“რატომ დაიჭირეს უგულავა და არ დაიჭირეს ბოკერია?! მიიღებენ იმას, რაც მიიღო სააკაშვილმა”

“რატომ დაიჭირეს უგულავა და არ დაიჭირეს ბოკერია?! მიიღებენ იმას, რაც მიიღო სააკაშვილმა”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ “ახალ თაობას” უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.
– ბატონო ნიკოლოზ, ბოლო პერიოდია გვესმის განცხადებები, რომ ადვოკატების წინააღმდეგ რეპრესიული მანქანა ამუშავდა. რა ხდება?
– სააკაშვილის რეჟიმმაც ადვოკატების დაშინება დაიწყო თავდაპირველად. გახსოვთ ალბათ, ასზე ადვოკატი იქნა დაპატიმრებული, რათა სასამართლო პროცესებზე სრული კარტბლანში ჰქონოდა და ძალიან ბევრმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეებზე გასვლაზე საერთოდ უარი თქვა. იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო ისეთ პირობებში წნეხის ქვეშ მუშაობა, როცა გამამართლებელი განაჩენი 0,01% იყო.
– “ოცნებამაც”იგივე დაიწყო?
– ნელ-ნელა აქეთკენ მივექანებით. როდესაც მოიქოქება რეპრესიული მანქანა, მერე ამის შეჩერება არის შეუძლებელი. სააკაშვილის რეპრესირებული მანქანა რომ იყო ჩართული, იმას ვეღარავინ აჩერებდა, ვერც სააკაშვილი. ყველაფერი იყო ძალადობრივი.
ადვოკატების წინააღმდეგ დაიწყო აქტიური აღვირახსნილი კამპანია. ასეულობით საჩივარია ადვოკატთა ასოციაციაში შესული, ადვოკატების უფლებების შელახვით. ძალიან ბევრი ადვოკატი დაპატიმრებულ იქნა უსაფუძვლოდ. ერთ-ერთი ბოლო იყო ნაირა ოტიაშვილი. რომელიც აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და შემდეგ შეუცვალეს აღმკვეთი ღონისძიება.
– მიზანმიმართული პროცესია?
– რა თქმა უნდა. სულ ახალ ამბავს გეტყვით, ორი დღის წინ, ადვოკატი ვასილ მაისურაძე პოლიციამ დააკავა, როდესაც ის საადვოკატო საქმიანობას ახორციელებდა, იცავდა თავის კლიენტს. ასე პირდაპირ დაადეს ბორკილები ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ უთხრა, მე ვარ ადვოკატი, ვახორციელებ ჩემს საქმიანობასო.
ასევე პირად ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა უკანონობა. პოლიციამ თავისუფლება აღმიკვეთა, არ მომცა საშუალება გადაადგილების და მისი მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი.
– რა მიზნით, რა იყო მოტივი?
– უმიზეზოდ, ჩემი პროვოცირება უნდოდათ. შეურაცხყოფა მოგვაყენეო. ამ დროს მსგავსი არაფერი ყოფილა. თუ იყო, ხომ უნდა გამოეწერად ამის დამადასტურებელი ჯარიმა?!
ამაზე საჩივარი შევიტანე პროკურატურაში და დღემდე გამოძიება არ დაწყებულა. პროკურატურაც უკვე თანამონაწილეა ამ ყველაფრის. როდესაც ვეუბნები, რომ სამხრე კამერები ამოიღეთ და იქ ყველაფერი ნათლად არის დაიქსირებული, პროკურორი მეუბნება, რომ იცით რა, ჩვენ სამხრე კამერებს ვერ ამოვიღებთ, იმიტომ, რომ გამოძიების დაწყებაა საჭირო ამისთვისო. დაიწყონ გამოძიება, მეც ხომ მაგისთვის მოგაკითხეთ, დანაშაულის ნიშნებზეც მიგითითებთ, მაგრამ არ იწყებენ.
ელოდებიან ვადის გასვლას, მერე წაიშლება ის სამხრე კამერები. შემოდებენ საქმეს თაროზე და ვერაფერს ვერ გამოკვეთავენ.
ვაფრთხილებ, თუ წაშლიან, ეს უფრო ცუდია მათთვის. უკვე მერამდენე ადვოკატი მისცეს პასუხისგებაში.
– რის მიღწევას ცდილობენ?
– ეს არის ჩვენი დაშინების მცდელობა. აგერ ლექსო კობაიძე, რომელიც იყო ადვოკატი ერთ-ერთ საქმეზე, პოლიციამ არ შეუშვა და პოლიცია მასზე ძალადობდა. ეს მოხდა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში.
ჩვენ, ადვოკატები, ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ.
– რას აპირებთ?
– ვაპირებთ აქციების ჩატარებას. არ არის გამორიცხული, რომ გავიფიცოთ და საერთოდ არ გავიდეთ პროცესებზე. იმიტომ, რომ ამის გატარება უკვე შეუძლებელია, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.
