ჩანს, არჩევს ახალ სახეებს და ისინი იქნებიან კანდიდატები, გადაწყვეტილებას კი ივანიშვილი მიიღებს.
– ხაზარაძე აქცენტს ახალგაზრდებზე და საზოგადოებისთვის თითქმის უცნობ სახეებზე აკეთებს. ამ შემთხვევაში ივანიშვილი რა სტრატეგიას აირჩევს?
– სამწუხაროდ, არ არსებობს სისტემა, როგორ უნდა შემოვიდნენ ახალი სახეები პოლიტიკაში, ეს საკმაოდ რთული ოროცესია.
2016 წელს ვინმე მათიკაშვილს იცნობდა ან ოხანაშვილს?! არავინ. ცხადია, ფართო საზოგადოებას ვგულისხმობ, თორემ თავიანთ წრეში ალბათ იცნობდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ხელისუფლებაშია პოლიტიკური ძალა, მას ახალი სახეების შემოყვანის პრობლემა არ აქვს.
არ მგონია, ივანიშვილმა აქცენტი იმ ხალხზე გააკეთოს, ვინც საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად უცნობია. ისევ საექსპერტო წრეებიდან, ისევ იურისტებიდან იქნებიან ახალი სახეებიც. თუმცა, ივანიშვილს შეუძლია უფრო თამამი იყოს და სრულიად ახალი სახეები შემოიყვანოს განსხვავებით ხაზრაძისგან, რომელსაც პირიქით სჭირდება.
– რა შეგიძლიათ გიორგი კვირიკაშვილის გამოჩენაზე გვითხრათ? ეს იყო მართლაც მოულოდნელი გამოჩენა თუ საჭირო დროს საჭირო ადგილზე გააკეთა განცხადებები?
– კვირიკაშვილის მხრიდან ეს უფრო იყო ნიადაგის მოსინჯვა. ის რეაქციებს ელოდება. რას იზამს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მან ვერ შეძლო მნიშვნელოვანი პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება, რომელსაც ახლა გამოიყენებდა. თუმცა, ურიგო პრემიერი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი პრემიერების ფონზე.
ერთ-ერთი ყველაზე ნორმალური პრემიერი იყო ბოლო 20 წლეულის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ ის ღირსეულ შემოთავაზებას ელოდება.
– ვისთან შეიძლება იყოს?
– ვერ გეტყვით.
– ბესელიასთან ჰქონდა შეხვედრა.
– ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბესელიას დათანხმდეს. ყველაზე რეალისტური ხაზარაძესთან მგონია. თუმცა, არც დავით უსუფაშვილთან გამოვრიცხავ. ახლა ანა დოლიძეც აკეთებს ახალ მოძრაობას, ვნახოთ. მე უფრო ამ მიმართულებით განვიხილავ გიორგი კვირიკაშვილს, ვიდრე ბესელიასთან.
– პოლიტიკაში ასევე დაბრუნება სურს ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას. ამას რითი ხსნით?
– ძალიან უცნაური მეჩვენება ეს. კითხვაზე, თუ როგორ მოხვდა ამ “გაუგებრობაში” ადამიანმა უპასუხა: გაიკითხ-გამოიკითხეს და მომძებნესო. ამიტომ, ახლა მისი ეს სურვილი, რომ პოლიტიკას დაუბრუნდეს, ძალიან მეუცნაურება, რადგან მას თავის დროზე არ გამოუთქვამს ასეთი სურვილი. ამიტომ მიკვირს მისი გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული და ის რაღაცას ელოდება.
– რატომ? შეიძლება ვინმეს სატელიტი იყოს?
– როგორც თვითონ თქვა, თავად არ გასჩენია სურვილი პოლიტიკაში ყოფნის. ამიტომ მეუცნაურება. მე პოლიტიკაში ალტრუიზმის არ მჯერა.