ყოფილი ცოლის და სიდედრის მკვლელობის მცდელობისთვის გ.ს.-ს 16 წელი მიესაჯა

ყოფილი ცოლის და სიდედრის მკვლელობის მცდელობისთვის გ.ს.-ს 16 წელი მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ს.-ს ყოფილ მეუღლესთან მ.ც.-სთან და ყოფილი მეუღლის დედასთან ვ.ე.-სთან ბავშვების ნახვასა და წაყვანასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა.

„2018 წლის 22 დეკემბერს გ.ს.-მ შვილები თავის საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა, საღამოს საათებში კი მ.ც.-სთან და ვ.ე.-სთან საცხოვრებელ ბინაში მივიდა, დარწმუნდა, რომ ყოფილ მეუღლეს და დედამისს ეძინათ, რის შემდეგაც საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელ კართან არსებული ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი გადაჭრა, მასზე რეზინის მილი დააერთა, რომლის მეორე ბოლოც მ.ც.-ს და ვ.ე.-ს საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კარში მიამაგრა. რამდენიმე ხანში ვ.ე.-ს გაეღვიძა, მან გაზის სუნი იგრძნო, რის შემდეგაც დაზარალებულებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 23 დეკემბერს დააკავეს.

ბრალდებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს, განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.