პანიკა მეტროში – მატარებელი სამგორსა და ისანს შორის გვირაბში გაჩერდა

პანიკა მეტროში - მატარებელი სამგორსა და ისანს შორის გვირაბში გაჩერდათბილისის მეტროში შეფერხება იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მგზავრებმა აცნობეს, მატარებლებს გარკვეულ სადგურებში გაჩერება მოუწიათ, მათ შორის ერთი მატარებელი სამგორისა და ისნის სადგურებს შორის გვირაბში გაჩერდა.

თავის მხრივ, სააგენტოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ მეტროს მუშაობის შეფერხების მიზეზი სადგურ „მარჯანიშვილზე“ მოძრავი მატარებელი გახდა, რომელსაც ტექნიკური პრობლემები შეექმნა.

„მატარებელი ტექნიკური ხარვეზით „მარჯანიშვილზე“ იყო გაჩერებული, მაგრამ ვინაიდან მის გაყვანას დასჭირდა დრო, სხვა მატარებლები, რომლებიც მოძრაობდნენ სხვადასხვა სადგურების მიმართულებით, გარკვეული დროით გაჩერდნენ, რათა „მარჯანიშვილზე“ გაჩერებული მატარებლის ხაზიდან უსაფრთხოდ გაყვანა მომხდარიყო“, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მგზავრების ინფორმაციით, მეტროში წარმოქმნილმა პრობლემამ მოქალაქეების ნაწილში პანიკური სიტუაცია შექმნა.

„დაახლოებით 15-20 წუთი იყო მატარებელი გაჩერებული სამგორისა და ისნის სადგურებს შორის. ვაგონები მგზავრებით იყო სავსე, რის გამოც სუნთქვა გვიჭირდა. ერთგვარი პანიკური სიტუაცია იყო“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა.

ამ დროისთვის მეტროში პრობლემა აღმოფხვრილია და მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.