მე ერთ-ერთმა პირმა მომწერა ამას წინათ, რიგითმა პოლიციელმა დანაშაული ჩაიდინა, რა შუაშია ხელსიუფლებაო. სწორედ რომ შუაშია! რიგითმა პოლიციელებმა მოკლეს ბუტა რობაქიძე და რიგითებმა მოკლეს გირგვლიანი და რიგითებმა დახოცეს სწორედ იმდენი ხალხი. აბა მინისტრი მერაბიშვილი კი არ ისროდა ავტომატს! რიგითებიდან დაიწყო ყველაფერი. რიგითებს თუ ვერ აკონტროლებენ, მაშინ ზემდგომის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
დროა, პარლამენტიც დაინტერესდეს ამ საკითხებით, უამრავი იურისტი და ჩვენი ყოფილი კოლეგაა იქ. ამაზე რეაგირება სასწრაფოდ უნდა მოხდეს, რადგან ეს არის ადვოკატთა კორპუსის დაშინების მცდელობა! როცა ადვოკატს აკავებ, იჭერ, მერე სხვა ადვოკატები ისეთი ომახიანები ვეღარ არიან.
– ზოგადად ქვეყანაშია მძიმე სიტუაცია.
– მაგათ რა ჰგონიათ, ასე ხელწამოსარტყმელები არიან ადვოკატები?! მიიღებენ იმას, რაც მიიღო სააკაშვილმა. სწორედ ადვოკატების აქტიურობამ და ჩვენ მიერ შექმნილმა მტკიცებულებებმა განაპირობა სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი.
ახლაც ასე იქნება. ამათ იდიოტურ ტვინში თუ ასე იხარშება, რომ ერთ-ორს დავიჭერ და მერე ყველა დაშინდება, ძალიან ცდებიან.
– სასამართლო სისტემაზე ზოგადად რას იტყვით?
– რა უნდა თქვა, როცა პარლამენტიდან დეპუტატების და უმაღლესი პირების მხრიდან გვესმის შეფასებები, რომ ესენი დამნაშავეები არიან, ცუდად გვექცეოდნენ, მაგრამ, მოდით, ვაპატიოთ.
ეს პირიქით, დანაშაულის წახალისებაა. ლაშა ნაცვლიშვილის განცხადება რომ ავიღოთ, კაცმა თავისი პირით აღიარა დანაშაული, რომ თურმე ყველა მტკიცებულება ჰქონდა და არ დაიჭირეს და პასუხისგებაში არ მისცეს, მაგალითად, გიგა ბოკერია და იგივე ბაქრაძე.
ეს არის სამოხელეო დანაშაული! დანაშაული ჩაიდინა ვიღაცამ და მას არ იჭერ იმიტომ, რომ მერე ამაზე ევროპა შეშფოთდება. მაშინ ქურდობისთვის რომ ზიან, ისინიც გაუშვან, შიოდათ, არ ჰქონდათ და იმიტომ მოიპარეს. ეს სწორი იქნება?!
– შერჩევითი სამართალია ქვეყანაში?
– შერჩევითი მართლმსაჯულება აღიარა ხელისუფლებამ. ვისაც უნდათ, აპატიებენ და ვისაც უნდათ, არა. ნებისმიერ თავმოყვარე ევროპულ სახელმწიფოში, მსგავსი ტიპის განცხადებების გამო, აუცილებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა და პასუხს მოსთხოვდა ხელისუფლებას.
– ნაცვლიშვილი წყვეტს, ვის დაიჭერენ და ვის არა?
– არ ვიცი, რას ემსახურება ეს განცხადებები. რა, წილი ყარეს, ეს დავიჭიროთ და ეს არაო?
ბოკერიას მიმართ გაცილებით დიდი აგრესია იყო ხალხში, ვიდრე გიგი უგულავას მიმართ, ბოკერია რატომ არ დაიჭირეს?! რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, ვინ დაეჭირათ და ვინ არა?
ეს ყველაფერი აუხსნელი და გაუგებარია. რას აკეთებენ ეს პოლიტიკური პარტიები, არაფრის მაქნისები რომ არიან. დღეს ჩვენ გვყავს ტელევიზორის პოლიტიკოსები. გამოდიან მხოლოდ ტელევიზიით, არანაირი ძალა არ აქვთ, ბერკეტი არ აქვთ ხელისუფლებზე ზეგავლენის.
თამაში მიდის, გაყიდულია ყველა, ერთმანეთს შესისხლხორცებული და ვითომ ოპოზიციონერის თამაშს თამაშობენ. ერთი ეკლესიას ჰქონდა მაღალი ნდობა და აქაც არიეს სიტუაცია და ხალხს თავგზას ურევენ.
სწორედ ეკლესიის ზეგავლენით შეჩერდა მარიხუანას კულტივაცია. ასევე გეიაღლუმები, დღეს ვიღაც-ვიღაცეებს ეკლესია ყელში ცუდათ ეჩხირებათ. ვაფრთხილებ ამ ხალხსჰ რომ სახიფათო თამაში წამოიწყეს. ეკლესიას იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, ამ ხელისუფლებას არც დაესიზმრება.
ასეთ ორკესტრირებულ შეტევას ერთადერთი მიზანი აქვს – შეარყიონ ხალხში ყველაზე პოპულარული ინსტიტუტი.
– ეს არის ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ?
– პატრიარქის წინააღმდეგ და ზოგადად ეკლესიის წინააღმდეგაც. ამ ინსტიტუციის დანგრევა და ჩამოშლა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ!